გზა რუსული საფილტრაციო ბანაკიდან ჯოჯოხეთში - კვირის პალიტრა

გზა რუსული საფილტრაციო ბანაკიდან ჯოჯოხეთში

ასიათასობით უკრაინელი, რომელთაც საფილტრაციო ბანაკის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური წნეხი ვერ გაიარა, რუსეთში გადაანაწილეს. როგორც თავად ამბობენ, სარდაფებსა და ბომბსაფრებში გატარებული საშინელი დღეების შემდეგ ისინი რუსული "ჰუმანიტარული დერეფნით" ვითომ სამშვიდობოს გაიყვანეს, თუმცა უარეს დღეში აღმოჩნდნენ. ათასობით ადამიანმა ოჯახთან კავშირი დაკარგა. მათი ბედი გაიზიარეს მარიუპოლელმა სვეტლანამ და მისმა ოჯახმაც. ოკუპანტებმა ისინი სხვადასხვა ქალაქში გადაიყვანეს.

- მე და ჩემი და გვერდიგვერდ კორპუსში ვცხოვრობდით. ჩვენი ქალაქის აეროპორტი არ მუშაობდა, მაგრამ რუსებმა ჩვენი დაბომბვა სწორედ იქიდან დაიწყეს. ტყუპი ბიჭი მყავდა, ორივე ასთმიანი. სარდაფში ვერ ძლებდნენ, არადა, როგორც კი დაბომბვა დაიწყებოდა, ჩავრბოდით. 5 წლის ბავშვებს ვერაფერს ვუხერხებდით. ასე გაგრძელდა რამდენიმე კვირა. ჩემი მეუღლე, რომელიც ტერიტორიულ თავდაცვაში მსახურობდა, მეხვეწებოდა, ქალაქი დამეტოვებინა, მაგრამ მალე მასთან კავშირი დავკარგე. აპრილის დასაწყისში, როდესაც მარიუპოლი მიწასთან იყო გასწორებული, მედიკამენტების, საკვებისა და წყლის მარაგი ამოგვეწურა. წვიმის წყალს ვასმევდით ბავშვებს. სარდაფში ისედაც ნესტი იყო და ბავშვები უჰაერობისგან იგუდებოდნენ. არც ქუჩაში გასვლა იყო მათთვის შვება - დაბომბვის შემდეგ ჰაერში საშინელი სუნი დგებოდა. გვტკივაო, მკერდზე, ფილტვებზე იკიდებდნენ ხელს. ქმარსა და ოჯახის სხვა წევრებთან კავშირი დაიკარგა და მეშინოდა, რომ ერთმანეთს დავკარგავდით, რუსები კი სულ უფრო ახლოს მოდიოდნენ.

ერთხელ გამთენიას, დღე-ღამის იმ მონაკვეთში, როდესაც ბავშვებს ყველაზე მეტად უჭირდათ სუნთქვა, ერთი ტყუპისცალი სპაზმისგან გალურჯდა და ხელებში ჩაგვაკვდა. ექიმი 15 წუთზე მეტხანს უტარებდა ხელოვნურ სუნთქვას, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ. სიკვდილს ვნატრობდი, ვიფიქრე, დაბომბვა რომ დაიწყება, ქუჩაში გავვარდები-მეთქი, მაგრამ ვერ გავაკეთე, მეორეს დედა სჭირდებოდა. ჩემი შვილი სკოლის ახლოს დავმარხეთ, ფოტო გადავიღე, რომ ოდესმე თუ დავბრუნდებოდით, ადვილად მეცნო.

ახლობელი ექიმის რჩევით რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით, თეთრი ნაჭრები ავიღეთ და ქუჩაში გამოვედით, მაგრამ ცეცხლი გაგვიხსნეს. რამდენიმე კაცი მოცელილივით დაეცა ძირს. კივილი დავიწყეთ, რომ სამშვიდობოს გასვლა გვინდოდა. შვილი მყავდა ჩახუტებული და ვგრძნობდი, ძალა მეცლებოდა. რუსებმა ჯერ შორიდან დაგვიყვირეს, ადგილზე დარჩითო, შემდეგ კი ბავშვი ხელიდან გამომგლიჯეს, გაგვჩხრიკეს, საბუთები და სხვა პირადი ნივთები წაგვართვეს. წყალი ვითხოვე ბავშვისთვის, აქ ბევრი ბავშვია, ადგილზე მივალთ და დალევთო, მოკლედ მიპასუხეს და სადღაც წაგვიყვანეს. ქალაქი ისეთი დანგრეული იყო, ქუჩები ვერ ვიცანი, არც არსებობდა ქუჩა, დასახლება, რაიმე საორიენტაციო ადგილი, რითაც მივხვდებოდით, საით მივდიოდით. როგორც კი ერთმანეთს რამეს გადაულაპარაკებთ, მაშინვე გესვრითო, გაგვაფრთხილეს. მეგონა, საშინელებათა ფილმის მონაწილე ვიყავით.

ჯერ საავადმყოფოს შენობაში შეგვიყვანეს, შემდეგ კი დნრ-ის მოსაზღვრე სოფელში გადაგვიყვანეს. როდესაც სამხედრო კარავთან ძალიან გრძელი რიგი შევნიშნე, ზედამხედველ სამხედროს ვკითხე, რუსეთში მივდივართ-მეთქი. სამშვიდობოს გასვლა ხომ გინდოდათ? მშვიდობა კი მხოლოდ რუსეთშიაო. ამას რომ მეუბნებოდნენ, ვიღაცის განწირული ყვირილი მოგვესმა - სამხედრო კარავში ვიღაცას სცემდნენ, ალბათ, "მშვიდობის სახელით", როგორც გვეუბნებოდნენ, "ჩვენივე სიკეთისთვის". შემდეგ დიდი მრავალფურცლიანი ჟურნალი გამოიტანეს და იქ "დაგვარეგისტრირეს". გვარ-სახელი და მისამართი მკითხეს, კაცმა, რომელიც ჟურნალს ავსებდა, მკითხა, მეორე შვილი სად არისო, დაიღუპა-მეთქი, ვუთხარი და წყალი ვითხოვე. ჩემ გვერდით უკრაინელმა კაცმა თვალით მანიშნა, არ დამელია. ჩემს შვილს სიცხე ჰქონდა, მინდოდა მეთხოვა, ექიმი თუ გყავთ-მეთქი, მაგრამ შემეშინდა...

ოთახები ტენტისმაგვარი ქსოვილით იყო გაყოფილი, მკითხეს, რაიმე დაჯგუფებას ხომ არ მივეკუთვნებოდი, არავითარს-მეთქი. მეუღლე სადააო, დაბომბვაში დაიღუპა-მეთქი, ვუპასუხე როგორც ჯერ კიდევ სარდაფში დამარიგეს. ტანსაცმელი გაგვხადეს და შეგვამოწმეს, სადმე ტატუ ან წარწერა ხომ არ მქონდა. ტელეფონი ჩამომართვეს და მიმოწერა შეამოწმეს. ბოლო სმს-ი ორი თვის წინ გაგიგზავნიათ, ყველაფერი წაშალეთო, მკითხა შუახნის ქალმა, რომელმაც სხეული დამითვალიერა. ინტენსიური დაბომბვის გამო კავშირი არ იყო და ტელეფონი არც გამომიყენებია, ან ვისთან უნდა დამერეკა, დედა და და უცხოეთში ცხოვრობენ, მეტი არავინ მყავს-მეთქი. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ეს სპეცოპერაციაო, ისევ ქალმა დამისვა კითხვა. ვუპასუხე, მე და ჩემი და ისრაელის მიერ დაფინანსებულ კლინიკაში მომვლელებად ვმუშაობდით და პოლიტიკაში არასდროს ჩავრეულვართ, ახლა კი მხოლოდ ის მინდა, მეორე შვილი მაინც გადავარჩინო, ერთი მათგანი, რამდენიმე დღის წინ საკუთარი ხელით დავმარხე-მეთქი. ეს ვისი ბრალია, ჩვენიო?.. - არ ჩუმდებოდა ქალი და ჟურნალში რაღაცას ინიშნავდა. ჩემი ბრალია, მე ვარ დედა, რომელმაც შვილი ვერ გადავარჩინე და დანარჩენს აზრი არა აქვს-მეთქი... თითის ანაბეჭდები აგვიღეს მეც და ჩემს შვილსაც, რომელიც მაღალი სიცხისგან იწვოდა.

ოთახში უამრავი ადამიანი ირეოდა, უმეტესად, დონეცკელი სამხედროები. მათ ფორმით ვცნობ. ერთმანეთს და მათ, ვინც ფსიქოლოგიურად გვამუშავებდნენ, უყვებოდნენ, რომ უამრავი ადამიანი დახოცეს, ათამდე დავითვალეთ, შემდეგ კი თვლა შევწყვიტეთო. ამბობდნენ, რამდენიმე ცოლ-ქმართან კითხვები გაგვიჩნდა, "მათ ვერ გაიარეს" და "ქალები იქ შეიყვანეს"... ანუ იმ უბედურმა ქალებმა ფილტრაცია ვერ გაიარეს. ეს ნიშნავდა, რომ მათთან "კვალიფიცირებულ კადრებს" უნდა ემუშავა.

- ეს ყველაფერი თქვენს დასანახავად ხდებოდა?

- დიახ, ალბათ, ფსიქოლოგიური გავლენის მოსახდენად, იმის საჩვენებლად, რომ თუ რამე ვიცოდით, გვეთქვა. ხელში სიცხიანი, გაოფლიანებული, სუნთქვაგახშირებული შვილი მეჭირა, მიწაზე დაჯდომა უდიდესი შვება იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ ვერც ამას ვახერხებდი. კარგი, შეეშვიო, უბრძანა ქალს ვიღაც სამხრეებიანმა ბიჭმა... სამ-სამად დაგვაყენეს და რაღაც ოთახისკენ წაგვიყვანეს. ოთახში ხის გრძელი სკამები იდგა. გასასვლელში ფურცლებზე ეწერა: ხაბაროვსკი, ტაგანროგი, პრიმორსკი, პერმი... აქ ვიღაცებს სცემენო, მიჩურჩულა შეშინებულმა ქალმა, რომელსაც სამკლავურზე გაუკეთეს წარწერა: "პერმსკი კრაი". თქვენ იქ დაგხვდებათ კეთილმოწყობილი საცხოვრებელი, სამსახური, საბუთებიო, უთხრა ერთმა სამხედრომ და ავტობუსის რიგებისკენ წაიყვანა. შემდეგ გავიგე, რომ ოჯახის წევრებს ცალ-ცალკე ოთახებში ჰკითხავდნენ, უამრავი მათგანი დაიტოვეს. არავინ იცის, სად წაიყვანეს...

იყო შემთხვევა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც სარდაფებში კვირები გაატარეს, ერთმანეთს პურსა და წყალს უნაწილებდნენ, დაკითხვას ვერ გაუძლეს და თავის ან ოჯახის წევრის გადასარჩენად ის ჩაუშვეს, ვინც ბომბსაფარში მასთან ერთად იყო და ფრონტის ხაზზე მყოფ შვილზე, ძმაზე, მამაზე ლოცულობდა. იყო შემთხვევები, რომ ვიღაცებმა თავიანთი ქმედება შემდეგ გაიაზრეს, რუს სამხედროს თავს დაესხნენ, ისინი ან იქვე მოკლეს, ან გააქრეს.

მას შემდეგ, რაც ავტობუსში ჩაგვსხეს, საქმეში "მოხალისეები" ჩაერთვნენ. მათი კოორდინატორი უკრაინელი იყო, ოღონდ რუსული ცნობიერებით. ბავშვისთვის სიცხის დამწევი და წყალი მომცეს, ბუტერბროდები დაგვირიგეს. ბავშვს როგორც კი სიცხემ დაუწია, ოდნავ ამოვისუნთქე და დამეძინა. ქალის სასოწარკვეთილმა ტირილმა გამაღვიძა. არ ვიცი, სად ამოიყვანეს, შვილები დავკარგეო, ტიროდა. "მოხალისე" ამშვიდებდა, ადგილზე რომ მივალთ, ვეცდებით გავარკვიოთო. მან დაიჯერა, ან უბრალოდ დაიღალა და გაჩუმდა. რუსეთში ჩასვლის შემდეგ გავიგე, რომ ასე განგებ აკეთებდნენ, ადამიანებს ტყვეობაში ამყოფებდნენ, ვითომ დოკუმენტების მოწესრიგებას, ოჯახის წევრების პოვნას ჰპირდებოდნენ, ამასობაში კი დრო გადიოდა და ახლობლის პოვნის შანსიც ქრებოდა. ბევრი, იმიტომ, რომ შვილების, დის, დედის გარეშე ვერსად წავიდოდა, დღემდე რუსეთშია. ჯერაც ვერ იპოვეს ერთმანეთი: ვინ სახალინზე, ვინ ტაგანროგში ან ხაბაროვსკში. ზოგს გაუმართლა, ის მაინც იცის, რომელ ქალაქშია მისი შვილი.

მე ერთ ქალაქში მოხუცთა სახელმწიფო თავშესაფარში გამამწესეს მომვლელად. საერთო ოთახში, სადაც ათამდე ქალს გვეძინა, ერთი ლოგინი იდგა, სადაც მე და ჩემს შვილს გვეძინა, ქალებს შევეცოდეთ და პატარა ტუმბოც გვაჩუქეს.

ორი კვირის განმავლობაში ეფ-ეს-ბეს თანამშრომელი გვყავდა მომაგრებული, მუდმივად გვაკონტროლებდა, მაგრამ ქალს, მით უფრო დედას, ყველაფერი შეუძლია. მეც გაქცევაზე დავიწყე ფიქრი. თანამშრომლები ჩვენს გადაბირებაზე მუშაობდნენ, გველაპარაკებოდნენ, რომ ისინი მტრები კი არა, დამხმარეები იყვნენ, რომ ამერიკას, დასავლეთს, ისრაელს უკრაინელები კი არა, მათი მიწები სჭირდებათ, რუსეთი კი "მოძმე ერის სულიერი გადარჩენისთვის იბრძვის".

იქიდან გამოპარვა სასწაულს უდრის, მაგრამ სიცოცხლისთვის ყველაფერი ღირს. დაბალ ანაზღაურებაზე მომუშავე ეფ-ეს-ბეს თანამშრომლებსაც უღირთ, თუ კარგად გადაუხდი. ჩვენც გავრისკეთ და გამოგვივიდა. მე და ჩემი შვილი სამშვიდობოს ვართ. ახლა ჩემი დის გამოხსნას ვცდილობ, ხაბაროვსკშია და მასაც, როგორც ათიათასობით ტყვეს დღეში სამჯერადი საშინელი კვების ფასად ამუშავებენ.