"ნეპტუნებისა“ და „ჰარპუნების“ შიშით, რუსები „კალიბრებს“ სავაჭრო გემებს ამოფარებულნი ესვრიან უკრაინის ქალაქებს - კვირის პალიტრა

"ნეპტუნებისა“ და „ჰარპუნების“ შიშით, რუსები „კალიბრებს“ სავაჭრო გემებს ამოფარებულნი ესვრიან უკრაინის ქალაქებს

რუსი ადმირალების ახალი სამხედრო ეშმაკობა, რომელიც საზღვაო სამართლის შესახებ საერთაშორისო კონვენციას უხეშად არღვევს

რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა ომის ასი დღის განმავლობაშიც ვერ შეასრულა კრემლის თავდაპირველი ბლიცკრიგის გეგმის საზღვაო ნაწილი - ოდესასთან საზღვაო დესანტის გადასხმით უკრაინისთვის შავი ზღვის სანაპიროს ჩაკეტვა და მოლდოვის დნესტრისპირეთისკენ სახმელეთო დერეფნის გაჭრა.

სარაკეტო კრეისერ "მოსკვასა" და დიდი სადესანტო ხომალდIის, "სარატოვის" ჩაძირვის შემდეგ პუტინის თვალში რუსი ადმირალების ერთგვარ რეაბილიტაციად იქცა ის, რომ შავი ზღვის ფლოტის ფრეგატებიდან, კორვეტებიდან და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტებით, ძირითადად, უკრაინის ქალაქების საცხოვრებელ კორპუსებს აფეთქებენ, მაგრამ რუსული ფლოტის მიერ განხორციელებულ აქამდე დაუსჯელ სარაკეტო დაბომბვებს უკვე ბოლო ეღება, რადგან უკრაინამ დანიიდან მიიღო ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების, "ჰარპუნების", გასაშვები სახმელეთო მობილური დანადგარები, რომლებსაც ანალოგიური დანიშნულების უკრაინულ "ნეპტუნებთან" ერთად 280-300 კმ მაქსიმალურ მანძილზე შეუძლიათ მისწვდნენ მოწინააღმდეგის ხომალდებს, ოდესიდან ანექსირებული ყირიმის სევასტოპოლის პორტის გამოსასვლელამდე კი, პირდაპირი ხაზით, სწორედ ამხელა მანძილია.

თუკი უკრაინელებმა ორი „ნეპტუნით“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვა მოახერხეს, რატომ ვერ გაიმეორებენ იმავეს სამჯერ მცირე წყალწყვის სხვა რუსული ფრეგატების ან უფრო პატარა კორვეტების მიმართ?!

ამ რეალურ საფრთხეს რუსეთის შავი ზღვის სარდლობაც აცნობიერებს და ერთგვარ სამხედრო ეშმაკობას მიმართავს, რომ მათი სამხედრო ხომალდები უკრაინელებმა კრეისერ "მოსკვას" გზას არ გაუყენონ.

სადაზვერვო თანამგზავრებიდან გადაღებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ სევასტოპოლის ბუხტიდან გამოსასვლელში თავმოყრილია ექვსი სამოქალაქო სავაჭრო გემი, ხოლო მათ უკან არის ორი რუსული სარაკეტო ფრეგატი, რომლებიდანაც უკრაინული ქალაქების მიმართულებით სტარტს იღებს "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტები.

უკრაინელებმა საპასუხო დარტყმა რომ მოინდომონ, მათ "ნეპტუნებსა" და "ჰარპუნებს" სწორედ ეს სავაჭრო გემები ჩამოეფარება, რომლებსაც AIS-ის ტიპის იდენტიფიკაციის აპარატურა გამორთული აქვთ, რათა უკრაინელებმა რადიოტექნიკური დაზვერვის საშუალებით მათი რუსული სამხედრო ხომალდებისგან გარჩევა ვერ შეძლონ. როდესაც სამხედრო ხომალდები საბრძოლო მოქმედებებისას ფარად იყენებენ სამოქალაქო სავაჭრო გემებს და თანაც მათ კაპიტნებს აიძულებენ, გამორთონ გემის იდენტიფიკაციის ტექნიკური მოწყობილობები, ეს საზღვაო სამართლის შესახებ საერთაშორისო კონვენციის უხეში დარღვევის თვალსაჩინო მაგალითია. ეს იგივეა, შეტევაზე გადასულმა სამხედროებმა წინ ბავშვები და ქალები წაიმ­ძღვარონ, რაც ომის უპირველესი დანაშაულია, თუმცა 2014 წლის თებერვალში ყირიმის ნახევარკუნძულზე გადასული რუსი "მწვანე კაცუნები" სწორედ ასეთ ტაქტიკას იყენებდნენ - უკრაინული სამხედრო ნაწილების ტერიტორიაზე შეღწევისას წინ ადგილობრივ, პრორუსულად განწყობილ აგრესიულ ქალებს უშვებდნენ და მათ ზურგს უკან მდგარნი ავტომატებს უმიზნებდნენ უკრაინელ სამხედროებს.