"ყოველდღიურად ბრძოლებში 60-100 სამხედროს ვკარგავთ, 500-მდე კი იჭრება,“ - პრეზიდენტი ზელენსკი - კვირის პალიტრა

"ყოველდღიურად ბრძოლებში 60-100 სამხედროს ვკარგავთ, 500-მდე კი იჭრება,“ - პრეზიდენტი ზელენსკი

ომის დაწყებიდან სიმბოლური ასი დღის გასვლის შემდეგ შეიძლება ერთგავარი შემაჯამებელი სურათის წარმოდგენა, რა საბრძოლო დანაკარგი აქვთ დაპირისპირებულ მხარეებს ამ ხნის განმავლობაში.

4 ივნისის მონაცემებით, რომელსაც სისტემატურად ანახლებს დამოუკიდებელი საერთაშორისო სამხედრო-ანალიტიკური ბლოგი Oryx-ი (ისინი მებრძოლი მხარეების დანაკარგს ითვლიან განადგურებული, დაზიანებული, მიტოვებული და დაპყრობილი სამხედრო ტექნიკის მიხედვით, მხოლოდ ინტერნეტში გავრცელებულ ფოტო-ვიდეოკადრებზე დაყრდნობით, ასე რომ, დანაკარგის საერთო რაოდენობა ნაკლები ვერ იქნება, მეტი კი - უდავოდ, რადგან ყველა აფეთქებული ტანკისა თუ ჯავშანმანქანის ფოტო შეიძლება გადაღებული ან, მით უმეტეს, ინტერნეტში ატვირთული არ იყოს), ომის მე-100 დღის შედეგები ასეთია:

რუსეთის საბრძოლო დანაკარგი

რუსეთის საოკუპაციო არმიის დანაკარგია 4 214 ერთეული სამხედრო ტექნიკა. მათ შორის არის 751 ტანკი (419 რუსული ტანკი სრულად განადგურებულია, 20 - დაზიანებული, 55 - მიტოვებული, ხოლო 255 ტანკი უკრაინელებმა გამართულ მდგომარეობაში ჩაიგდეს ხელში), 1 500-მდე სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 30 საბრძოლო თვითმფრინავი, 43 შვეულმფრენი, 80 დრონი, ცხრა სამხედრო ხომალდი და კატარღა.

უკრაინის საბრძოლო დანაკარგი

უკრაინის არმიამ დღემდე დაკარგა არანაკლებ 1 122 სამხედრო ტექნიკა, მათ შორის: 187 ტანკი (მათგან 93 მოწინააღმდეგემ ალაფად წაიღო), 382 ჯავშანმანქანა, 25 თვითმფრინავი, 11 შვეულმფრენი, 19 დრონი (მათგან რვა - „ბაირაქტარი“), 18 სამხედრო ხომალდი და კატარღა.

რამდენი მებრძოლი დაეღუპათ მოწინააღმდეგე მხარეებს

აფეთქებული ტანკებისა თუ ჩამოყრილი თვითმფრინავებისგან განსხვავებით, რომელთა ფრაგმენტები სადაზვერვო თანამგზავრიდანაც კი ჩანს, დაღუპული მებრძოლების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა ომის დამთავრებამდე ვერ ხერხდება და ხშირად - ვერც ომის შემდეგომი ათწლეულების განმავლობაში. შორს რომ არ წავიდეთ, ამის სამწუხარო მაგალითები აფხაზეთის ომიდანაც გვაქვს.

უკრაინის ხელისუფლება ყოველდღიურად აქვეყნებს მონაცემებს რუსი ოკუპანტების დანაკარგის შესახებ და მათი მონაცემებით, ომის მეასე დღისთვის ეს როცხვი 30 ათასზე მეტია, მაგრამ სარწმუნოა ეს ციფრი? ნუთუ უკრაინის ომის სამ თვეში რუსეთმა ზუსტად ორჯერ მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე საბჭოთა კავშირმა - ავღანეთის ცხრაწლიან ომში?

სავარაუდოდ, რეალობასთან უფრო მიახლოებულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების, "როსგვარდიის", დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული „არმიების“ პირადი შემადგენლობის საერთო დანაკარგი 17-18 ათასს უახლოვდებოდეს, რაც ასევე ძალიან შთამბეჭდავი ციფრია.

ბრძოლებში დაღუპული უკრაინელებისა და სხვა ქვეყნებიდან ჩასული მოხალისეების (უცხოელი მოხალისეებიდან ყველაზე მეტი დაღუპული, სამწუხაროდ, ქართველებს გვყავს) საერთო რაოდენობა 10 ათასზე მეტი იქნება, რაზეც მეტყველებს თავად პრეზიდენტ ზელენსის ნათქვამიც, ყოველდღიურად ბრძოლებში 60-100 სამხედროს ვკარგავთ, 500-მდე კი იჭრებაო...