"ნიუ-იორკ თაიმსმა" უკრაინის ომში ის აღმოაჩინა, რაზეც "კვირის პალიტრა“ უკვე აგვისტოს ომში ტეხდა განგაშს - კვირის პალიტრა

"ნიუ-იორკ თაიმსმა" უკრაინის ომში ის აღმოაჩინა, რაზეც "კვირის პალიტრა“ უკვე აგვისტოს ომში ტეხდა განგაშს

ცნობილმა და გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა The New York Times -მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური და სენსაციური მასალა იმის შესახებ, რომ საბრძოლო ტექნიკასა და საჭურველში, რომელსაც ასი დღეა რუსი ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებენ, თურმე ძალიან ბევრი დეტალია... დასავლეთის, მათ შორის - ნატოს წევრ ქვეყნებში წარმოებული!

ასეთი დასკვნა გააკეთეს იმ ამერიკელმა სპეციალისტებმა, რომლებიც უკრაინელებმა მიიწვიეს და ნაალაფარი ახალი რუსული სამხედრო ტექნიკა და ჩამოვარდნილი თანამედროვე რუსული რაკეტების ფრაგმენტები გააცნეს. მიკროსქემები, პლატები, ჩიპები, ანტენები, ძრავები - აი, ის არასრული ჩამონათვალი დასავლეთის, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებში წარმოებული დეტალებისა, რომლებიც ამერიკელმა სპეციალისტებმა ნაალაფარ რუსულ ტანკებში, ჯავშანმანქანებსა თუ ჩამოვარდნილი თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ფრაგმენტებში აღმოაჩინეს.

"რა გამოდის, რუსეთი უკრაინას ნატოს წევრ ქვეყნებში წარმოებული სამხედრო ელემენტებითაც იპყრობს?" - კითხულობენ "ნიუ-იორკ თაიმსის" ჟურნალისტები.

ეს კითხვა "კვირის პალიტრამ" 14 წლის წინ დასვა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში შემოჭრილმა რუსმა ოკუპანტებმა თავიანთ საბრძოლო ტექნიკაში ნატოს წევრ ქვეყნებში წარმოებული დეტალები გამოიყენეს.

აგვისტოს ომის დროს "ტიგრის" ტიპის ჯავშანმანქანები თავად რუსეთის არმიისთვისაც ახალი ხილი გახლდათ და დროებით ოკუპირებულ გორის გზაზე ამ რუსულ ჯავშანმანქანებს... ამერიკული წარმოების „"კამინზის"“ ტიპის დიზელის ძრავები მიაქროლებდა! მეტიც - აგვისტოს ომამდე ზუსტად ერთი წლით ადრე საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოფრენილმა რუსულმა საფრონტო ბომბდამშენმა თბილისი-გორის გზის შავშვების მონაკვეთზე მთაზე მდგარ მძლავრ ქართულ რადიოლოკატორს "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის რაკეტა ესროლა.

samx2-1654439364.jpg
ისრაელის ლიცენზიითა და დეტალებით აწყობილ 100-მდე ასეთ უპილოტო "ფორპოსტს" რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისას იყენებს და წერტილოვანი სარაკეტო დარტყმებისთვისაც მოამზადა. უკრაინელებმა, 2015 წლიდან მოყოლებული, არანაკლებ ექვსი ასეთი "ფორპოსტი" ჩამოაგდეს

ეს ლოკატორი დიდი რადიუსით აკონტროლებდა ქართულ ცას და მისი მწყობრიდან გამოყვანა რუსი პილოტების უსაფრთხოებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი გახლდათ (რაც ერთი წლის შემდეგ, აგვისტოს ომის დროსაც დადასტურდა, როდესაც მაინც აგვიფეთქეს ეს ლოკატორი, თუმცა მანამდე მისი დახმარებით ჩვენებმა აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს რამდენიმე რუსული მოიერიშე და ბომბდამშენი თვითმფრინავი). რადილოკატორისკენ გაშვებული რაკეტა ქართველმა მეზენიტეებმა ეკრანზე დროულად აღმოაჩინეს და რადიოლოკატორის გამორთვა მოასწრეს. რუსულმა "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის რაკეტამ დაკარგა გამოსხივების წყარო, რომლისკენაც იყო მიმართული და სოფელ წითელუბანთან დაეცა. მას ხუთიოდე კილომეტრი და რამდენიმე წამი დააკლდა ჩვენს რადიოლოკატორამდე მისაღწევად. რუსული რაკეტა არ აფეთქებულა, ის პოლიგონზე გაიტანეს და გააუვნებლეს.

ჩვენ რაკეტის ჩამოვარდნის ადგილას გაბნეულ მის ფრაგმენტებში აღმოვაჩინეთ ასანთის კოლოფზე მცირე ზომის წითელი ფერის დეტალი, რომელიც არ შეესაბამებოდა საბჭოთა სარაკეტო წარმოების დეტალების ნომენკლატურას. დეტალზე დატანებული ინფორმაციის გაშიფვრის შემდეგ დადგინდა, რომ ის შვეიცარიული ფირმის ნაწარმი იყო და გამოიყენებოდა, როგორც ელექტროკონდენსატორი.

საბჭოთა დროინდელ რაკეტაში ის თავიდანვე ვერ მოხვდებოდა. გამოდის, რომ რუსეთმა ამ რაკეტის მოდერნიზაციის დროს მისი საბჭოთა ანალოგი თანამედროვე და უფრო კომპაქტური შვეიცარიული ელექტროკონდენსატორით შეცვალა.

ეს სწორედ ის შვეიცარიაა, რომელიც ნეიტრალიტეტს აცხადებს და ამტკიცებს, რომ ომში მონაწილე მხარეები მისგან შეიარაღებასა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციას არ ყიდულობენ.

სხვათა შორის, თავის დროზე, როდესაც შვეიცარიული წარმოების თანამედროვე მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა გამოვცადე და ამის შესახებ სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალში" დავწერე, ცოტა ხანში ჩემს ტელეფონზე შვეიცარიიდან ზარი გაისმა და დაჟინებით სცადეს დაედგინათ, საქართველოს რომელი ძალოვანი სტრუქტურის შეიარაღებაში იყო მათ ქვეყანაში წარმოებული ეს შაშხანა და, საერთოდ, როგორ მოხვდა ის საქართველოში. იმედია, ახსნა არ სჭირდება, რომ ბევრის გაგების მსურველნი შვეიცარიაზე შორს გავგზავნე. დღეს კი შვეიცარია უკვე გერმანიასა და დანიას უბლოკავს უკრაინისთვის თვითმავალი საზენიტო დანადგარების, "გეპარდებისთვის", საჭირო 35 მმ კალიბრის ჭურვების მიწოდებას, არადა, უკრაინას თავისი საჰაერო სივრცის დასაცავად თითოეული საზენიტო დანადგარი მართლაც ჰაერივით სჭირდება.

samx3-1654439364.jpg
უკრაინელებმა ომის ას დღეში 23 ასეთი იტალიური "ივეკო" ააფეთქეს, რომლებიც ნატოს წევრი იტალიის, ბელგიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა თუ ჩეხეთის შეიარაღებაშიცაა, თუმცა აფეთქებული ჯავშანმანქანები რუსი ოკუპანტების "რისად" გადანათლული სამხედრო ტექნიკა გახლდათ და რუსეთის არმიის არსენალში 300-ზე მეტი ასეთი ჯავშანმანქანა კიდევ რჩება

კარგი, თავი დავანებოთ ნეიტრალურ შვეიცარიას, მაგრამ განა ნატოსა და ევროკავშირის წევრ გერმანიას, საფრანგეთსა და იტალიას ცოტა წვლილი მიუძღვით რუსეთის არმიის გაძლიერებაში, თანაც­ - აგვისტოს ომის შემდეგ?! გერმანულმა ფირმებმა ხომ ულტრათანამედროვე სატანკო სასროლეთი მოაწყვეს მოსკოვთან ახლოს, სადაც ის რუსი ტანკისტები ვარჯიშობდნენ, ვინც დღეს უკრაინელებს ებრძვის?

განა ფრანგული წარმოების ელექტროოპტიკური სამიზნე აპარატურა არ არის ჩამონტაჟებული ახალ რუსულ ტანკებ­ში?

რუსული ჯავშანმანქანა "რისი" ხომ იგივეა, რაც იტალიური "ივეკო", რომელიც შეიარაღებაში, იტალიის არმიის გარდა, "ნატოს" კიდევ რამდენიმე ქვეყანას ჰყავს?!

ან ისრაელის პოზიცია არ იწვევს გაკვირვებას, როდესაც ის კატეგორიულად აცხადებს უარს უკრაინის სამხედრო დახმარებაზე და მხოლოდ არალეტალური დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის - ჩაფხუტების მიწოდებას თანხმდება?

არადა, „ფორპოსტად“ გადანათლული რუსული სადაზვერვო დრონები, რომელთა დამიზნებით დღეს რუსი ოკუპანტების არტილერია უკრაინულ ქალაქებს ანადგურებს, სხვა არაფერია, თუ არა ისრაელის წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი IAI შეარცჰერ-ი, რომლის რუსეთში ლიცენზიით აწყობის უფლება ისრაელმა მოსკოვს ლამის აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე მისცა, არადა, მანამდე ქართულ არმიას აწვდიდა უპილოტო "ჰერმესებს"!

ნუთუ ისრაელის ეს გარუსებული დრონიც არალეტალური იარაღია, მით უფრო მას შემდეგ, რაც მასზე რუსმა სამხედროებმა მართვადი ბომბებისა და რაკეტების დამონტაჟება დაიწყეს?!

თავად განსაჯეთ, ახლა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შეიარაღებაში ფრანგული "მისტრალის" ტიპის უნივერსალური სადესანტო ხომალდი-შვეულმფრენმზიდი რომ ყოფილიყო, რუსებს უკვე აღებული ექნებოდათ ოდესა?

რუს ადმირალებს ფრანგული სადესანტო ხომალდის, "მისტრალის" შეძენის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც აგვისტოს ომში სევასტოპოლიდან ოჩამჩირის სანაპიროზე საზღვაო დესანტის გადმოსხმას სამ დღე-ღამეზე მეტხანს მოუნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელს არავინ უშლიდა.

სწორედ ამ პრობლემებმა ათქმევინა მაშინ რუსეთის ერთ-ერთ ადმირალს, "მისტრალი" რომ გვქონოდა, ამ სადესანტო ოპერაციას რამდენიმე საათში ჩავატარებდითო". ჰოდა, როგორც ირკვევა, რუსეთმა 2008 წლის ოქტომბერშივე დაიწყო საფრანგეთთან მოლაპარაკება ორი "მისტრალის" შეძენის თაობაზე და, აბა, სარკოზი მეგობარ პუტინს უარით ხომ არ გაისტუმრებდა!

ამ ორი "მისტრალიდან" ერთი რუსეთს შავ ზღვაში უნდა შემოეყვანა „სევასტოპოლის“ სახელით და, ალბათ, კრემლში მაშინვე ჰქონდათ ჩაფიქრებული მისი უკრაინის წინააღმდეგ გამოყენება, არადა, 21 ათასი ტონა წყალწყვის "მისტრალს" მართლაც დიდი საზღვაო დესანტის გადასხმა შეუძლია, რისთვისაც, რუსული დიდი სადესანტო ხომალდებისგან განსხვავებით, სანაპიროსთან ახლოს მისვლა არ სჭირდება და არც მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდება. "მისტრალი" სანაპიროდან 25-30 კმ-ის მოშორებით, ჰორიზონტს მიღმა დრეიფობს და საზღვაო დესანტს - შვეულმფრენებით, ჯავშანტექნიკას კი სწრაფი სადესანტო კატარღებით გზავნის სანაპირო ზოლის დასაპყრობად.

2014 წლის თებერვალში პუტინს სულმა წასძლია და ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპირება-ანექსია დააჩქარა, რამაც მთელ მსოფლიოს გაუჩინა ლოგიკური კითხვა: ნუთუ ამის შემდეგ საფრანგეთი ოკუპანტ რუსეთს მაინც მიჰყიდდა "მისტრალებს"?

ფრანგებმა, დიდი ყოყმანისა და მილიარდი ევროს მოსკოვისთვის დაბრუნების შემდეგ, უარი თქვეს რუსეთისთვის "მისტრალების" მიყიდვაზე, თანაც აღარც სარკოზი იყო საფრანგეთის პრეზიდენტი.სტალინმა ბერიას მოხერხებით ამერიკელებს ყველაზე დიდი საიდუმლო - ატომური ბომბის დამზადების დოკუმენტაცია მოჰპარა და რატომ უკვირთ დასავლეთში, რომ პუტინის აგენტები მათ თანამედროვე სამხედრო თუ ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებსაც წარმატებით სცანცლავენ, ან უარესი - დასავლელი ბიზნესმენები მალულად, ოღონდ დიდი გასამრჯელოს ფასად თავად აწვდიან რუსეთს ისეთ პროდუქციას, რომელსაც რუსეთი იყენებდა საქართველოში შემოსაჭრელად, იყენებს უკრაინის დასანგრევად და გამოიყენებს თავად დასავლეთის წინააღმდეგაც?!