„სასიკვდილო სიურპრიზები“ ანუ ნაღმებიდან მომდინარე საფრთხეები - რა არ უნდა მოიმოქმედოს მოქალაქემ - კვირის პალიტრა

„სასიკვდილო სიურპრიზები“ ანუ ნაღმებიდან მომდინარე საფრთხეები - რა არ უნდა მოიმოქმედოს მოქალაქემ

რედაქციაში უამრავი თხოვნა შემოდის, მეტი ყურადღება დავუთმოთ საკითხს, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები ექსტრემალურ ვითარებაში. როგორც ყოველთვის, ვითვალისწინებთ მკითხველის თხოვნას და ახალ რუბრიკაში მარტივად და გასაგებად ვხსნით, როგორ უნდა იმოქმედონ მოქალაქეებმა არა მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტის, არამედ, უპირველესად, მშვიდობიანობის დროს, ნებისმიერ მძიმე ვითარებასთან გასამკლავებლად, იქნება­ ეს წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი,­ ზვავი, ავტოკატასტროფა,­ ხანძარი, მიწისძვრა თუ სხვა. ვუსუ­რვებთ ჩვენს მკითხველს, ამ რჩევ­ების პრაქტიკულად გამოყენება არასოდეს დასჭირდეთ.­ რუბრიკაში„"სამოქალაქო თავ­დ­­­აცვა"­­ სიამოვნებით ვუპ­ასუ­ხე­ბთ­ ამ საჭირბოროტო­ თემ­ე­ბთან­ დაკავშირებულ­ კითხვ­ე­­ბსაც­, რომელთა გამოგზავნა შეიძლება„"კვირის პალიტრის" საიტზე: www.kvirispalitra.ge გამოქვ­ეყნებული სტატიების კომენტარებში.

ომების დროს და ომების დამთავრების შემდეგაც, არათუ წლების, ათწლეულების განმავლობაშიც რჩება ეს სასიკვდილო საფრთხე, რომელმაც დღემდე მილიონობით ადამიანი - არა მარტო სამხედრო, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქე და მათ შორის ბავშვებიც სამუდამოდ დაასახიჩრა ან შეიწირა კიდეც. ამ საკაცობრიო საშიშროების სახელია ნაღმი.

მიწაში ჩაფლული ნაღმი, განსაკუთრებით - ქვეითსაწინააღმდეგო, დღეს, 21-ე საუკუნის მესამე ათეულის დასაწყისშიც, გლობალური მასშტაბის საფრთხეა და ის არათუ იკლებს, არამედ ყოველი ახალი ომის დაწყებისთანავე, პირიქით, იმატებს, რის მაგალითად რუსეთ-უკრაინის ომის პირველი ასი დღეც გამოდგება.

რა სახის საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს ნაღმებისგან მშვიდობიან მოქალაქეს საბრძოლო მოქმედებების რაიონში ომის დროს და ომის დამთავრების შემდეგაც?

საბრძოლო მოქმედებების თეატრს ქვეით და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით, ხელით ან მექანიკური საშუალებებით, ძირითადად, ის მხარე ნაღმავს, რომელიც თავს იცავს. ამით ის ცდილობს, შეაჩეროს მოწინააღმდეგე ან მისი შეტევის ტემპი მაინც შეანელოს. ეს შედეგს იძლევა არა მარტო საბრძოლო თვალსაზრისით, როდესაც შეტევაზე გადასული ტანკები თუ ჯავშანმანქანები დანაღმულ ველზე ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდებიან, არამედ ფსიქოლოგიურადაც - ამის შემხედვარე მებრძოლს ადგილზე დახვრეტის მუქარითაც ვეღარ აიძულებ, ფეხი დადგას იქ, სადაც ნაღმები ეგულება, ამიტომაც ნაღმები კვლავ რჩება თავდაცვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და ძალზე იაფ სამხედრო საშუალებად, მიუხედავად იმისა, რომ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს მსოფლიოს 163 ქვეყანა არაჰუმანურ იარაღად მიიჩნევს.

როგორი ნაღმები არსებობს და როგორ შეიძლება დაემუქროს ისინი მშვიდობიან მოქალაქეებს?

საინჟინრო ნაღმები შეიძლება მიწაში იყოს ჩაფლული და ამოქმედდეს მასზე ფეხის დადგმით (ქვეითსაწინააღმდეგო) და სატრანსპორტო თუ სამხედრო ტექნიკის გადავლით (ტანკსაწინააღმდეგო). ასევე შეიძლება ადამიანი სიარულის დროს გაბმულ მავთულს გამოედოს და ამით ხეზე მიბმული ნაღმი გაააქტიუროს. უფრო რთული და ძვირად ღირებული ნაღმების ამოქმედება შეიძლება სეისმური ან მოძრაობის დეტექტორებით დისტანციურად, ისე, რომ ადამიანი ნაღმს არც ფეხს დაადგამს და არც სპეციალურად გაბმულ მავთულს წამოედება.

ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი ტექნიკური საშუალება არსებობს იმისთვის, რომ დამალული ნაღმი გააქტიურდეს მაშინაც კი, როცა მის განაღმვას გამოცდილი გამნაღმველი ცდილობს და მაშ, რა ქნას უბრალო მოქალაქემ, რომელსაც ნაღმი მხოლოდ ფილმში თუ უნახავს?

nagmi2-1654440103.jpg
ოთხი სხვადასხვა ტიპის საავიაციო კასეტური სუბელემენტი, რომლებითაც აგვისტოს ომში რუსეთის ავიაცია ქართულ მიწას ბომბავდა და არ არის გამორიცხული, ისინი სადმე მინდვრებში კიდევ იყოს შემორჩენილი. დააკვირდით ამ ფოტოებს და აღმოჩენის შემთხვევაში მათ ხელი არ ახლოთ!

ოქროს წესი, თუკი ნაღმებით საფრთხე დაგემუქრათ

იმდენი ინჟინერული თუ ტაქტიკური სამხედრო ეშმაკობაა დამალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებში, რომ არავის ვურჩევთ, თუნდაც გაიფიქროს მათი განაღმვა, მით უმეტეს - ამის არმცოდნე სამოქალაქო პირს.

თუკი ნაღმისგან საფრთხე დაგემუქრათ, ოქროს წესია, საბრძოლო მოქმედებების ზონაში არავითარ შემთხვევაში ხელით ან ფეხით არ შეეხოთ თქვენთვის უცნობ ნივთს, რაოდენ მიმზიდველად და მდიდრულადაც უნდა გამოიყურებოდეს, რადგან ის შეიძლება ნაღმი-სიურპრიზი აღმოჩნდეს.

ასეთ ნაღმ-სიურპრიზებს ამზადებენ ყველაზე უღირსი სამხედროები, როდესაც მათ ბავშვის სათამაშოებში ამონტაჟებენ ან ცხედრის ქვეშ დებენ იმ გათვლით, რომ ბავშვს სული წასძლევს ლამაზი თოჯინის ასაღებად, ხოლო ცხედარს, ადრე თუ გვიან, გასაპატიოსნებლად მიაკითხავენ.

ნაღმი-სიურპრიზების დამონტაჟების იმდენი დაუჯერებელი ვარიანტი არსებობს, ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს და ყველას მაინც ვერ დავასა­ხელებთ, რადგან მათი მრავალსახეობა დამოკიდებულია დამნაღმველის ავადმყოფურ ფანტაზიაზე.

რაც შეეხება მომწვანო ფერის, მოქალაქისთვის უცნობი დანიშნულების ნივთებს, ჯობს, მათგან თავი შორს დაიჭიროთ, რადგან ეს შეიძლება სახმელეთო ჯარების ნაღმები ან სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს. ასევე უნდა მოერიდოთ ალუმინისგან დამზადებულ, ვერცხლისფერ, მოგრძო, ცილინდრის ფორმის დეტალებს, რომლებიც შეიძლება კასეტური ბომბის აუფეთქებელი ელემენტები აღმოჩნდეს.

ასეთი უცნობი და, სავარაუდოდ, სახიფათო ნივთის აღმოჩენისას მას არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდეთ, სასწრაფოდ გამოიძახეთ პატრული და მათ მოსვლამდე ეცადეთ, ახლოს არავინ მიუშვათ. თუ თქვენი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა, მაინც შექებას დაიმსახურებთ, რადგან თქვენი მოქალაქეობრივი ვალი პირნათლად მოიხადეთ.

რა უნდა ქნათ, თუკი დანაღმულ ველზე აღმოჩნდით?

საბრძოლო მოქმედებების დროს შეიძლება მოწინააღმდეგემ ფრონტის ხაზის სიღრმეში, უშუალოდ თქვენი ქალაქის ქუჩებისა თუ სოფლის მინდვრების დისტანციური დანაღმვა დაიწყოს ავიაციის ან ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების რაკეტების საშუალებით, ანუ მოწინააღმდეგეს თვალით ვერ დაინახავთ, მაგრამ მის მიერ გამოგზავნილი „სასიკვდილო საჩუქრები“ დაგემუქრებათ.

დისტანციური დანაღმვის დროს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი მიწის ზემოთ რჩება, რაც მის აღმოჩენას აადვილებს. უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია სიარულისას ერთმანეთს უკან მიჰყვეთ რამდენიმემეტრიანი დისტანციის დაცვით, ისე, რომ წინ წასულის ნაფეხურებზე იაროთ. ეს მით უფრო საჭიროა ჩამარხულ ნაღმებზე ფეხის დადგმის საშიშროების თავიდან ასაცილებლად.

ყველაზე დიდი საფრთხე, რა თქმა უნდა, გზის გამკვალავს ემუქრება, მაგრამ თუ ის გამოცდილია და შესაბამისი აღჭურვილობაც აქვს ნაღმმძებნის სახით (უკიდურეს შემთხვევაში - წვეტიანი რკინის ჯოხი მაინც, რომლითაც მიწის სიღრმეში, რამდენიმე სანტიმეტრზე, ძალიან ფრთხილად შეამოწმებს ნიადაგს ნაღმის კორპუსის აღმოსაჩენად), მაშინ დანაღმული ველის უხიფათოდ გავლის შანსი იზრდება.

რატომ ითვლება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი არაჰუმანურ იარაღად და მართლაც არის თუ არა ის აკრძალული?

დაწოლის პრინციპით ამოქმედების უნარის მქონე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები იმიტომაც არის ძალზე საშიში, რომ ისინი არ „ინდობს“ არავის, ვინც მას 3 კგ-ზე მეტი ძალით დააწვება, ანუ ამ საშინელი იარაღის პოტენციურ მსხვერპლთა სიაში ბავშვიც კი შეიძლება მოხვდეს.

1999 წლიდან მოქმედებს ოტავის კონვენცია, რომელიც ითვალისწინებს არამიმართული მოქმედების ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგის სრულ განადგურებას. დღემდე ამ კონვენციას მსოფლიოს 163-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი, თუმცა ხელმომწერთა შორის არ არიან ისეთი ზესახელმწიფოები, რომლებიც ყველაზე მეტ ომს იწყებენ და ასიათასობით ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმს იყენებენ, მაგალითად: აშშ, რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი; ასევე ის ქვეყნები, რომლებიც მუდმივად ომობენ: ისრაელი, ირანი, სირია და სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა: სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველოც.

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების საფრთხე საქართველოში

ნაღმებზე აფეთქება დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლის დაწყებას დაემთხვა ცხინვალის რეგიონში, რასაც იმ ფაქტორმაც შეუწყო ხელი, რომ ცხინვალში დისლოცირებული იყო ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსული საინჟინრო გამნაღმველთა პოლკი, რომელშიც ბევრი ადგილობრივი ოსი პრაპორშჩიკიც მსახურობდა და სეპარატისტების განკარგულებაში პირველი ქვეით და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები გამოჩნდა სამაჩაბლოს ქართული სოფლებისკენ მიმავალი შარაგზების დასანაღმავად.

აფხაზეთის ომის დროს "ნაღმურმა ომმა“ სულ სხვა მასშტაბი შეიძინა და თუკი ტყვარჩელიდან ჩამოპარული მოწინააღმდეგე ოჩამჩირე-სოხუმის გზას გვინაღმავდა, ქართული არმია მდინარე გუმისთის მარცხენა ნაპირზე "თესავდა" ნაღმებს, რამაც 1993 წლის 16 მარტის სოხუმის იერიშის მოგერიებას ხელი მართლაც შეუწყო.

2008 წლის აგვისტოს ომში ქართულ არმიას ფართოდ რომ გამოეყენებინა დანაღმვის პრაქტიკა, განსაკუთრებით კი - როკის გვირაბიდან ცხინვალისკენ მომავალ რთულ გზაზე, რუსეთის ჯავშანკოლონების შემოჭრის ტემპის შენელება შეიძლებოდა.

აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე ადამიანი აფეთქდა ყოფილი საბრძოლო მოქმედებების რაიონში დარჩენილ ნაღმებსა თუ კასეტურ ელემენტებთან გაუფრთხილებელი შეხებისას.

გარდა ამისა, სახიფათოა ის რუსული აუფეთქებელი საავიაციო ბომბებიც, რომლებიც შიდა ქართლის, ასევე - სენაკისა და კოპიტნარის მიდამოებში მიწაში ღრმად ჩაეფლო და მათი მოძებნა ვერ მოხერხდა.