აშკარა და დაუჯერებელი: უკრაინის არმია რუსული შვეულმფრენებით იარაღდება...
რუს ოკუპანტებთან უკვე 100 დღე-ღამეზე მეტხანს მიმდინარე ფართომასშტაბიან ომში უკრაინის არმია ძირითადად საბჭოთა დროიდან შემორჩენილ შეიარაღებას იყენებს, რომელსაც ემატება დასავლელი პარტნიორებისგან გამოგზავნილი იარაღი და ასევე, მცირე რაოდენობით, თავად უკრაინაში წარმოებული რამდენიმე ტიპის საბრძოლო კომპლექსიც.
და, ამ ჩამონათვალს დღე-დღეზე გააფართოებს, შეიარაღების მიღების კიდევ ერთი წყარო... რუსული წარმოების შვეულმფრენები!
დიახ, ეს შეიძლება, ერთი შეხედვით, დაუჯერებლად მოჩანდეს, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პერიოდში, ათიოდე წლის წინ, რუსეთში წარმოებული შვეულმფრენები მალე უკრაინაში შეჭრილ, თავად რუს სამხედროებს დაბომბავენ...
ამ უცნაური ისტორიის სათავე 2009 წლიდან იწყება, როდესაც პენტაგონში გამოითქვა სურვილი, რომ ავღანეთის (სადაც ამერიკელები საერთაშორისო კოალიციასთან ერთად სამშვიდობო ოპერაციას ახორციელებდნენ) არმიის დასახმარებლად, მათთვის... რუსული შვეულმფრენები შეეძინათ.
არჩევანი რუსეთის ყაზანის საავიაციო ქარხნის მიერ გამოშვებულ Ми-17В-5 ტიპის მრავალფუნქციურ სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენზე შეჩერდა, რომელიც ჯერ კიდევ 1961 წლიდან წარმოებული კარგად ცნობილი Ми-8-ს მორიგ, თანამედროვე მოდიფიკაციას წარმოადგენდა.
ამერიკელი სენატორების დიდი ნაწილი კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა რუსეთისგან შვეულმფრენების შეძენაზე, მაშინ, როდესაც თავად ამერიკული საავიაციო ფირმები არაერთი ტიპის შვეულმფრენს აწარმოებდნენ - რატომ მივცეთ მილიონები რუსებს, როდესაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელის დამატებით დასაქმება შეგვიძლიაო - ასეთი იყო იმ სენატორების მოსაზრება, რომლებსაც ადგილობრივი ამომრჩევლების გულის მოგება და შესაბამისად საარჩევნო ხმების მიღება სურდათ.
მაგრან პენტაგონის მთავარმა არგუმენტმა გადასწონა - ავღანელი მფრინავები აქამდეც დაფრინავდნენ საბჭოთა/რუსული წარმოების შვეულმფრენებზე და მათი გადამზადება ამერიკულ შვეულმფრენებზე დამატებით დიდ ხარჯებს მოითხოვს და ამის დროც არ არისო...
2011-2014 წლებში რუსეთმა აშშ-ს საერთო ჯამში Ми-17В-5 ტიპის 63 შვეულმფრენი მიჰყიდა, რომლებიც ავღანეთის არმიას გადასცა პენტაგონმა.
2021 წლის სექტემბრამდე, სანამ ამერიკელები რჩებოდნენ ავღანეთში და კიდევ იბრძოდა ავღანეთის არმია, ამ შვეულმფრენებს ინტენსიურად იყენებდნენ და რამდენიმე ჩამოუვარდათ კიდეც.
ამერიკელების ავღანეთიდან გამოსვლისა და ადგილობრივი მთავრობის, თავის არმიასთან ერთად, ჩამოშლის შემდეგ, ავღანელი პილოტების ნაწილი თვითმფრინავებითა და შვეულმფრენებით მეზობელ უზბეკეთში გადაფრინდა და იქ შეაფარეს თავი თალიბების შურისძიებას.
ასე აღმოჩნდა Ми-17В-5 ტიპის შვეულმფრენების ერთი ნაწილი ავღანეთის ტერიტორიის გარეთ, პლუს ის ბორტებიც, რომლებიც კაპიტალურ რემონტს გადიოდნენ, მათ შორის უკრაინაშიც კი.
უკრაინისთვის ახალი ამერიკული სამხედრო დახმარების პაკეტი სხვა შეიარაღებასთან ერთად ითვალისწინებს არანაკლებ 16 ერთეული Ми-17В-5 ტიპის შვეულმფრენის გადაცემას, თითქმის ისეთივეს, როგორებსაც დღეს უკრაინაში შეჭრილი რუსეთის საოკუპაციო არმია იყენებს.
რას წარმოადგენს Ми-17В-5 და რა შეუძლია მას?
ეს, 13 ტონა მასის უნივერსალური შვეულმფრენი 250 კმ/სთ სიჩარით 650 კმ მანძილს ფარავს და შეუძლია 36 შეიარაღებული მედესანტის გადაყვანა ან 4 ტონა საერთო მასის ტვირთის წაღება.
მის სატვირთო სალონში „უაზის“ ტიპის მაღალი გამავლობის მანქანაც თავსდება, ოღონდ მოხსნილი ჭერით. ასევე, შესაძლებელია, ტვირთის ტრანსპორტირება ბაგირზე ჩამოკიდებით.
შვეულმფრენის ფიუზელაჟის ორივე მხარეს შეიძლება სპეციალური ფერმების დამონტაჟება სამ-სამი პილონით, რომლებზეც შეიარაღების დიდი ასორტიმენტი იკიდება - უმართავი რაკეტების გასაშვები ბლოკები (ერთ ზალპად ამ შვეულმფრენს 80 მმ კალიბრის 120 უმართავი საავიაციო რაკეტის გაშვება შეუძლია), ავტომატური ქვემეხები და ყუმბარსატყორცნები, მართვადი ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო კომპლექსები და 500 კგ-იანი საავიაციო ბომბებიც კი.
ომის ასი დღის შემდეგ არსებული ფოტოვიდეო კადრებით დადასტურებულია, რომ უკრაინამ დაკარგა 6 ცალი სხვადასხვა მოდიფიკაციის Ми-8 ტიპის შვეულმფრენი (მათ შორის სამი, „აზოვსტალის“ დამცველების საჰაერო ევაკუაციის დროს ჩამოაგდეს რუსებმა) და 16 ამგვარივე, ოღონდ უფრო თანამედროვე შვეულმფრენის შემატება მისი არმიის არსენალში, ცუდი ნამდვილად არ იქნება...