"ბევრი სელებრითი, ვისთანაც მიმუშავია, თვალდახუჭული მენდობა“ - კვირის პალიტრა

"ბევრი სელებრითი, ვისთანაც მიმუშავია, თვალდახუჭული მენდობა“

მელანია ტრამპი, სარა ჯესიკა პარკერი, ბიონსე, ლენი კრავიცი - ეს ამერიკელი დიზაინერის, ჯოანა მასტროიანის, სამოსის მომხმარებლების არასრული სიაა. ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს და ზაფხულში ბარსელონაში თავისი მეუღლის, გიდეონ ლევინის, ფოტოგამოფენისთვის ემზადება.

როგორია სელებრითებთან მუშაობა და რა არ გადადის მოდიდან? - ამ კითხვებზე ჯოანა მასტროიანი "კვირის პალიტრას" პასუხობს.

- დიზაინერობა ბავშვობიდან მინდოდა. როდესაც პატარა ვიყავი, საბერძნეთში, ერთ-ერთ კუნძულზე, ჩემი ნათლია მამარაგებდა ხოლმე მკერავისთვის საჭირო ხელსაწყოებით. ვუკერავდი თოჯინებს კაბებს, სათამაშოებს - კოსტიუმებს. ამერიკაში საცხოვრებლად ჩამოსვლის შემდეგ ჩემი გატაცება მცირე ბიზნესად ვაქციე. როდესაც მოდისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი დავამთავრე, ჩემი პირველი კოლექცია მსოფლიოში ცნობილმა უნივერმაღმა "ბერგდორფ გუდმანმა" შეიძინა. მოგვიანებით ქრისტიან ლაკრუასთან დავიწყე თანამშრომლობა. ეს იყო ნამდვილი ამერიკული ოცნება, რომელიც ასრულდა და დაიწყო ჩემი საოცარი მოგზაურობა მოდის სფეროში.

- ვინ არის თქვენთვის მისაბაძი?

- ვფიქრობ, რომ ყველაზე საინტერესოდ და შთამბეჭდავად იცვამენ დაფნა გინესი და აირის აპფელი.

leni2-1654441877.jpg
"პანდემიამდე, ლენი კრავიცთან ერთად ვიმუშავე. მას ჩემი კოსტიუმი ეცვა მსოფლიო ტურნეში მონაწილეობისას"

- რომელი სტილი არ გადავა მოდიდან?

- ჩემი შექმნილი სტილი დროს გაუძლებს. როდესაც ვქმნი, ყოველთვის ვიყენებ საუკეთესო ქსოვილს. შტრიხები, ხაზები, ნაკერებიც დროს უნდა უძლებდეს.

- ვინ არის დღეს მოდური?

- ამერიკელი მოდელი, მსახიობი, ტელეწამყვანი რუ პოლი.

- ვინტაჟურ სამოსზე რას ფიქრობთ?

- ძალიან მიყვარს, რადგან ყოველთვის შეიძლება საინტერესო რამეს წააწყდე - კარგი დიზაინერის ნამუშევარს და დიდებულად შექმნილ კონსტრუქციას.

- რომელი სამოსია თქვენთვის ყველა დროში მოდური?

- არქიტექტურული ჟაკეტები, უსახელო მანტოები, ჟილეტები. მამაკაცებს ვურჩევდი, ჩაიცვან კოსტიუმი შავი ან ფერადი შტრიხებით. ჩაცმულობაში მიყვარს მოულოდნელობა, ფერებით თამაში და განსხვავებული ფეხსაცმელი. ქალბატონებს კი გრძელ ჟაკეტებსა და გაშლილ, ფრიალა კაბებს ვურჩევ.

- თქვენ და აირის აპფელი მეგობრობთ.

- ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ. უამრავი რამ გამოვიარეთ ერთად, ბევრი გვიბორიალია ქუჩის ბაზრობებზე, ერთად გაგვიხსნია საღამოები. ის იყო ინსპირაცია ჩემი 2012 წლის კოლექციისა, რომელიც ლინკოლნ ცენტრში წარვადგინე.

- მელანია ტრამპი, ბიონსე, ლენი კრავიცი და კიდევ ბევრი... რთულია მათთვის სამოსის შერჩევა?

- სამივე და კიდევ ბევრი სელებრითი, ვისთანაც მიმუშავია, უნიკალურია თავიანთი პიროვნული მახასიათებლებით. თითოეული მათგანი თვალდახუჭული მენდობა. პანდემიამდე, ლენი კრავიცთან ერთად ვიმუშავე. მას ჩემი კოსტიუმი ეცვა მსოფლიო ტურნეში მონაწილეობისას.

- რომელი დიზაინერია თქვენი შთამაგონებელი?

- მე გარეგნობაზე ორიენტირებული ადამიანი ვარ. როგორც კი საინტერესო რაღაცას წავაწყდები, მეხსიერებაში ვინიშნავ. ერთ-ერთი კოლექცია მეტალზე მომუშავე ცნობილი ფრანგი დიზაინერის შთაგონებით შევქმენი. ზაფხულის წვიმიან დღეს ჭრიჭინა შემოფრინდა ჩემს სამუშაო ოთახში და მან ისეთი მუზა შთამბერა, ამ ინსპირაციით შექმნილი კოლექცია გამოიყენეს ფილმში "სექსი დიდ ქალაქში 2". მატისი იყო ჩემი ინსპირაცია, ასევე - ლილიან ბასმანის ფოტოები, გაუდის ფანტასტიკური ბაღი ბარსელონაში, ბიზანტიური ჯვარი... მე დიდი თაყვანისმცემელი ვარ ბალენსიაგას არქიტექტურული ფორმების. ძალიან კარგად არის გათანამედროვებული 60-იანი წლების სილუეტები.

- გეგმებზე რას გვეტყვით?

- ძალიან გამიტაცა ფოტოგრაფიამ. ახლა ვმუშაობ ჩემი მეუღლის, გიდეონ ლევინის, ფოტოგამოფენაზე, რომელიც ბარსელონაში გაიმართება 16 ივლისიდან 30 სექტემბრამდე. მას ჰქვია "ავედონი სცენის მიღმა". ვინც ამ პერიოდში ბარსელონაში იქნება, არ გამოტოვოთ - ნამდვილად ისიამოვნებთ.