უხილავი უჯრედი, რომელიც ადამიანს სიცოცხლეს „ჩუქნის“ - კვირის პალიტრა

უხილავი უჯრედი, რომელიც ადამიანს სიცოცხლეს „ჩუქნის“

ბოლო ათეულ წლებში მეცნიერებამ დაადგინა, რომ ღეროვანი უჯრედები არა მხოლოდ ახალ სიცოცხლეს აყალიბებს, არამედ ხანდაზმულობის ასაკშიც შეძლებს დაავადებული სხეულიდან დაზიანებული უჯრედები განდევნოს და ჯანმრთელით ჩაანაცვლოს. მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედების კვლევით კაცობრიობას უმძიმეს დაავადებებზე გამარჯვების შესაძლებლობა მისცეს და ბევრი რამ კიდევ წინ არის. ყველაფერი ახალშობილის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შენახვით იწყება. უჯრედები ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე ინახება და საჭირო შემთხვევაში მზად არის მის განსაკურნებლად.

გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმი-მკვლევარი, პროფესორი თეონა…ფარესიშვილი.

- ქალბატონო თეონა, გასულ საუკუნეში აღმოჩენილი ღეროვანი უჯრედების კვლევა ჯერ არ დასრულებულა, რაც მათ ამოუწურავ შესაძლებლობებზე მიუთითებს. რით განსხვავდება ღეროვანი უჯრედები სხვა უჯრედებისაგან?

- თვითგანახლებისა და დიფერენცირების უნარით, რაც ნიშნავს, რომ ღეროვანი უჯრედი წარმოქნის როგორც თავის ზუსტ ასლს - კლონს, ასევე აქვს უნარი, გარდაიქმნას ნებისმიერი ორგანოს უჯრედად, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი ორგანოს ჩამოყალიბებაში, იქნება ეს კანი, ღვიძლი, გული, თვალი თუ სხვა. უჯრედის განახლებადობის თვისების კვლევა მეცნიერებამ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო და ასეთი უჯრედები ძვლის ტვინში აღმოაჩინა. პირველად დაზიანებულ ძვლის ტვინშივე გადაინერგა განახლებადი, ანუ ღეროვანი უჯრედები, რაც წარმატებით დასრულდა. აქედან მოყოლებული, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, დაზიანებული ძვლის ტვინის აღდგენა დღესაც წარმატებულ სამედიცინო პროცედურად ითვლება. შემდეგი კვლევებით ღეროვანი უჯრედები სხვა ორგანოებშიც გამოჩნდა, თუმცა ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ძვალში. სამაგიეროდ, ახალგაზრდა ღეროვანი უჯრედების უდიდესი მარაგი აღმოჩნდა ჭიპლარსა და ემბრიონში. კვლევებით ასევე დადასტურდა, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა უჯრედი, მით უფრო აქვს თვითგანახლების უნარი. ბოლო წლებში აღმოჩნდა ინდუცირებული ღეროვანი უჯრედებიც, რომლებიც კანის უჯრედებიდან ხელოვნური მეთოდით შეიქმნა. ასეთი უჯრედების შესაქმნელად კანის უჯრედებში სხვადასხვა გენი და ცილა შეიყვანეს. კანიდან მიღებული ღეროვანი უჯრედიც სხვა ორგანოების უჯრედებად გარდაიქმნება და განახლების პროცესში ებმება, თუმცაღა, ახალშობილის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები ყველაზე სიცოცხლისუნარიანია. ჭიპლარის ღეროვან უჯრედებს ორგანიზმიდან პლაცენტის მოშორების შემდეგ იღებენ და, პრაქტიკულად, უვადოდ ინახავენ, რომ ნებისმიერ მომენტში შეძლოს იმ ადამიანის მიშველება, ვისაც ჭიპლარი ეკუთვნის.

- საოცარია, რომ ღეროვანი უჯრედების ჩანერგვისას ორგანიზმი მათ არ განდევნის, როგორც ჩვეულებრივ ხდება სხეულში უცხო ნივთიერების მოხვედრისას.

- იმიტომაც ეძებენ თავსებად დონორებს, რათა ეს არ მოხდეს, თუმცა დონორის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისას ორგანიზმის უმნიშვნელო წინააღმდეგობა მაინც ვლინდება, საკუთარი ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების გადანერგვისას კი ორგანიზმთან მათი თავსებადობის პრობლემა არ ჩნდება.

- როგორია გადანერგვის პროცესი? ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ არ ვიცით, როგორია ეს პროცესი.

- ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სახის ღეროვან უჯერედებს ვიყენებთ და რომელი დაავადებების სამკურნალოდ. არსებობს ღეროვანი უჯრედების სისხლში შეშვების მეთოდი, მაგრამ არის მათი ზურგის ტვინში ან კონკრეტულ დაზიანებულ ორგანოში შეყვანის მეთოდებიც. მაგალითად, დაზიანებული სახსრის აღდგენისათვის ღეროვანი უჯრედები სახსარში შეჰყავთ.

- გართულება არც ამ შემთხვევაშია მოსალოდნელი?

- თუ გამოვიყენებთ საკუთარ ღეროვან უჯრედებს, გართულების შესაძლებლობა მინიმუმამდეა შემცირებული, მით უფრო, რომ ღეროვანი უჯრედები, რეგენერაციის უნართან ერთად, ანტიანთებით თვისებებსაც ავლენს...

- ასეთი უნარებით დაჯილდოებული უჯრედი სხვა უჯრედებისაგან აგებულებით არ განსხვავდება?

- ღეროვანი უჯრედებს სხვა უჯერედებისაგან განსხვავებული სტრუქტურა არ გააჩნია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ღეროვანი უჯრედები თავის ფუნქციებს, სავარაუდოდ, გენეტიკურად ჩაპროგრამებული მოცემულობის საშუალებით ასრულებს. რა არის ეს მოცემულობა, ჯერჯერობით შეუსწავლელია, თუმცა ჩვეულებრივი კანის უჯრედებისაგან ხელოვნურად ღეროვანი უჯრედების მისაღებად მეცნიერებს კანის უჯრედებში ცილისა და რამდენიმე გენის ჩამატება დასჭირდათ.

- მე ღეროვან უჯრედებში არა გენეტიკურ პროგრამას, არამედ იმ შეუცნობელი ძალის ხელს ვხედავ, რომელიც სამყაროს წესრიგს განაგებს, თორემ როგორ უნდა ახდენდეს ასეთ სასწაულს ერთი უხილავი უჯრედი, რომელიც ჯერ ადამიანის სიცოცხლეს "აშენებს~, მერე კი უმძიმესი დაავადებების მკურნალადაც გვევლინება...

- ღეროვანი და, კერძოდ, ჭიპლარის სისხლის უჯრედებით ამ ეტაპზე მრავალი დაავადების განკურნების პროცესია შესწავლილი. პარალელურად კიდევ არაერთი დაავადების კველევა მიმდინარეობს. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მუშაობს ახალგაზრდა, განახლებადი ღეროვანი უჯრედების პლაცენტიდან გამოყოფაზე, თუმცა ეს უფრო რთულია, ჭიპლარის სისხლის უჯრედები კი მარტივად შესაგროვებელია. ჭიპლარის უჯრედები პლაცენტის გადაკვანძის შემდეგ დარჩენილია დაახლოებით 20-200 მილილიტრ სისხლში. აქ უამრავი ღეროვანი უჯრედია, რომელთაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს, რომლებიც იკარგება მაშინ, როდესაც მათ არ ვინახავთ.

- დაავადებასთან ბრძოლისას ღეროვანი უჯრედების რაოდენობას თუ აქვს მნიშვნელობა?

- აქვს, რა თქმა უნდა. აუცილებელია, რომ შენახვისას ჭიპლარის სისხლი სუფთა იყოს ბაქტერიული, სოკოვანი დაბინძურებისაგან, ვირუსებისაგან და ა.შ. ამ მიზნით ჭიპლარის სისხლს სისხლის ბანკში გადატანისთანავე ამოწმებენ. შემდეგ ჭიპლარის სისხლისაგან ღეროვან უჯრედებს გამოყოფენ და თხევად აზოტში დაბალ ტემპერატურაზე ინახავენ, პრაქტიკულად, უსასრულო დროით, მანამდე, სანამ მფლობელს მათი გამოყენება დასჭირდება.

- ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში სულაც რომ არ დაავადდეს, ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების გამოყენება, სავარაუდოდ, სიბერის დასამარცხებლად მაინც მოუწევს... უკვე ამბობენ, რომ ღეროვანი უჯრედებით სიცოცხლის გახანგრძლივებაც შეიძლება.

- დიახ, კვლევა ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს და ნაყოფიერადაც, თუმცა დღეს სამკურნალოდ უკვე გამოიყენება ის ღეროვანი უჯრედები, რომლებიც ახალშობილის მშობლებმა რამდენიმე წლის წინ შეინახეს. როდესაც ამ ბავშვებს აუტიზმი და ცერებრული დამბლა გამოუვლინდათ, სამკურნალოდ საკუთარი ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები მათ საქართველოშივე გადაენერგათ და დიდი წარმატებითაც, შედეგად კი ამ ბავშვების ცხოვრება საგრძნობლად გაუმჯობესდა.

- ანუ საქართველოს სისხლის ბანკში 2006 წლიდან შენახულ ღეროვან უჯრედებს მათი მფლობელები დღეს უკვე სამკურნალოდ იყენებენ?

- დიახ. საკუთარი ჭიპლარი უკვე გამოიყენა რამდენიმე პაციენტმა ცერებრული დამბლისა და აუტიზმის სამკურნალოდ. ორივე დაავადების დროს დარღვეულია თავის ტვინის გარკვეული უჯრედების ფუნქციონირება და როდესაც ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები აღწევს დაზიანებულ უბნებში, ისინი მათ ფუნქციებს აახლებს. ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ჩატარებული ამ პროცედურების წარმატებას არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოჰყვა და ბავშვების მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

- სასიამოვნო ინფორმაციაა.

- დიახ. ღეროვანი უჯრედების მომავალ კვლევებს, ალბათ, მეტი შედეგი მოჰყვება. რასაკვირველია, ეს არ ნიშანს, რომ ამ ეტაპზე ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა განკურნების უნივერსალურ საშუალებად მივიჩნიოთ. იმ პროცედურებით, რომლებიც ღეროვანი უჯრედებით ჩატარდა, გაუმჯობესება აშკარაა, თუმცა გაუმჯობესების ხარისხი ერთნაირი როდია. ეს დამოკიდებულია ინდივიდსა და სიცოცხლის იმ უამრავ მექანიზმზე, რომლებითაც ეს ინდივიდი ღეროვანი უჯრედების გადანერგვას ხვდება...

- ემბრიონის ღეროვანი უჯრედების მარაგზე რას იტყვით?

- ემბრიონში, უკვე ჩასახვის დღიდან, ყევლაზე დიდი რაოდენობით არის ღეროვანი უჯრედები, მაგრამ ემბრიონი ამ დროს უკვე სიცოცხლეა, ამიტომ მისი სამკურნალოდ გამოყენება ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში და, საბედნიეროდ, საქართველოშიც, ეთიკურ დივერსიად ითვლება.

- რომელი დაავადების შემთხვევაშია დადგენილი ღეროვანი უჯრედებით მკურნალობის დადებითი შედეგი?

- ესენია: კარდიოპათია, ღვიძლის დავადებები, აუტიზმი, ჰიდროცეფალია, ცერებრული დამბლა, დიაბეტი და ა.შ.

- ამ ეტაპზე ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ყველა დაავადების სამკურნალოდ არ და ვერ ხდება, ვინაიდან კვლევა­ არ დამთავრებულა. როდის თანხმდებიან ადამიანები, ღეროვანი უჯრედებით სამკურნალოდ კლინიკურ კვლევაში ჩაერთონ?

- ძირითადად, ისეთი დავადებებისას, როდესაც სხვა სახის მკურნალობა ან უშედეგოა, ან არ არსებობს, მაგალითად, ხერხემლის ტრავმების შემთხვევებში. დღეს ამ მიმართულებით ღეროვანი უჯრედებით არაერთი ოპერაციაა ჩატარებული მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც.

- შედეგები?

- შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პაციენტის მოტორიკა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

„ახალშობილის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შენახვის მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება“

bavshvi2-1654442425.jpg

თამარ ანჯაფარიძე, ჰემატოლოგი ჭიპლარის სიხლის ბანკის დირექტორი: "დღეს საქართველოს სისხლის ბანკში განუსაზღვრელი ვადით, კონფიდენციალურად არის შენახული ათასეულობით ახალშობილის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები და შენახვის მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. ახალშობილის ღეროვანი უჯრედების შენახვისთვის სისხლის ბანკსა და კლიენტს შორის ხელშეკრულების გაფორმებაა საჭირო. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ფასი საწყის ეტაპზე არის 780 ევროს ეკვივალენტი ეროვნული ვალუტით, შემდგომ სახელშეკრულებო წლებში კი - 100 ევროს ეკვივალენტი. აქედან ჭიპლარის სისხლის შეგროვებისა და დამუშავების საფასურია 300 ლარი, რისი გადახდის ვალდებულებაც კლიენტს ეკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ის ხელშეკრულებას შეწყვეტს. კლიენტის მიერ სამი თვის განმავლობაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულება წყდება. ფორსმაჟორული შემთხვევების დროს (საომარი სიტუაცია, ბუნებრივი კატაკლიზმები და ა.შ.) მხარეები თავისუფლდებიან ნაკისრი ვალდებულებებისაგან".