ქართული თოჯინა „ოსკაროსანია“ - კვირის პალიტრა

ქართული თოჯინა „ოსკაროსანია“

"ეს პრემია მეთოჯინეთა წრეში ცნობილია "ოსკარის" სახელით და ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მსახიობთათვის კინოაკადემიის პრიზი. მსოფლიოში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი პრემიაა და ამიტომაც ჩემთვის ძალიან საამაყო და სასიხარულოა მისი მიღება," - ამბობს ნანა ყაულაშვილი, რომელმაც გერმანიაში, ქალაქ ნოიშტატში, მიიღო მონაწილეობა კონკურსში, სადაც სამ სხვადასხვა ნომინაციაში სამი ნამუშევარი წარადგინა.

„ნანა ყაულაშვილი პროფესიით ექიმი-ოფთალმოლოგია, მაგრამ პირველი თოჯინა 24 წლის წინ შექმნა.

- დაახლოებით, სამი კვირის წინ დამირეკა ადამიანმა ისრაელიდან და მკითხა, თუ შემეძლო ისეთი თოჯინის შექმნა, როგორსაც მეტყოდა... "კუზია" მულტფილმის გმირია, გამურულსახიანი. როდესაც თოჯინის ფოტო სოციალური ქსელით გავავრცელე, ბევრი მსაყვედურობდა, ასეთი გამურული და სევდიანი თოჯინა რატომ შექმენი, ბავშვებს ხომ, პირიქით, დათრგუნავსო.!.. მაგრამ რა მექნა, დამკვეთის სურვილი შევასრულე. მათ მითხრეს, ბავშვს ასეთი თოჯინა ჰქონდა და ძალიან მტკივნეულად განიცდის, რომ აღარ აქვსო...

რაც შეეხება "ოსკარის" კონკურსში მონაწილეობას, რამდენიმე წელია, მოწვევას მიგზავნიდნენ და, როგორც იქნა, წასვლა გადავწყვიტე. მაქს-ოსკარ-არნოლდის პრემიის შესახებ მართლაც ბევრი რამ არის საინტერესო. მაქს-ოსკარ-არნოლდი ქალაქ ნოიშტატის საპატიო მოქალაქე იყო. ამ ქალაქში პირველ მსოფლიო ომამდე თოჯინების ქარხანა ჰქონდა. მისი სახელობის პრემია, მრავალი ათეული წელია, არსებობს და მსოფლიოში პრესტიჟულად ითვლება. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს თანამედროვე მეთოჯინეობის საუკეთესო ნიმუშების გამოვლენას. წელს კონკურსის გახსნა მართლაც გრანდიოზული იყო: ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სასულე ორკესტრით, ღია კაფეებით, ჯამბაზებით... იმ დღეების განმავლობაში მთელი ქალაქი ამით ცხოვრობდა...

tojina2-1654448480.jpg

კონკურსზე რვა სხვადასხვა ნომინაციაში 74 ნამუშევარი იყო წარდგენილი. ერთ მხატვარს სამი ნამუშევრის წარდგენის უფლება ჰქონდა. მე წარვადგინე ნამუშევრები სამ ნომინაციაზე: საუკეთესი სათამაშო, საუკეთესო ბავშვი თოჯინა, საუკეთესო ხანდაზმული თოჯინა. პრემია "ოსკარი" საუკეთესო ბავშვმა თოჯინამ დაიმსახურა. ნამუშევრები ანონიმურად იყო წარდგენილი, ავტორის და ქვეყნის მითითების გარეშე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჟიურიმ მუშაობა დაასრულა, ავტორების სახელები და ქვეყნები გაამხილეს. საზეიმო დაჯილდოება გაიმართა 25 მაისს ქალაქის მერიაში. დაჯილდოებისას გამაოცა იმან, რომ ყოველი გამარჯვებული ნამუშევრის გამოცხადებისას ჟიური ვრცლად მიმოიხილავდა ამ ნამუშევრის მასალას, ზომებს, კონცეფციას და იდეას... ქალაქის თოჯინების მუზეუმი ყოველწლიურად ერთ თოჯინას იძენს, წელს კი ნოიშტატის თოჯინების მუზეუმმა ორი თოჯინა შეიძინა და ორივე უკრაინელი მეთოჯინის ნამუშევარი იყო. ეს იყო სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატულება.

tojina3-1654448480.jpg

კონკურსზე დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ჩემმა ქართულმა სამოსმა. მეკითხებოდნენ, დიზაინერი ვინ არისო, მე კი ვპასუხობდი, ეს ქართული ეროვნული სამოსია-მეთქი და ძალიან უკვირდათ... იყვნენ ისეთი სტუმრებიც, რომლებმაც არ იცოდნენ, სად არის საქართველო, სანამ კავკასიას არ ვუხსენებდი. ქართული სამოსი მათ განსაკუთრებულად მოსწონდათ და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ქართული სამოსის სახელოსნოს - ნინო ჭყონიას, ნანა ბერიკაშვილსა და მთელ კოლექტივს.