"სამწუხაროდ, არ აღმოვჩნდი ისეთი ძლიერი, რომ მშიერი შვილებისთვის მეყურებინა“ - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, არ აღმოვჩნდი ისეთი ძლიერი, რომ მშიერი შვილებისთვის მეყურებინა“

ბოლო წლებში ქართული ემიგრაცია უფრო გაიზარდა. ჩვენი ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არიან გაფანტული, თუმცა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებენ. მათ შორის არის ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი ლელა ჭანკოტაძე, რომელიც ქართველი ემიგრანტების ცხოვრებაზე გვიამბობს.

ცხოვრება "წმინდა მიწაზე"

- 10 წელია, რაც საქართველოდან წამოვედი. ისრაელში ვცხოვრობ, თელ-ავივთან ახლოს. ისრაელი უსაფრთხოების თვალსაზრისით სამ ზონად არის დაყოფილი. პირველი და მეორე ზონები შედარებით უსაფრთხოა, მესამე კი, აღმოსავლეთით, ღაზის სექტორთან არის ახლოს. ეს შედარებით რთული ზონაა, მაგრამ ებრაელების უმეტესობა იქ ცხოვრებას არჩევს. მე დაბომბვის შიშის გამო პირველი ზონა შევარჩიე. ისრაელის ცას "რკინის გუმბათი" იცავს. ბოლო დაბომბვები რომ იყო, იმ ქალაქს, სადაც ვცხოვრობდი, 205 ბომბი ესროლეს, მაგრამ არც ერთი არ ჩამოვარდნილა. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ სასაზღვრო ქალაქში ჭურვი ჩამოვარდა და მოხუცი ქალი თავის მომვლელთან ერთად დაიღუპა. იცით, ისრაელში ყველაზე მეტად რამ გამაოცა? ამ სიტუაციის როგორ არ ეშინიათ-მეთქი, მაგრამ ახლა ვხვდები: არ ეშინიათ, რადგან ეს მათი სამშობლოა და ისრაელის სახელმწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს თავის მოქალაქეებს. ეს არის ბედნიერი ერი, რომელიც მზადაა, სამშობლოსთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღოს, ამიტომ ყველა სიხარულით მიდის ჯარში, გოგონებიც კი. ქუჩაში ხშირად მხვდებიან ავტომატგადაკიდებული გოგონები, რომლებიც ავტომატს ძლივს ერევიან. აქ ყველა მუშაობს და, ალბათ, ამიტომაც შეძლეს უდაბნოში ასეთი ლამაზი, ძლიერი სახელმწიფოს აშენება.

ემიგრანტის ცხოვრება

- ყველაზე რთული ემიგრაციის პირველი თვეებია. ძალიან მძიმეა განცდა, რომ შენს სამშობლოში ვერ ახერხებ შვილები არჩინო, სხვა ქვეყანაში მიდიხარ სამუშაოდ. მე ყველაფერი ვცადე, პროფესიაც რამდენჯერმე შევიცვალე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მით უმეტეს, რომ პენსიონერი დედა და მცირეწლოვანი შვილები მყავდა, ჩემს მეუღლეს კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. როგორც ყველა, მეც მინდოდა ძველი ხელისუფლება შეგვეცვალა და როცა აქციაზე ათასობით ადამიანთან ერთად ვიდექი, ვფიქრობდი, ამ ხელისუფლებამ ხალხის იმედი რომ არ გაამართლოს, ალბათ, დიდ დეპრესიას გამოიწვევს-მეთქი. ახლა სწორედ ამ მდგომარეობაში ვარ. აღარ მჯერა, რომ უკან დაბრუნებას და ღირსეულ პირობებში ცხოვრებას შევძლებ. სამწუხაროდ, არ აღმოვჩნდი ისეთი ძლიერი, რომ მშიერი შვილებისთვის მეყურებინა. ბევრმა ეს შეძლო, რთული პერიოდი გადალახა და სამშობლოში დარჩა. დღესაც არ ვიცი, რომელი გზაა გამართლებული: დარჩე და ყოფით პრობლემებს შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად შეეჭიდო, თუ წამოხვიდე და მათ ეს პრობლემები აარიდო.

"სკაიპით გაზრდილი თაობა"

- ჩემი შვილების თაობა სკაიპით გაზრდილი თაობაა. ცოტა რთული ხასიათი აქვთ, მაგრამ ძალზე გონიერები და დამოუკიდებლები არიან. ორი გოგონა მყავს. უფროსი უკვე სტუდენტია, უმცროსი მხოლოდ 6 წლის იყო, როცა წამოვედი. ახლაც მახსენდება ის დღე: კართან იდგა და გაოგნებული მიყურებდა. ვერ ხვდებოდა, სად მიდიოდა დედა და რატომ! ახლა ერთ წელიწადში სკოლას დაამთავრებს, ბრწყინვალედ იცის ინგლისური, ფრანგული, გერმანული, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩინურსაც სწავლობს, მაგრამ პრინციპულად არ ისწავლა რუსული ენა. ამას წინათ "სკაიპში" დაინახა, რომ მაგიდაზე რუსული მზესუმზირა მედო და მისაყვედურა, დედა, ისრაელში სხვა მზესუმზირა ვერ ნახე, რუსული რომ არ გეყიდაო?! ერთადერთი მოვალეობა, რაც ჩემს შვილებს აქვთ, სწავლაა. ამ მოვალეობას ორივე საუკეთესოდ ასრულებს და ეს ყველაზე მეტად მახარებს.

ქართველი ებრაელები

- ქართველი ებრაელების ოჯახში ოთხი წელი გავატარე და გაოცებული ვიყავი: მათ უზარმაზარ სახლში მხოლოდ ძველი თბილისის ნახატები იყო გამოფენილი, დიდი "ვეფხისტყაოსანი" ჰქონდათ და ჭადრაკზეც კი "ვეფხისტყაოსნის" ეპიზოდები იყო გამოსახული. ასაკოვანი კაცი, რომელსაც ვუვლიდი, ხშირად მაყოლებდა თბილისის ამბებს, მეკითხებოდა, როგორი იყო ლესელიძის ქუჩა და ნატრობდა, არ მინდა ისე მოვკვდე, იქაური თუთა არ ვჭამოო. სულ მიკვირდა, როგორ ახსოვდა ყველა ქუჩა, ყველა კუთხე-კუნჭული, რომელიც ბავშვობას ახსენებდა. თითქმის ყველა ქართველი ებრაელი უყურებს ქართულ ტელევიზიებს და ყველაფერი იცის საქართველოზე. იმ ოჯახში პერიოდულად ახლაც მივდივარ. საქართველოზე ლაპარაკს რომ დავიწყებთ, შეიძლება მე რაღაც არ ვიცოდე, მაგრამ მათ ყველაფერი იციან!

ემიგრაციიდან დანახული საქართველო

- ჩემი დილა ინფორმაციის მოსმენით და იმის გაგებით იწყება, რა ხდება საქართველოში. უკრაინას მთელი ისრაელი გულშემატკივრობს. ზოგჯერ ღამეში 2-3-ჯერ გამღვიძებია, რომ რაღაც ახალი გამეგო. ისრაელში ჩამოსვლამდე ხუთი წელი საბერძნეთში ვცხოვრობდი და იქ ერთი ზაფხული გეების კუნძულზე გავატარე. სასტუმროში, სადაც ვმუშაობდი, "ცისფერები" მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ. თავიდან ეს ყველაფერი რთული შესაგუებელი იყო, მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრების დროს ახერხებ, ბევრი რამ გადააფასო. ისრაელში წამოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ აქ ანაზღაურება გაცილებით მაღალია. მაგრამ ბოლო ხანებში იმდენი ტერაქტი მოხდა, რომ ავტობუსის გაჩერებაზე დგომისაც კი მეშინია. ტერაქტებისგან აქ არავინაა დაცული, მაგრამ ამ საშიშროებას აბათილებს ის, რომ სახელმწიფო შენზე ზრუნავს: კარგი დაზღვევა და ნორმალური ხელფასი მაქვს, ასევე - დაგროვებითი პენსია, რომელსაც სამშობლოში წამოსვლისას ყველას ატანენ.

რა პრობლემები აქვთ არალეგალებს

- მე სპეციალური პროგრამა გავიარე და საბუთები მოწესრიგებული მაქვს, გამოცდილი ექთანი ვარ, ურთულეს მოხუცებთან მიმუშავია, რაც ისრაელში ძალიან ფასობს. რატომ? ამ ქვეყანაში მუშახელი ძალიან ჭირს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ცდილობენ, არალეგალები არ გააჩერონ. ახლა, როცა ტერაქტები გახშირდა, განსაკუთრებით ფრთხილობენ. ამას წინათ ერთი არაბი ნაჯახით დაედევნა ებრაელებს და ხალხი დახოცა. ცხადია, ამ სიტუაციაში არალეგალების დასაქმებას ყველა ერიდება. ყველაზე გულსატკენი, ალბათ, ის არის, რომ ემიგრანტები საქართველოში დაბრუნებაზე კი არ ვფიქრობთ, გზებს ვეძებთ, რომ სხვა ქვეყანაში წავიდეთ. მე მაგალითად, ვფიქრობ, აქედან ამერიკაში წავიდე. სოციალურ ქსელებშიც ხშირად წერენ, წავლენ და უკან აღარ ბრუნდებიანო... ამას წინათ ერთმა ისიც კი დაწერა, შვილებთან ყოფნას მწვანე დოლარები ურჩევნიათო. ასე არ არის! ზუსტად ვიცი, ახლა რომ დავბრუნდე, იმავე პრობლემების წინაშე აღმოვჩნდები, რაც ათი წლის წინ მქონდა. საქართველოში ყოველ წელიწადს ჩამოვდივარ და ვხედავ, რომ უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. აქ, უცხოეთში, ძალიან ბევრს ვშრომობთ, მაგრამ კარგი ანაზღაურება გვაქვს. რა თქმა უნდა, ემიგრანტის გულისტკივილს ეს ოდნავაც ვერ ანელებს. მე რომ კარგად ვცხოვრობ და კარგი ხელფასი მაქვს, არაფერს ნიშნავს, თუ საქართველოში არაფერი შეიცვლება, თუ ჩემი ქვეყანა უკეთესად არ იცხოვრებს.

ხათუნა ჩიგოგიძე