"წარმოდგენა არ მქონდა საქართველოზე, გარდა იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა იყო" - ვინ არის საქართველოზე შეყვარებული უცხოელი? - კვირის პალიტრა

"წარმოდგენა არ მქონდა საქართველოზე, გარდა იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა იყო" - ვინ არის საქართველოზე შეყვარებული უცხოელი?

ის საოცარი სიყვარულით საუბრობს საქართველოზე. ცოტა ხნის წინ ავსტრიის ერთ ქალაქში რაინჰარდ ფოსტინგერის საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმში თუშეთი, თუშების ყოველდღიურობა და ტრადიციებია ნაჩვენები. რაინჰარდ ფოსტინგერი 2015 წელს ჩამოვიდა საქართველოში და მას შემდეგ 40-ჯერ იმოგზაურა ჩვენთან.

- საქართველოში როდესაც პირველად ჩამოვედი, წარმოდგენა არ მქონდა თქვენს ქვეყანაზე, გარდა იმისა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანა იყო, რომელმაც დამოუკიდებლობა მისი დაშლის შემდგომ მოიპოვა. ჩემი მეგობარი, ნორვარდ ლეტჩერი, სულ მეუბნებოდა, რომ ერთხელ მაინც ჩავსულიყავი და მენახა საქართველო, რადგან ულამაზესი, უდიდესი კულტურის ქვეყანაა, ბრწყინვალე ხალხითო. მოკლედ, თავი რომ არ დამანება, ჩამოვედი და გავოცდი - ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. პირველივე ვიზიტის დროს გადავწყვიტე დაბრუნება და რამე პროექტის გაკეთება. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო თუშეთი, იქ მივხვდი, რომ აღმოვაჩინე ის, რასაც ვეძებდი - მხარე მაღალ მთებში, რომელსაც პატარა, ძალიან ვიწრო და სახიფათო გზა აკაშირებს ქვეყანასთან. თუშები პირველად მაინცდამაინც გულღიად არ შემხვედრიან და ეს გასაგებიცაა - მე ხომ უცხოელი ვიყავი. შემდეგ ნელ-ნელა დავახლოვდით. მეორედ საქართველოში შვილთან ერთად ჩამოვედი და ისიც თუშეთში წავიყვანე. აი მაშინ გადავწყვიტე მტკიცედ ამ მხარეზე ფილმის გადაღება. მე მიყვარს ისეთი ისტორიები, სადაც ადამიანის სული და სიღრმე ჩანს. ამ სიღრმის დანახვას დაახლოებით 20-მდე ვიზიტი მოვანდომე საქართველოში.

ჩემს ფილმს "დროებითი სამშობლო" ჰქვია, იმიტომ, რომ თუშეთში მხოლოდ ზაფხულში ცხოვრობენ, ზამთარში კი რამდენიმე კაცი რჩება.

- თქვენ უნეტარესსა და უწმინდესთან, ილია II-სთანაც გქონდათ ვიზიტი, რომლის შემდეგაც თქვენს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღეთ...

- როგორ წამოვიდგენდი, თუ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიწვევას მივიღებდი. მას 2019 წელს ვეწვიე და შინ გასაოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. იმ დღიდან დავიწყე საქართველოს ისტორიის შესწავლა. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა სვეტიცხოველმა და გადავწყვიტე მართლმადიდებლად მოვნათლულიყავი. 14 ოქტომბერს ანტონ მარტყოფელის პატივსაცემად ანტონის სახელით მოვინათლე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღე.

- "დროებითი სამშობლო" 61-წუთიანი დოკუმენტური ფილმი ჩვენს ქვეყანაზე, უმნიშვნელოანესი პროექტია.

- ის ცოტა უფრო მეტია, ვიდრე დოკუმენტური ფილმი. ჩემთვის ეს უფრო ქვეყნისა და მისი ხალხის სიყვარულის დეკლარირებაა. ფილმში არგონავტებიდან დღემდე, ყველასა და ყველაფერს შევეხე. განსაკუთრებით გამაოგნა თქვენმა რწმენამ, ასევე ღვინის დაყენების ტექნოლოგიამ. მე დიდი მსმელი არ გახლავართ, მხოლოდ ცოტაოდენ კახურ ღვინოს გეახლებით, მაგრამ ძალიან მიყვარს ღვინის დაყენების პროცესი.

გაქრისტიანება, დავით აღმაშენებლის პერიოდი, ავტოკეფალიის დაკარგვა და კვლავ აღდგენა, ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ქვეყნის კულტურა და სილამაზე - ვეცადე ყოველივე ეს გადმომეცა ფილმში. ემოციური კაცი ვარ, თუ რამემ გამიტაცა, მასზე ფიქრს თავიდან ვეღარ ვიგდებ. ამ ფილმში ჩემი ემოციები ჩავაქსოვე. ახლა მეც მათ ჩამონათვალში ვარ, ვინც საქართველოს ეთაყვანება.

- იმედია, თქვენი ფილმის ნახვის შემდეგ ბევრი უცხოელი დაინტერესდება ჩვენი ქვეყნით...

- თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს - ბუნება, კულტურა, ისტორია, რელიგია. მთავარია, ინფორმაცია სწორად მიაწოდოთ ტურისტებს. მე მქონდა საშუალება მენახა წყალტუბო, მაგნიტური ქვიშების სპა ბათუმის ახლოს, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გასაოცარი ხალხი ხართ ქართველები, გასაოცარი ქვეყნით და დიდი მადლობა ამისათვის.

რუსუდან შაიშმელაშვილი