"ჩემს სისხლსა და ხორც ქართველებთან ურთიერთობას რა გამაწყვეტინებს!" - ერთი ღელის და ორი ქვეყნის შვილები - კვირის პალიტრა

"ჩემს სისხლსა და ხორც ქართველებთან ურთიერთობას რა გამაწყვეტინებს!" - ერთი ღელის და ორი ქვეყნის შვილები

რას გვეუბნება საქართველოს ისტორია? იმას, რომ რაც უნდა ცუდი დრო ყოფილიყო, მაინც არსებობდნენ ქვეყნისთვის უჩუმრად, ფუტკარივით მშრომელი ადამიანები. ქვეყანაც სწორედ მათ შეინახეს. დღეს მათ შორის როინ მალაყმაძეც მეგულება მაჭახელიდან. ის რომ არა, ალბათ, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი, მაჭახელის ხეობა, ასე ხელუხლებლად ვერ დარჩებოდა და ვერც თურქეთში გასხვისებულ მაჭახელაში გამოცოცხლდებოდა ის ქართველობა, რომელთაც სული და გული საქართველოსკენ აქვთ. როინ მალაყმაძემ საქართველოს მოწყვეტილი ქართველებისა და ნათესავების გასაცნობად არაერთხელ მოიარა თურქეთის მაჭახელა, ამ დღეებში კი კიდევ ერთი უცნობი ბიძაშვილი ტაოშიც იპოვა, უძველეს ქართულ სოფელ პარხალში. ფოტოს ქვემოთ ბატონი როინის მინაწერია: "მერლინ მალაყმაძე (გულბინი) თურქეთიდან და მე, როინ მალაყმაძე საქართველოდან. ერთი ღელის (მაჭახელის) და ორი ქვეყნის შვილები!"

სულ მალე მაჭახელის ხეობა დაცული ლანდშაფტის სტატუსს მიიღებს, რაც ბატონ როინის დამსახურებაცაა.

avni3-1654451106.jpg
ქართველების მეჩეთი და ქართველების მიერ ხეში გამოკვეთილი კიბე და კარიბჭე

- ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც ხეობის ბედი გადაწყვიტა. 1921 წლის ავბედითი ხელშეკრულებით მაჭახელის ექვსი სოფელი თურქეთს გადაეცა, მაჭახელელებმა თავიანთი სისხლი და ხორცი სამუდამოდ დაკარგეს, რამაც თაობები გააუბედურა და მათ მოსვენება დაუკარგა. უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ძმა ძმას ვერ ნახულობს და დედა - შვილს. საბედნიეროდ, თურქეთთან ურთიერთობის დათბობა ჩემს სტუდენტობას დაემთხვა და, ბუნებრივია, სადისერტაციო თემად თურქეთის ქართველობა ავირჩიე. ბედნიერებაა იმის დანახვა, რომ ამ ხალხს ქართველობა ხელუხლებლად აქვს შემონახული, რასაც ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა წაეშველოს. ჩემი ფუძესოფელი, მალაყმიეთი, თურქეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა და რომ არა ჩემი დიდი პაპის, საზოგადო მოღვაწე მევლუდ მალაყმაძის გადმოსახლება საქართველოსთან ახლოს, შესაძლოა, მეც თურქეთში დავბადებულიყავი. რაც შეეხება ლანდშაფტის ხელუხლებლობის საკითხს, ესეც თურქეთის მაჭახელაში აღმოვაჩინე. პირველივე წლებში დავინახე, როგორ ინარჩუნებდა თურქეთი მაჭახელის სოფლების ხელუხლებელ სილამაზეს, ამ დროს კი საქართველოს მაჭახელაში ბევრს ჰესის აღმართვაზე ეჭირა თვალი, მაგრამ მე თურქეთის მაჭახელელების გამოცდილებით ვიბრძოლე, პროექტი გავაკეთე და აჭარის მთავრობას წარვუდგინე. პარალელურად, საქართველოს მაჭახელა სოფელ-სოფელ შემოვიარე და ხალხს ვესაუბრე, რა უნდა გაგვეკეთებინა აქაურობის ხელუხლებლად შესანარჩუნებლად. საბედნიეროდ, ეს მოხერხდა.

avni2-1654451106.jpg

- თურქეთის ქართველობასთან ისევ ხშირად დადიხართ...

- შედარებით იშვიათად, რადგან აქ ბევრი საქმე მაქვს, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტსაც ვხელმძღვანელობ, მაგრამ ჩემს სისხლსა და ხორც ქართველებთან ურთიერთობას რა გამაწყვეტინებს! როდესაც ამბროლაურიდან ჩემმა მეგობარმა გიორგი ჭელიძემ დამირეკა, რაჭველებს თურქეთში საქართველოს ნახვა გვსურსო და დაგვაკვალიანეო, მეც მათთან ერთად წასვლა გადავწყვიტე. მომინდა, ჩემს მეგობრებს მხოლოდ ცნობილი ისტორიული საქართველო კი არ ენახათ, არამედ ის თითქოს შეუმჩნეველი, აუღიარებელი ქართული საოცრებები, რომლებშიც ქართული სული იგრძნობა. მოკლედ, წავედით და, ყველაფერთან ერთად, ქართველების ის მეჩეთიც მოვინახულეთ, რომლის ჩუქურთმებში საქართველო სუნთქავს. მერე სოფელ პარხლის სასტუმროში შევედით სასაუზმოდ და ერთმანეთს ქართულ სადღეგრძელოებით მოვეფერეთ. როდესაც სადღეგრძელოში ჩემი გვარ-სახელი ითქვა, სასტუმროს დიასახლისმა მოკრძალებით გვკითხა, მალაყმაძე რომელია, მეც მალაყმაძე ვარო. ჩემი მალაყმიეთელი ბიძის, ავნი მალაყაძის, ქალიშვილი აღმოჩნდა. იქიდან ტაოში გამოთხოვილა და სასტუმრო გაუხსნია.

- ავნი მალაყმაძეს იცნობდით?

- თურქეთის მაჭახელაში სიარული რომ დავიწყე, ჩემი ნათესავები და ავნი მალაყმაძეც მაშინ მოვძებნე. მისმა ქალიშვილმა მაშინვე მამას დაურეკა, ჩემთან როინიაო, მამამ კი მიუგო, ჰოდა, ჩვენს როინს კარგად მიეხიზმეთეო. მერე ბევრი ვისაუბრეთ,. Mქალმა თავისი ქართველი ქმრის დაჭერილი მდინარის კალმახიც შეგვიწვა, სურდა, განსაკუთრებული პატივი ეცა.

- მიეხიზმეთე ლაზურად, ალბათ, გამასპინძლებას ნიშნავს...

- დიახ, გამასპინძლებას ნიშნავს. ეს სიტყვა მას შემდეგ თითქოს სულ ჩამესმის, რათა იქითა და აქეთა ქართველების დევიზად ვაქციოთ და მუდამ ვეხიზმეთოთ ჩვენს ქვეყანასა და ერთმანეთს, რომ არ გადავქართულდეთ.