ვაჟა-ფშაველას უთქვამს ამ პატარას ისეთი თვალები აქვს, აუცილებლად სახელგანთქმული კაცი გამოვაო - კვირის პალიტრა

ვაჟა-ფშაველას უთქვამს ამ პატარას ისეთი თვალები აქვს, აუცილებლად სახელგანთქმული კაცი გამოვაო

სიღნაღში კომპოზიტორ სანდრო მირიანაშვილის მემორიალური მუზეუმი დროებით იხურება. როგორც ამბობენ, აგვისტოდან შენობის რესტავრაცია დაიწყება, თუმცა ჯერ არ არსებობს სარესტავრაციო პროექტი და არც ის არის ცნობილი, რამდენად დაცულ ადგილზე გადაიტანენ მუზეუმში გამოფენილ ექსპონატებს.

სიღნაღის სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა ნათია ნადიკაშვილმა გვითხრა, რომ მე-19 საუკუნეში აშენებულ ორსართულიან სახლში, სანდრო მირიანაშვილის მუზეუმი 1998 წელს გაიხსნა. 2008 წელს ძველი შენობის გარე ფასადს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თუმცა შენობა განახლებით სამუშაოებს ისევ საჭიროებს.

,,მუზეუმის შენობის სარდაფი ინესტება, არადა, იქ ბევრი ექსპონატი ინახება. მხოლოდ ის ვიცით, რომ სარესტავრაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ჩაატარებს. ჩემი ინფორმაციით, ჯერ რესტავრაციის გეგმა არ არსებობს. ექსპონატების შესანახავი ფართობის მოძიება კი მერიამ დაიწყო. იმედია, წლის ბოლოს რესტავრირებულ შენობას და ეზოს ჩაგვაბარებენ", - განგვიმარტა ნათია ნადიკაშვილმა.­

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტს უკვე ჩაურიცხეს გრანტის სახით საჭირო თანხა მუზეუმის სარესტავრაციოდ და საქმეს ის უძღვება. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თიკო ოზბეთელაშვილმა­ მხოლოდ ის გვითხრა, რომ სანდრო მირიანაშვილის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და რესტავრაცია პრემიერის ინიცირებული ურბანული განვითარების პროექტით წარიმართება. რადგან შენობას ძეგლის სტატუსი აქვს, პროექტირება და მშენებლობა ძეგლთა დაცვის სააგენტომ ითავა. უკვე მიმდინარეობს პროექტირება. რაც შეეხება მუზეუმში დაცულ ნივთებს, გამოიძებნება ფართობი, სადაც მათ განათავსებენ.

სანდრო მირიანაშვილის მემორიალურ მუზეუმში კომპოზიტორის 10396 ნივთია დაცული, მათ შორის 200-მდე ფერწერული ტილო, უნიკალური ხატების კოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა, მისთვის ნაჩუქარი ნივთები, ეთნოგრაფიული მასალა და ა.შ.

gala5-1654452607.jpg

მარინა ჩახვაშვილი, სიღნაღის სანდრო მირიანაშვილის მუზეუმის მენეჯერი:

- სანდრო მირიანაშვილმა სიცოცხლეშივე გადასცა კულტურის სამინისტროს თავისი ჩანაწერები, წიგნები, საკუთარი ნახატების კოლექცია და სხვა საინტერესო ნივთები. მუზეუმში ინახება ვაჟა-ფშაველას ხელით გამოთლილი ფანდური. სანდრო მირიანაშვილის ბებიის და, ბაბო პეტრიაშვილი, ვაჟას უმცროსი ძმის, სანდროს მეუღლე გახლდათ. 9 თვის ყოფილა სანდრო, ბებია ქეთევანს დის ოჯახში რომ წაუყვანია. ამ დროს ვაჟა საავადმყოფოდან ახალი გამოყვანილი ჰყავდათ ძმის სახლში. სანდროს ტირილზე ოთახიდან გამოუხედავს და ბავშვს მოჰფერებია. შემდეგ კი უთქვამს, ამ მტირალა პატარას ისეთი თვალები აქვს, აუცილებლად სახელგანთქმული კაცი გამოვაო. იმ დღეს ვაჟას სანდროსთვის ლექსიც დაუწერია, რომელსაც სანდროს დედა უბით დაატარებდა, თუმცა ლექსი მაინც დაიკარგა. ვაჟას სწორედ ამ შეხვედრის დროს უჩუქებია ბავშვისთვის საკუთარი ხელით გამოთლილი ფანდური.

- სანდრო მირიანაშვილი არა მარტო ქმნიდა საოცარ სიმღერებს, არამედ კარგადაც ხატავდა.

- სანდრო ხატავდა პეიზაჟებს, ნატიურმორტებსა და კარიკატურებს. დახატული აქვს სიღნაღის ის სახლიც, სადაც დაიბადა და გაიზარდა.

მირიანაშვილებს სანდროსთვის გერმანელი გუვერნანტი ქალი ჰყავდათ დაქირავებული. სწორედ მან ასწავლა მომავალ კომპოზიტორს გერმანული ენა და ფორტეპიანოს დაკვრა. 6 წლისა უკვე შესანიშნავად უკრავდა, 10 წლისა კი სიღნაღის სახალხო თეატრში მუსიკალურად აფორმებდა სპექტაკლებს. ძველ სიღნაღში ხშირად იმართებოდა სალონური საღამოები და სანდრო იქაც უკრავდა. ბავშვის ნიჭი იმდენად შესამჩნევი იყო, რომ ვანო სარაჯიშვილის ძმა, გიორგი გაჰყოლია მის მშობლებს კარდენახში ფორტეპიანოს საყიდლად. მაშინ ბოდბის მონასტერთან არსებობდა მუსიკალური სკოლა და პატარა სანდრო მიაბარეს. იქ ფორტეპიანოს კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის დედა ასწავლიდა - ბიძინა კვერნაძეც სიღნაღელი იყო. გულდასაწყვეტია, რომ სიღნაღში მისი მუზეუმი არ არის. ერთხელ რადიოეთერში ჰკითხეს, იმერელი კვერნაძე ხართო. იწყინა, მხოლოდ გვარის წარმოშობა მაქვს იმერული, თორემ თავიდან ფეხამდე კახელი, სიღნაღში დაბადებული-გაზრდილი ვარო.

gala3-1654452606.jpg

ჩვენს მუზეუმში ინახება 1934 წელს შექმნილი ელენე ახვლედიანის ნაჩუქარი ნახატი - თბილისის პეიზაჟი და მეგობრული შარჟი სანდროს პატარა სკაბრეზული მინაწერით: "რა ვიცი, გივის პალტო კი მიაბარეთ და ჩემი კოსტუმიც არავის არ მოაგონდა. შე ვირისთაო, სხვას თუ არ მოაგონდა, შენ თავი სად გქონდა, მხრებზე თუ ტრ...ზე".

ამ ისტორიული ქალაქის შვილი იყო საქართველოს ბულბული, ვანო სარაჯიშვილიც. მისი ხსოვნის პატივსაცემად გაზაფხულობით ყოველთვის ტარდებოდა სახალხო დღესასწაული ვანოობა. ამ დღისთვის მთელი ქალაქი ირთვებოდა და ყველგან სიმღერის ხმა ისმოდა. ვანოობაზე სანდრო ყველას მასპინძელი იყო.

- მუზეუმში ხატებიც არის გამოფენილი.

- სანდროს პაპა ბოდბის მონასტრის მღვდელი იყო. როცა მონასტერი დაიწვა, სანდრო ეხმარებოდა პაპას მის აღდგენაში. უკვე კომპოზიტორი სანდრო მირიანაშვილი სოფელ-სოფელ დადიოდა და ხალხურ სიმღერებსა და ლექსებს აგროვებდა. მან შექმნა ხალხური სიმღერებისა და ლექსების უდიდესი ფონდი, რომელიც ასევე დაცულია ჩვენს მუზეუმში. სწორედ ასეთი მოგზაურობის დროს შეაგროვა ხატები - ზოგს ჩუქნიდნენ და ზოგსაც პოულობდა, ასუფთავებდა და ინახავდა. მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის უნიკალური ხატი ნაპოვნია სიღნაღი-წნორის გზაზე არსებულ წმინდა გიორგის ტაძართან, ნაგავში. ხატების უმეტესობა დაზიანებულია და აღდგენას საჭიროებს.

gala2-1654452606.jpg

სანდრო ლენინგრადის კონსერვატორიაში სწავლობდა და ამიტომაც ბლოკადაში მოხვდა. იქ შეხვედრია კაცს, რომელსაც ხელნაწერი ნოტები ჰქონია. მომავალ კომპოზიტორს ერთ-ერთზე შტრაუსის ვალსის ფრაგმენტი ამოუცნია. ამ ნოტებში უცნობისთვის ერთი თვის პურის ტალონი უჩუქებია და ხელნაწერი საქართველოში ჩამოიტანა. ამჟამად ის თბილისში, ხელოვნების სასახლეში ინახება. ბლოკადის დროს გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ ხალხს კონცერტებს უმართავდა, თავად კი ერთ დღესაც შიმშილით დაუძლურებული ავად გახდა, მკვდარი ეგონათ და მორგში ჩაიყვანეს. იქ მომუშავე ქალს შეუმჩნევია, რომ სუნთქავდა. ის ქალი, ანასტასია კომანოვა, შემდგომ მისი მეუღლე გახდა. მასთან ორი ქალიშვილი შეეძინა - რუსუდანი და ქეთევანი.

სანდროს ბევრ ცნობილ ადამიანთან ჰქონდა შემოქმედებითი ურთიერთობა, სიმღერა აქვს დაწერილი გალაკტიონის ლექსზე "მერი" და გალაკტიონთან ერთად გადაღებული ფოტოც ინახება ჩვენთან.

gala4-1654452607.jpg

დედაჩემი, ვარა ჩახვაშვილი და სანდრო თითქმის თანატოლები იყვნენ. დედა სიღნაღის ხალხური სიმღერის გუნდში მღეროდა, შემდეგ სანდრომ თავის კვარტეტებში ჩართო. სანდრო მირიანაშვილმა იური გაგარინის კოსმოსში გაფრენას სიმღერა უძღვნა - ,,გაფრენა და გამარჯვება", რომელიც დედამ შეასრულა და ისეთი მოწონება დაიმსახურა, ფირფიტაც გამოსცეს. როცა სანდრო ახმეტელი გაამართლეს, თელავში დიდი კონცერტი გაიმართა. იქ დედამ "დაიგვიანეს" იმღერა.

ის პირველი კომპოზიტორი გახლდათ, რომელმაც სალამური, დოლი და დუდუკი შეიტანა ესტრადაზე. საესტრადო მელოდიები დუეტებისა და ტრიოებისთვისაც პირველად მან დაწერა. ერთხელ ბიძინა კვერნაძეს შეუქია კომპოზიტორთა წრეში, აი, სანდროს რა კარგი რეპერტუარი აქვსო. რევაზ ლაღიძეს უპასუხია, ეს კარგი რეპერტუარი სანდრომ ხალხის წიაღიდან გამოკირკნაო. სანდროს მეამბოხე სულიც ჰქონდა. მონაწილეობდა 1956 წლის 9 მარტის დემონსტრაციაში, ამის გამო ერთხანს დაპატიმრებულიც იყო. მუზეუმში დაცული 52 ლექსიდან ყველა სიყვარულზეა. კომპოზიტორი სითბოსა და სიკეთეს ასხივებდა, რაც მის პოეზიაშიც კარგად ჩანს. ,,მე კი მოვკვდები... წაგივალ და დავიმარხები, გავიყოლებ უკვდავებად მე შენს სიყვარულს", - წერს სანდრო მირიანაშვილი ერთ-ერთ ლექსში.

ნელი ვარდიაშვილი