კოჟაშ შტავალ ანუ კლდის მერცხლები - მარიუპოლის გმირებმა ბევრს ხალდელები გაახსენა - კვირის პალიტრა

კოჟაშ შტავალ ანუ კლდის მერცხლები - მარიუპოლის გმირებმა ბევრს ხალდელები გაახსენა

რუსულმა ჯარმა 1875-1876 წლებში სვანური სოფელი ხალდე მიწასთან გაასწორა და აკრძალა ამ ტერიტორიაზე დასახლება.ის, რაც რუსებმა მოახერხეს საქართველოს სხვა კუთხეებში, ვერ განახორციელეს სვანეთში, რადგან სამთავროს გაუქმების შემდეგაც ვერ შეძლეს რეალურად ამ კუთხის დამორჩილება.1875 წლის მაისში ბალსზემო სვანეთში დაიწყეს მიწების აღწერა. 2 ათასამდე ადგილობრივმა მცხოვრებმა სოფელ კალაში ლაგურკას ეკლესიასთან მე-12 საუკუნის მაცხოვრის ხატზე დაიფიცეს, რომ რუსებს წინააღმდეგობას გაუწევდნენ, - "ხმა დადის ჩვენი მიწების დაბეგვრა უნდათო. თუ ეს მართალი გამოდგა, მაშინ სიცოცხლის პირი არა გვაქვს და მუდამ წვალებას ის გვირჩევნია, ერთ დღეს გავთავდეთ". რუსების მრავალრიცხოვანი ჯარი მიადგა ქვემო სვანეთის კარიბჭეს. შეიპყრეს ბუნტის მოთავეები და ქუთაისის სატუსაღოში გამოამწყვდიეს.ბუნტისთავებად გამოცხადებული 19 კაციდან სამი ვერ შეიპყრეს. რუსებმა ხალდელებს მოსთხოვეს დამნაშავენი გადმოგვეცითო. ხალდელებმა კი რუსები სოფელში არ შეუშვეს, - ავი გამოცდილება ჰქონდათ: ვინც წინა წელს ქუთაისს წაიყვანეს, ყველანი ციხეში დაიხოცნენ. იქ სიკვდილს კი აქ სიკვდილი გვირჩევნიაო. ამრიგად, სადამსჯელო რაზმი ხალდას მიადგა. "ბევრმა არ იცის, რომ აჯანყებულ ხალდელებს სასამართლოზე დიდი ქართველი მგოსანი აკაკი წერეთელი იცავდა. მან მეფის რუსეთის თვითნებობა და ძალმომრეობა ამხილა, მაგრამ რას გახდებოდა?! სამწუხაროდ, გადასახლებიდან მხოლოდ ორი კაცი დაბრუნდა, დანარჩენი 26 ციმბირის მიწაში ჩაწვა..."

- პოეტი და პუბლიცისტი ერეკლე­ საღლიანი ამბობს, რომ საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს გმირი ხალდელები.

- მარიუპოლის გმირებმა ბევრს გაახსენა ხალდელები. ჩემი უზომო პატივისცემა მარიუპოლის გმირებს! მათ მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ გმირები ყველა დროში არსებობენ, თუმცა მათი ხალდელებთან შედარება მაინც არასწორი მგონია და გეტყვით, რატომაც: მარიუპოლის გმირები შეიარაღებული იყვნენ იარაღით, რომელიც რუსეთის ჯარის შეიარაღებას არ ჩამოუვარებოდა. რაოდენობრივადაც გაცილებით მეტი იყვნენ, ხოლო ხალდე ერთი სოფელი იყო. დიახ, ერთი სოფლის მოსახლეობა აღუდგა წინ მეფის რუსეთის ძალმომრეობას...

სოფელ ხალდეში ოთხი გვარი ცხოვრობდა: გასვიანები, ჩეგიანები, ჩოფლიანები, ჯოხაძეები და აი, ამ ოთხმა გვარმა სვანეთს თეთრი ქუდი დაადგა! ჩემს ლექსში გამოყენებული მაქვს ხალდეს აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მომი ჩეგიანის სიტყვები. როცა მას სასამართლოზე ჰკითხეს, ბრძოლას რა აზრი ჰქონდაო, მან უპასუხა, ბრძოლას მუდამ აქვს აზრიო! ხალდეს მოსახლეობა კაჟის თოფებით დაუპირისპირდა ქვემეხებით შეიარაღებულ მეფის რუსეთის ჯარს.

xalde2-1654462010.jpg
ხალდეს აჯანყების მოთავეები (1875-1876 წწ.)

როგორც მარიუპოლის გმირები იყენებდნენ კატაკომბებს, ასევე იყენებდნენ ხალდელები გამოქვაბულებს. ფერდობზე თოკებით დაეშვებოდნენ, ღამით მტერს მუსრს გაავლებდნენ და მერე ისე ქრებოდნენ რუსები გაოგნებული იყვნენ, ვის ვებრძვით, ეს ვისთან გვაქვს საქმეო... დიდხანს გაუძლო ხალდემ, იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მარიუპოლმა. მას შემდეგ რაც ტყვია-წამალი გამოელიათ, რუსები კოშკებთან ახლოს მივიდნენ, შორიდან ქვემეხებით კოშკები რომ ვერ დაანგრიეს, ძირში ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაუწყვეს, ცეცხლი შეუნთეს და ხალდეში, სადაც თითქმის ორ ათეულამდე კოშკი იყო, ყველა კოშკი ააფეთქეს...

ერთ კოშკში გამაგრებული იყო 80 წლის მოხუცი, მახვში ბეგაში. კოშკი რომ აფეთქდა, მთლიანად მიწაზე დაწვა, ისე, რომ არ დარღვეულა. ხალდეში რომ შეხვიდოდით, პირველი, რაც გზაზე გხვდებოდათ, ეს მიწაზე დაწოლილი კოშკი იყო. მერე, როცა სოფელში გზა შეიყვანეს, კოშკი სხვა ადგილას გადაიტანეს, არადა, ჩემი აზრით, იქ უნდა დაეტოვებინათ, რადგან, ფაქტობრივად, მუზეუმი იყო.

როცა ხალდელებმა ნახეს, რომ სოფელი ვეღარ გაუძლებდა, ცოლ-შვილის გახიზვნა დაიწყეს, თვითონ კი თავი მთებს, ტყე-ღრეს მისცეს. უკვე დათოვლილი იყო ხეობები, ჩრდილო კავკასიაში გადასვლას ვერ მოახერხებდნენ და სანამ გაძლებდნენ, მთებში რჩებოდნენ, მაგრამ ცალკე - შიმშილმა, ცალკე - სიცივემ გაუსაძლისად შეაწუხათ. მაშინ მიუმართავს თანამოძმეებისთვის მომი ჩეგიანს, - მაინც ვიღუპებით, უკანასკნელად «გავთბეთ» და გავარღვიოთ ალყაო. მუჯირები (რკინაწამოცმული ხე მთაში სასიარულოდ) დატეხეს და ცეცხლი იმით აანთეს. ცოტა რომ გათბნენ და სიცოცხლის ნიშატი დაუბრუნდათ, თანამოძმეებს მიმართა ჩეგიანმა, ერთ ადგილას სვანი პოლიციელების რაზმი დავინახე, მათში ჩემი ნათლიმამა ამოვიცანი, ისინი გაგვატარებენ, მეტი გზა მაინც აღარ გვაქვსო და ჩაიღიღინა, გაველ, გავხედეო, ჩემი ნათლიმამა დავინახეო და იქვე, კოცონის გარშემო, დაიბადა თავისუფლების საგალობელი "გაულ, გავხე", რომელსაც დღესაც მღერიან სვანეთში. ეს არის თავისუფლების ჰიმნი!

საბედნიეროდ, ხალდელებმა ალყას თავი დააღწიეს, თუმცა სოფელი მტერმა მთლიანად ცეცხლს მისცა. რუსმა გენერალმა ციტოვიჩმა ცნობა გაგზავნა, სადაც წერდა, უნასების ბუდე ამოვაგდეთო... უნასი ქვეწარმავალია და ამ დროს უნასები თავისუფლების მოყვარე ხალდელები იყვნენ თუ დამპყრობლები, უფალმა განსაჯოს! სამწუხაროდ, ის კაცი, ვინც ხალდელები გაატარა, მკაცრად დასაჯეს.

შეუძლებელია ხალდეზე საუბრისას ორი გმირი არ ვახსენოთ. ესენი იყვნენ რუსეთის არმიაში მომსახურე მეზარბაზნეები ლეჩხუმელი ლეთოდიანი და თავაძე. ისინი პოლკოვნიკ წულუკიძის სამხედრო ნაწილში მსახურობდნენ. მათ ევალებოდათ, სოფელ ხალდესთვის ქვემეხები დაეშინათ, მაგრამ ისე ისროდნენ, რომ ყუმბარები სოფლის მიღმა დაცემულიყო. სამწუხაროდ, ეს მეზარბაზნეებიც სასტიკად დასაჯეს.

თავადი თენგიზ დადეშქელიანი, მოწადინებული იყო სამხედრო ჩინი მიეღო და მეფის რუსეთის ხელისუფალთათვის მისაღები კაციც ყოფილიყო. მან ხელში ვერ ჩაიგდო აჯანყების მოთავეები, ამიტომაც მათი ცოლ-შვილი დააპატიმრა. ხალდელები თენგიზ დადეშქელიანს მაინც არ ჩაბარდნენ, არ არგუნეს ეს პატივი და ქუთაისში წავიდნენ და ქალაქში "გაულ, გავხე" სიმღერით შევიდნენ. თოფები შეიხსნეს, დაამსხვრიეს და ასე ჩაბარდნენ მეფის ხელისუფლებას.

ხალდელებს სასამართლოზე დიდი ქართველი მგოსანი აკაკი წერეთელი იცავდა. მან ყველაფერი გააკეთა, მეფის რუსეთის თვითნებობა და ძალმომრეობა რომ ემხილა, მაგრამ რას გახდებოდა?! ყველას ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. სამწუხაროდ, გადასახლებიდან მხოლოდ ორი კაცი დაბრუნდა, დანარჩენები, 26 კაცი, ციმბირის მიწაში ჩაწვნენ. პირველი, ვინც დაბრუნდა, იყო მომი ჩეგიანი. მისი ცოლ-შვილი თავს ქვემო სვანეთში, მის ძმასთან, ივანე ჩეგიანთან აფარებდა. გადასახლების წლები მომიმ ისე გაატარა, წვერი არ მოუპარსავს. რომ დაინახეს, ვერავინ იცნო, მაგრამ სვანურად რომ დაილაპარაკა, მომი ვარო, ფეხზე დაუდგნენ სვანები! დაქცეულ სოფელში დაბრუნებულმა სახლი და ეკლესია ააშენა და ახალსახლობას "გაულ, გავხე" იმღერა...

- დღეს სოფელი ხალდე არსებობს?

- დიახ... იქ საცხოვრებლად პირველი დაბრუნდა ჟიულერ ჯოხაძე, ჩემი თანაკლასელი, არაჩვეულებრივი ადამიანი. ჩვენი სასიქადულო მეცნიერის, გერონტი გასვიანის ვაჟკაცი თორნიკე გასვიანი ზაფხულობით ადის ხალდეში, მეპატიჟება, ჩამოდი, წერე, შენი სხვა არაფერი მინდაო... წელს გახლდით და ნაყოფიერი იყო ჩემი მოგზაურობა ხალდეში, მაგრამ კოშკების გარეშე წარმოუდგენელია იქაურობა.

ხალდელების მაგალითი ამაგრებდა იმ სვანებს, რომელთაც სამჯერ დაამარცხეს მეთერთმეტე წითელი არმიის ნაწილები სვანეთში. 1925 წლამდე სვანეთი ვერ გაასაბჭოეს!