რას მოუტანს ევროკავშირი აფხაზებსა და ოსებს - კვირის პალიტრა

რას მოუტანს ევროკავშირი აფხაზებსა და ოსებს

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის თვითშეფასების კითხვარის მეორე, ბოლო ნაწილი, 10 მაისს წარადგინა. ევროკომისიამ თავისი მოსაზრება უახლოეს კვირებში უნდა წარმოადგინოს, რასაც ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება უნდა მოჰყვეს - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი 24-25 ივნისის სამიტზე გადაწყდება.

რა ბენეფიტებს მიიღებს ამ შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა და გაზრდის თუ არა ეს ქართული მხარით დაინტერესებას. ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისგან განსხვავებით, აფხაზეთში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით დაინტერესებას ორი ფაქტორი განაპირობებს - სავაჭრო ურთიერთობა და განათლება. აფხაზების თქმით, ჯანდაცვის მხრივ ყველაფერი რიგზეა, რადგან ძვირად ღირებულ მკურნალობასა და ოპერაციებზე ასპროცენტიანი დაფინანსება აქვთ, ამაში შედის საცხოვრებელი, კვება და ჯიბის ფულიც. სამედიცინო მომსახურება ძალიან კარგი შეღავათია, მაგრამ აფხაზ ახალგაზრდებს უამრავი ბარიერი ექმნებათ იმის გამო, რომ ქართული მხარე დასავლეთში განათლების შესაძლებლობას არ აძლევს. ამიტომ იძულებული არიან რუსეთის შეთავაზებულ ლიმიტს დასჯერდნენ. "რეგიონში კორუფცია ყვავის, რუსეთის ბენეფიტების გამოყენების შესაძლებლობა ნაცნობობით წყდება, რაც ახალგაზრდებს განათლების მოტივაციას უკარგავს. არის კიდევ ერთი ალტერნატივა - თურქეთი, მაგრამ იქ სწავლისთვის ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნაა საჭირო და კიდევ ფული თავის სარჩენად. რუსეთისა და საქართველოსგან განსხვავებით, თურქეთი ჩვენს სტუდენტებს არც ლიმიტს აძლევს, არც საცხოვრებელს და არც კვების ხარჯს უფარავს. ამიტომ ჩვენს სტუდენტებს იქ სწავლა და მუშაობა ერთდროულად უწევთ. ჩვენს ახალგაზრდებს საქართველოც სთავაზობს განათლების შესაძლებლობას, მაგრამ მათი სასაუბრო ენა რუსულია, საქართველოში კი ქართულ და ინგლისურ ენებზეა სწავლა. ახალგაზრდები იძულებული არიან ისევ აფხაზეთის სასწავლებლებს დასჯერდნენ, იქ მიღებული ცოდნა კი იმდენად არასრულფასოვანია, რომ პარლამენტში მათ დახურვაზეც კი იყო კამათი. ასე რომ, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს სხვადასხვა, ალბათ, ეკონომიკური მიმართულებითაც. ვფიქრობ საქართველოსა და აფხაზეთის სავაჭრო ურთიერთობისთვის ბარიერების მოხსნა ან გამარტივება ძალიან სასარგებლო იქნება, მით უფრო ახლა, როდესაც უკრაინაში ომის გამო რუსეთს სანქციები დაუწესეს და ეს აფხაზეთისთვისაც იქნება საგრძნობი", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბარში სოხუმის მკვიდრი.

ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას დაწესებული საყოველთაო შეზღუდვების გამო რეგიონში აკრძალეს როგორც არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, რადგან, არძინბას მოსაზრებით, ისინი ქართული სპეცსამსახურების ინტერესებს ემსახურებიან და ნებისმიერი პროექტის რეალიზების შემთხვევაში, რომელთაც ქართველები დააფინანსებენ, "მოღალატეობრივ საქმიანობაში იქნებიან მხილებული".

ქართულ მხარესთან სავაჭრო ურთიერთობის აუცილებლობაზე საუბრობს აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელი რუსლან ხაშიგი, რომლის აზრით, დროა "ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების პროცესი გააქტიურდეს". ხაშიგი სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის მომხრეა.

"2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ისე ვიქცევით, თითქოს საქართველო არც არსებობს. არადა, მასთან მოლაპარაკების მდიდარი გამოცდილება გვაქვს. ჟენევის დისკუსიებზე აფხაზეთი მხოლოდ დამკვირვებელია. ეს ფორმატი, რომელიც მიღწეულია მედვედევისა და სარკოზის შეთანხმებებით, უფრო მეტად რუსეთის პოზიციას ასახავს, ვიდრე ჩვენსას. ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი პოზიცია, განსაკუთრებით კავკასიაში, სადაც ახლა შეიძლება გაჩნდეს ახალი პირობები და ურთიერთობის ახალი ფორმატები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო", - მიიჩნევს რუსლან ხაშიგი.მისი აზრით, აუცილებელია საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონება და საქონლის ოფიციალური გაფორმება საბაჟო სამსახურის მეშვეობით. "თვალის დახუჭვა, თითქოს ეს პრობლემა არ არსებობს, ჩვენივე ეკონომიკას აზიანებს. 1990-იან წლებში ჩვენ ქართველი ჟურნალისტები მოვიწვიეთ, რათა ბევრი რამ გაგვერკვია. აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა ხშირად აძლევდა ინტერვიუს ქართველ ჟურნალისტებს. რა დავკარგეთ ამით?.. აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომლითაც აფხაზეთი მსოფლიოსთვის საინტერესო გახდება. ამისთვის საჭიროა მსხვილი საერთაშორისო პროექტები კულტურაში, ეკოლოგიაში, ეთნოგრაფიასა და სპორტში", - განაცხადა რუსლან ხაშიგმა.