"უკრაინელები საკუთარ ქალაქში მძევლებად იქცნენ“ - კვირის პალიტრა

"უკრაინელები საკუთარ ქალაქში მძევლებად იქცნენ“

მარიუპოლის საკრებულოს გამოთვლით, ქალაქში ახლა დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მათი გაყვანა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეუძლებელია - რუსი სამხედროები არ უშვებენ.

"მარიუპოლის ქუჩებში დღემდე ყრია ცხედრები"

50 დღის განმავლობაში ეკატერინამ არ იცოდა, რა დაემართა მის მშობლებს, რომელთაც მარიუპოლიდან წასვლა ვერ მოასწრეს. ქალი გამუდმებით ათვალიერებდა პრორუსულ ტელეგრამარხებს, რომლებიც აქვეყნებდა მარიუპოლის მცხოვრებთა ვიდეოებს და ერთ დღესაც ჰუმანიტარული დახმარების რიგში დედას მოჰკრა თვალი. ვიდეოში ქალი ჰყვებოდა, რომ კარგად იყო, მეუღლე კი ჭურვის ნამსხვრებით ფეხში დაიჭრა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა ზუსტად სად, არ იცოდა.

"ჩატში ვიპოვე ქალბატონი, რომელიც დახმარებას შემპირდა. ცოტა ხანში მაცნობა, რომ ჩემი მამინაცვალი დონეცკის საავადმყოფოში იყო. მოგვიანებით მისი ტელეფონით მამინაცვალთან დარეკვაც შევძელი.

მარიუპოლში დასაბრუნებლად ერთადერთი გზა საფილტრაციო ბანაკში მოხვედრაა, ამიტომ დონეცკში რიგში ჩადგა. როდესაც შეიტყო, რომ ლოდინი შესაძლოა ოთხი კვირა გაგრძელებულიყო, გადაწყვიტა მარიუპოლში ფილტრაციის გვერდის ავლით დაბრუნებულიყო. გაუმართლა - ნოვოაზოვსკში სარეისო ავტობუსით ჩავიდა, იქ ტაქსი დავახვედრე, სარატოვამდე რომ ჩასულიყო. იქიდან კი 20 კილომეტრი ფეხით იარა და შინ დაბრუნდა.

ახლა ჩემი მშობლები იძულებულნი არიან, ნანგრევებად ქცეულ მარიუპოლში იცხოვრონ, რომლის ქუჩებში დღემდე ყრია ცხედრები. მეტიც - მშიერი ძაღლები ცხედრებს დაათრევენ... ქალაქში მიკრორაიონებს შორის ბლოკპოსტებია მოწყობილი... ამიტომ ისინი საკუთარ სახლში მძევლებად იქცნენ.

ადრე ოკუპანტებისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე უარს ამბობდნენ, - როგორც ძაღლებს, ისე ჩამოგვირიგებენ და ამას კამერებით იღებენო, მაგრამ ახლა საკვები გაუთავდათ და უწევთ ამ დახმარების მიღება... მამინაცვლისთვის საჭირო მედიკამენტები მარიუპოლში არ არის. როგორც იქნა, მოვახერხე მოხალისის პოვნა, რომელმაც მამას ნოვოაზოვსკიდან წამალი ჩაუტანა.… რუსი სამხედროები მოსახლეობას ეუბნებიან, რომ მარიუპოლელები ურჩი და დაუმორჩილებელი ხალხია, სწორედ ამიტომ ქალაქში კადიროველები შეუშვეს."

"მშობლები ფილტრაციას ერიდებიან, რათა მამა რუსულ ჯარში არ გაიწვიონ"

დანგრეულ მარიუპოლში კიეველი ანასტასიას მშობლები და 16 წლის და დარჩნენ.

"ჩემმა მშობლებმა ორი ავადმყოფი ბებია ვერ მიატოვეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში აღმოჩნდა და ბომბების წვიმაში ყოველდღე უწევდათ მათთან საჭმლის მიტანა. ახლა ყველა ერთად ცხოვრობს. დედას ვკითხე, ქალაქში დაუმარხავი ცხედრების სუნი ხომ არ იგრძნობა-მეთქი. ჩვენთან არა, მაგრამ სადაც ნანგრევები გაწმენდილი არ არის, იქ სუნი, რა თქმა უნდა, არისო, მითხრა... მარიუპოლის ზოგიერთ რაიონში უკვე გამოჩნდა სინათლე და პირველ სართულზე რამდენიმე სახლში წყალიც მოვიდა, ჩემს მშობლებს კი წყალი შორიდან მოაქვთ. ქალაქში ოთხი აფთიაქი გაიხსნა. მაღაზიების გახსნაც დაიწყო. ვაჭრობენ როგორც რუბლით, ისე - გრივნათი. მიმდებარე სოფლებიდან რაღაც-რაღაცები მოაქვთ ბაზარში გასაყიდად. ერთგან გენერატორი დგას, რომლის საშუალებით 20 გრივნად ტელეფონების დატენაც შეიძლება.

„ერთი თვის წინ ჩემები მარიუპოლში ფილტრაციის რიგში დადგნენ. მათ წინ სამი ათასზე მეტი ადამიანი იყო. ერთი თვის შემდეგ რიგი მხოლოდ ასი ადამიანით დაწინაურდა, მომდევნო ერთი კვირის შემდეგ კი საოკუპაციო ხელისუფლებამ ეს ბანაკი საერთოდ გააუქმა. ახლა ფილტრაცია მხოლოდ მანგუშში, დოკუჩაევსკში და მარიუპოლის მახლობლად მდებარე სხვა ქალაქებშია შესაძლებელი. ფილტრაცია ყველასთვის განსხვავებულია. ვიღაც კვირაობით ელოდება თავის რიგს მინდორში, ვიღაც რამდენიმე დღე ცხოვრობს მანქანაში, ვიღაც კი მის გავლას რამდენიმე საათში ახერხებს, მაგრამ ახლა ჩემი მშობლები ფილტრაციას ერიდებიან, რათა მამა რუსულ ჯარში არ გაიწვიონ.

ჩემი და რამდენიმე დღეში სკოლაში მიდის. ის წელს მე-10 კლასს ამთავრებს. სკოლაში გამოუცხადეს, რომ რუსეთიდან სახელმძღვანელოები უნდა ჩამოვიტანოთო. ყველაზე მეტად ჩემი დის წამოყვანა მინდა, მაგრამ მშობლები უარს ამბობენ, რადგან 16 წლის გოგონას მარტო გამოშვების ეშინიათ".

"ოკუპანტები ხალხს აჩვენებენ, თითქოს რაღაცის გაკეთებას ცდილობენ"

მარიუპოლის მკვიდრი იგორი თავისი რეგიონის მიტოვებას არ აპირებს. 12 მაისს ის მარიუპოლიდან მელექინოში გადავიდა.

"ოკუპანტები აცხადებენ, რომ ქალაქი არავის სჭირდება, მარიუპოლის მცხოვრებლებს არსად ელიან და მათი ერთადერთი გზა რუსეთში წასვლაა. ჯერჯერობით მარიუპოლში დაბრუნებას და ფილტრაციის გავლას არ ვაპირებ. არ მინდა, რუსულ ჯარში აღმოვჩნდე. ომამდე სკოლაში ვმუშაობდი, მაგრამ არც იქ დავბრუნდები, რადგან ოკუპანტები სახელმძღვანელოებს რუსულით ცვლიან.

ქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება სცადეს, მაგრამ მოკლე ჩართვის შედეგად რამდენიმე სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ისინი მოსახლეობას თავს აჩვენებენ, თითქოს რაღაცის გაკეთებას ცდილობენ. სინამდვილეში ხალხი არ ჰყავთ, რომ ელექტროგადამცემი ხაზები შეაკეთონ. 30 ათას მანეთს დაჰპირდნენ ქალაქის დასუფთავებისთვის, სახლებისა და სკოლების ნანგრევების გატანისთვის. მარიუპოლელები მუშაობენ, მაგრამ დაპირებული თანხა ჯერ არავის მიუღია. ამბობენ, რომ ამ თვეში ბოლო ჰუმანიტარული დახმარება გაიცემა... საოკუპაციო ხელისუფლების შეთავაზებით დაიწყო დაღუპული ნათესავების ხელახალი დაკრძალვა. 3-5 ათასი უნდა გადაიხადოთ, რომ ცხედარი ამოთხარონ, ახალ ადგილას დაკრძალვისთვის კი დამატებითი თანხაა საჭირო... ვაპირებ თუ არა სადმე გამგზავრებას? არა! კონტრშეტევას ველოდები და იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მალე მოხდება, ოღონდ მეშინია, ბუჩის სცენარი არ გაიმეორონ და [მარიუპოლში] დარჩენილები არ დახოცონ".