"როგორ დასრულდება ომი უკრაინაში? ხუთი სავარაუდო ვარიანტი" - BBC - კვირის პალიტრა

"როგორ დასრულდება ომი უკრაინაში? ხუთი სავარაუდო ვარიანტი" - BBC

რუსეთ-უკრაინის ომი უკვე 100 დღეზე მეტია, მიმდინარეობს. დღემდე უცხოურ მასმედიაში სამხედრო კონფლიქტის განვითარების მრავალი ვერსიაა გამოქვეყნებული, რომელიც, რა თქმა უნდა, საომარი მოქმედებების მიხედვით იცვლება ხოლმე. ამჯერად გთავაზობთ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსული სამსახურის (BBC Russian) დიპლომატიური კორესპონდენტის - ჯეიმს ლენდეილის სტატიას სათაურით - "როგორ დასრულდება ომი უკრაინაში? ხუთი სავარაუდო ვარიანტი".

"ყოველი ომი ოკეანეს ჰგავს თავისი მოქცევებითა და უკუქცევებით. ამ მხრივ გამონაკლისი არც რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტი არის.

რუსეთის არმიის შეჭრის დღიდან გაჩენილი თავდაპირველი შეშფოთება, რომ უკრაინის არმია სწრაფად დამარცხდებოდა, არ გამართლდა: რუსეთის არმიის ფართო ფრონტზე წინსვლა ჯერ შეჩერდა, შემდეგ კი - უკანდახევით შეიცვალა. უკრაინის წინააღმდეგობა ფართოვდებოდა, თუმცა დონბასის უკანასკნელმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ უკრაინის არმიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა - რუსებმა ახალი და, იმავდროულად, მიზანმიმართული შეტევა წამოიწყეს.

ომის დაწყებიდან სამი თვეზე მეტი ხნის გასვლიდან, ჯერ კიდევ არავინ იცის ზუსტად, რა მოხდება ახლო და შორეულ პერსპექტივაში - რომელი მხარე დამარცხდება ან გაიმარჯვებს. აქ წარმოდგენილი სცენარები ურთიერთგამომრიცხავი არ არის, მეტ-ნაკლებად - ობიექტურობისა და სინამდვილის ჩარჩოებში არის მოქცეული.

პირველი - ხანგრძლივი ომი ურთიერთგამოფიტვით...

ომი შეიძლება კიდევ თვეები გაგრძელდეს, შეიძლება - წლებიც კი, მანამ, სანამ უკრაინისა და რუსეთის არმიები სისტემატურად ერთმანეთს არ "გადაფქვავენ".

ზოგადად, ომში ყველაფერი იმის მიხედვით იცვლება, თუ რამდენად განიცდის ტაქტიკურ მარცხს ხან ერთი, ხან მეორე მხარე და პირიქით - რომელი იმარჯვებს. ამ ომში უკანდახევა არც ერთს არ აქვს განზრახული: რუსეთის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ წარმატების მიღწევა შეუძლია, სტრატეგიულ გამძლეობას იჩენს და იმედი აქვს, დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერა მოწყინდება და როგორც საკუთარ ეკონომიკას, ასევე - ჩინურ საფრთხეს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს.

დასავლეთი კი, თავის მხრივ, ჯერ მტკიცედ დგას და უკრაინის იარაღით მომარაგებას აგრძელებს. ბოლო დროს ფრონტის ხაზებზე ისეთი სიტუაცია იქმნება, რომელიც, ფაქტობრივად, თანდათანობით "პოზიციურ, დაუსრულებელ ომში" შეიძლება გადაიზარდოს.

"მოკლევადიან პერსპექტივაში მე ვერც ერთი მხარის ტაქტიკური ან სტრატეგიული გამარჯვების შესაძლებლობას ვერ ვხედავ - ისეთ გამარჯვებას, რომელსაც შეუძლია ომის ბედი გადაწყვიტოს", - ამბობს გადამდგარი ავსტრიელი გენერალი მიკ რაიანი, - ჯერჯერობით ვერც ერთი მებრძოლი მხარე ვერ აჩვენებს გამანადგურებელი დარტყმის მიყენების უნარს".

მეორე - რუსეთის პრეზიდენტი ზავს აცხადებს...

რა მოხდება, თუ ვლადიმერ პუტინი მთელ მსოფლიოს გააკვირვებს და ცალმხრივ ზავს გამოაცხადებს ანუ მხოლოდ თვითონ შეწყვეტს ომს? ასეთი გადაწყვეტილებით მას შეუძლია დაკავებული ტერიტორიის მიერთება და გამარჯვება დააფიქსიროს.

ვლადიმერ პუტინს აქვს იმის თქმის ნება, რომ მის მიერ დაწყებულმა "სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ" თავის მიზნებს მიაღწია: დონბასელი სეპარატისტები, კრემლის მხარდაჭერით, უკვე საიმედოდ არიან დაცულნი, ყირიმამდე კი უკვე სახმელეთო დერეფანია გაჭრილი. ასეთი უპირატესობის მქონე მოსკოვს შეუძლია, აიძულოს უკრაინა საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და ზავის პირობებისადმი დათანხმებაზე.

"რუსეთს შეუძლია ეს ხერხი ყოველ მომენტში გამოიყენოს, თუ ევროპა დაარწმუნებს უკრაინას, იარაღი დაყაროს და უარი თქვას თავისი ტერიტორიის ნაწილზე, ზავის პირობების სანაცვლოდ", - ამბობს ექსპერტი კირ ჯაილსი, ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობის კვლევების სამეფო ინსტიტუტიდან ("ჩათემ-ჰაუსიდან").

ასეთი თვალსაზრისი უკვე გაჩნდა და გაჟღერდა პარიზში, ბერლინსა და რომში: "რატომ უნდა გაგრძელდეს ომი, დროა მივხედოთ გლობალურ ეკონომიკურ მოვლენებს, მხარეები უნდა შევარიგოთ და ზავი დაიდოს".

მაგრამ ამის წინააღმდეგ გამოდიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და აღმოსავლეთ ევროპის უმეტესი სახელმწიფოები, რომელთა ლიდერების აზრით, "რუსეთის არმიის შეჭრამ საბოლოო ფიასკო უნდა განიცადოს და ეს არის როგორც უკრაინის, ასევე - დანარჩენი ევროპისა და საერთაშორისო პოლიტიკის ინტერესებში".

ასე რომ, ზავის თაობაზე რუსეთის ცალმხრივ განცხადებას სიტუაციის შეცვლა კი შეუძლია, მაგრამ სამხედრო მოქმედებებს საბოლოოდ ვერ შეწყვეტს.

მესამე - ჩიხური სიტუაცია ბრძოლის ველზე...

რა იქნება, თუ უკრაინა და რუსეთი მივლენ დასკვნამდე, რომ სამხედრო გზით ვერაფერს ვეღარ მიაღწევენ და კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოსაგვარებლად მოლაპარაკებას დაიწყებენ?

დავუშვათ, რომ მათი არმიები გამოიფიტა, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე - საბრძოლო ტექნიკით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ომის გაგრძელება აღარ ღირს სისხლისღვრად და რესურსების ხარჯვად. რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური დანაკარგები აუნაზღაურებელია. არც უკრაინას ულხინს: უკრაინელებიც დაიღალნენ ომით, ადამიანებს უკვე აღარ სურთ სიცოცხლის სასწორზე შეგდება, რაღაც ილუზიური გამარჯვების იმედით.

და რა იქნება, თუ უკრაინის ხელმძღვანელობაც, როცა დაინახავს, რომ დასავლეთი სამომავლოდ მას მხარს აღარ დაუჭერს, გადაწყვეტს, რომ უკვე დროა, მოსალაპარაკებლად დაჯდეს?

მაგრამ ესეც ილუზიურია: ბრძოლის ველზე პატური სიტუაცია ჯერ კიდევ შორსაა, მის მიღწევას თვეები შეიძლება დაჭირდეს, ხოლო კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარება ძალიან რთულია, იმიტომ, რომ უკრაინა რუსეთს არ ენდობა: კიევში ფიქრობენ, რომ ყოველ შესვენებას და პაუზას კრემლი ძალების მოკრებისათვის გამოიყენებს და ახალი შეტევისათვის მოემზადება. ასე რომ, საზავო შეთანხება დიდხანს არ გასტანს და სამხედრო ოპერაციები ახალი ძალით განახლდება.

მეოთხე - იმარჯვებს უკრაინა...

შეუძლია თუ არა უკრაინას, ყველაფრის მიუხედავად, რამე გამარჯვების მსგავს წარმატებას მიაღწიოს? შეუძლია თუ არა უკრაინის არმიას, რომ რუსეთს იმ ხაზამდე დაახევინოს, რომელიც შეჭრამდე არსებობდა? შეუძლია თუ არა კიევს, რომ მოსკოვისაგან 8 წლის წინათ მიტაცებული ტერიტორიები დაიბრუნოს?

"უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს", - დარწმუნებით განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ ამას წინათ ნიდერლანდების ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში. და თუ ასე მოხდება და რუსეთი ვერ შეძლებს დონბასის სრულად ხელში ჩაგდებას, რა მოჰყვება ამას - კრემლის მიერ დამარცხების აღიარება?

რუსეთის სამხედრო მანქანა დასავლური სანქციების დატყმის ქვეშ იმყოფება. იბადება კითხვა: რა მოხდება, თუ უკრაინის არმია, რომელიც შეიარაღებული იქნება დასავლური ტექნიკით, თავდაცვითიდან შემტევად გარდაიქმნება, კონტრშეტევას დაიწყებს და რუსეთის არმიას მომარაგების გზებს გადაუჭრის?

ასეთი სცენარი სრულიად შესაძლებელია და, შესაბამისად, პოლიტიკოსები სავარაუდო შედეგებზე უნდა დაფიქრდნენ. თუ ვლადიმერ პუტინს დამარცხება ემუქრება, განა ის არ შეეცდება კონფლიქტის ესკალაციას ქიმიური ან ბირთვული იარაღის გამოყენებით?

"მე ძალიან ნაკლებად სარწმუნო მგონია ის აზრი, რომ ვლადიმერ პუტინი ჩვეულებრივ ომში დამარცხებას აღიარებს, როცა მას ზურგს ბირთვული იარაღი უმაგრებს", - განაცხადა ამას წინათ ლონდონის სამეფო კოლეჯში გამართულ სემინარზე ისტორიკოსმა ნიალ ფერგიუსონმა.

მეხუთე - იმარჯვებს რუსეთი...

და რა მოხდება რუსეთის სავარაუდო გამარჯვების შემთხვევაში?

დასავლეთი ძველებურად ხაზს უსვამს, რომ კრემლი, წინა წარუმატებლობის მიუხედავად, მაინც არ თმობს კიევის დაპყრობისა და უკრაინის დიდი ტერიტორიის გაკონტროლების გეგმებს. მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ეს პროგრამა-მაქსიმუმი ჯერჯერობით არავის გაუუქმებია.

რუსეთს შეუძლია დონბასში მიღწეული წარმატებით ისარგებლოს და როცა ჯარი გამოთავისუფლდება, ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა ისევ კიევის მიმართულებით გადაისროლოს.

დავუშვათ, რომ რუსეთის ჯარის რიცხობრივ უპირატესობას და რუსული სარდლობის მზადყოფნას, რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცის სიცოცხლე გაიწიროს, კრემლისათვის დადებითი შედეგი მოაქვს, უკრაინის არმია კი მძიმე დანაკარგებს განიცდის (როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, დღეში 100 ჯარიკაცს), რა მოხდება ამ შემთხვევაში?

ერთი მხრივ, საზოგადოებაში შეიძლება აზრი გაიყოს: უკრაინელებიდან ვიღაც, ალბათ, იტყვის, რომ ომი უნდა გაგრძელდეს, ვიღაცამ შეიძლება ზავი და მშვიდობიანი ცხოვრების დაბრუნება მოითხოვოს. დასავლეთის (ყველა არა) ქვეყნებიც განაცხადებენ, რომ დაიღალნენ უკრაინის დახმარებით. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ დაინახავენ, რომ რუსეთი წარმატებას აღწევს, უკრაინის რომელიმე მოკავშირე სახელმწიფო კონფლიქტის ესკალაციას მოისურვებს.

როგორც ჩემთან საუბარში თქვა ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა, დასავლეთს, ალბათ, წყნარ ოკეანეში ბირთვული იარაღის აფეთქება მოუწევს, რუსეთის გასაფრთხილებლად.

მოკლედ, რუსეთ-უკრაინის ომის მომავალი ჯერ კიდევ ბოლომდე გამოცნობილი არ არის. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ