"რუსული მართლმადიდებლობა 90-იან წლებში საქართველოში, აფხაზეთში დასრულდა..." - კვირის პალიტრა

"რუსული მართლმადიდებლობა 90-იან წლებში საქართველოში, აფხაზეთში დასრულდა..."

როგორია ომის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ? როგორი იქნება სამყარო რუსეთის გავლენების შესუსტების შემდეგ? როგორ შეიცვალა კაცობრიობა ომის კვალდაკვალ და ასევე, როგორ შეიცვალა ლიტერატურის როლი და მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში? - ეს ის თემებია, რომელზეც ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის არაბისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე გვესაუბრა.

- სამყარო დღესაც ისეთივეა, როგორიც მუდამ იყო: სასტიკი. არც ომია ახალი ამქვეყნად და არც ადამიანების მიერ გამოვლენილი სისასტიკე. ნებისმიერი ომის მერე ეს ქვეყანაც ისეთი აღარ არის, როგორიც მანამდე იყო - უფრო დაუნდობელი ხდება, უფრო ბრიყვი და ცარიელი.

მიჭირს პროგნოზების გაკეთება, თუ რა შეიცვლება მსოფლიოში რუსეთის დამარცხების, მისი გავლენის შერბილების შემდეგ, მაგრამ ბევრი რამ ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო. ვფიქრობ, არაბული და მუსლიმანური აღმოსავლეთიც განვითარების სწორ, ჩარევებისგან თავისუფალ გზებს გამონახავენ. ბევრი, მათ შორის, სირიის კონფლიქტიც რუსული ამბიციებითა და სამყაროში ჰეგემონიისათვის ბრძოლით იყო პროვოცირებული. სირია საბრძოლო არენად გამოიყენეს, სადაც ერთმანეთს სუპერსახელმწიფოების ინტერესები შეეჯახა და ნაცარტუტად აქციეს.

ბოლო წლებში, ისლამი ფაქტობრივად, ტერორიზმთან გააიგივეს, რაც უგუნურებაა. ყველა რელიგია და მათ შორის, ისლამიც, ზნეობის ძალიან მყარ საფუძველზე დგას და ამავეს უქადაგებს თავის აღმსარებლებს. ის მსოფლიოში მეორე რელიგიაა. სრული სიგიჟეა, ამდენი ადამიანი სრულიად უაპელაციოდ გამოაცხადო ტერორისტად. თავად სიტყვა "ისლამი" არაბულად "ღვთისადმი მორჩილებას", "უზენაესის ნებისადმი თავის მიძღვნას" ნიშნავს, რაც ადამიანის მიერ საკუთარი ეგოს თანდათანობით დათრგუნვას და ღვთის მცნებების, ღვთიური კანონების შესაბამისად ცხოვრებას გულისხმობს, რომელიც ადამიანურ სინდისსა და ლოგიკასთანაა თანხვედრაში.

რაც შეეხება "ჯიჰადს", რომელიც მოგვიანებით ჩამოყალიბდა როგორც "საღვთო ომის" თავისებური იდეოლოგია, თუკი ამ ცნებასთან დაკავშირებულ ყურანის შესაბამის მუხლებს ყურადღებით და თანამიმდევრულად წავიკითხავთ, მივხვდებით, რომ "ჯიჰადი" არაბულად "გარჯას", "მონდომებას" ნიშნავს. თუმცა, ყურანში ასახული მითითებები ხომ სხვადასხვა დროს, პოლიტიკური ინსინუაციების შედეგად, არაერთხელ გამხდარა დიდი თუ მცირე სისხლის ღვრის საფუძველი. არადა, ჯიჰადი აგრესია კი არა, ამ აგრესიის მოგერიების აუცილებელი ღონისძიებაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თავდასხმა კი არა - თავდაცვაა. რაც შეეხება შესაბამისი მითითებების კატეგორიულობას, რბილად რომ ვთქვათ, ისლამში "აბა, ომი გინდათ?!" რიტორიკა არ განიხილება. თუ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მშვიდობის შენარჩუნება უომრად ვერ ხერხდება, მაშინ აგრესიის მოსაგერიებლად აუცილებელია ბრძოლა. პოლიტიკურ მოსაზრებებს არ ვეყრდნობი, ზოგად პრინციპებზე ვლაპარაკობ, როგორც ყურანის მთარგმნელი, თორემ კარგად მესმის, რომ ისლამური სამყარო ძალიან დიდი, ჭრელი, წინააღმდეგობრივია და სისულელე იქნებოდა დებულების მტკიცება, რომ გამონაკლისები არ არსებობს. ტერორიზმს არც ეროვნება აქვს და არც რელიგია.

ამ ჭეშმარიტების ყველაზე მკაფიო დადასტურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებში დავინახე, რაც უკრაინელების მისამართით თქვა, - ისინი ამოწყდებიან, ჩვენ კი სამოთხეში შევალთ, როგორც მოწამენიო! შემთხვევითი არ არის, რომ ეს ფრაზა, რომელიც მსოფლიო კოლექტიურმა მეხსიერებამ თუ გამოცდილებამ ისლამთან გააიგივა, დღეს იმ სახელმწიფოს ბელადისაგან მოგვესმა, რომელიც თავს ქრისტიანობისათვის ბრძოლის უკანასკნელ ციტადელად ასაღებს; მართლმადიდებელ ქვეყნად, რომელსაც თავისი იმპერიალისტური და ყოვლად მდაბიო მოთხოვნილებათა შესაფერისად, არ უჭირს უკრაინის მიწაზე გადაწვას მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრები. სინამდვილეში, რუსეთის, პუტინის მოქმედებას არაფერი აქვს საერთო მართლმადიდებლობასთან. პუტინის ფრაზა ყველა ტერორისტის ღაღადისია, რომელიც თავისი უგვანობის გამართლებას ცდილობს რელიგიურ-ბოდვითი ნარატივით. რეალურად, ყველა რელიგია იქ მთავრდება, სადაც ამ რელიგიის სახელით წარმოებულ ბრძოლას თუნდაც ერთი ბავშვის სიცოცხლე ეწირება. რუსული მართლმადიდებლობა 90-იან წლებში საქართველოში, აფხაზეთში, მოგვიანებით ჩეჩნეთში დასრულდა, ახლა კი საბოლოოდ უკრაინაში დასამარდა.

- სხვა ხალხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემდეგ, ერებს ან ქვეყნებს, საერთაშორისო საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში დასაბრუნებლად დრო სჭირდებათ. ამის მაგალითი გერმანელი ერი იყო. ეს ბედი რუსებსაც ელით?..

- ხშირად გვსმენია "ორი რუსეთის" შესახებ ან დავა იმაზე, არსებობს თუ არა რეალურად ეს ორი რუსეთი: ერთი იმპერიალისტური, მუდამ სხვისი დამონების, სხვათა მიწების დაპყრობის მსურველი და მეორე - გახსნილი, ღია, ჰუმანისტური და ადამიანური ღირებულებებით გადანათებული. ამაზე ფიქრისას, მეც სულ წინააღმდეგობრივი აზრები მომდიოდა. ზოგჯერ მეგონა, არსებობდა "ორი რუსეთი", ზოგჯერ კი ამაზე ფიქრიც სასაცილო მიმაჩნდა, ვიდრე მივხვდებოდი, რომ სინამდვილეში რუსეთი უნდა განვიხილოთ, როგორც ერი და როგორც სახელმწიფო. რუსეთის სახელმწიფო იმ სახით, რითაც ის უკვე ისტორიულად არსებობს, ნამდვილი უბედურებაა, მაგრამ რუსმა ერმა, როგორც მარადიულმა კატეგორიამ, ამ უგვანი სახელმწიფოს პარალელურად შექმნა მართლაც დიდი და შთამბეჭდავი კულტურა - ლიტერატურითა და პოეზიით, კინოთი თუ თეატრით, სახვითი ხელოვნებით, ჰუმანიტარული თუ ტექნიკური მეცნიერებებით. პარადოქსია, მაგრამ მეც ამ კულტურის შვილად აღვიქვამ თავს, რადგან რუსულმა ლიტერატურამ ჩემს ადამიანად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. თუმცა, კაცობრიობის წინაშე რუსული სახელმწიფოს ჩადენილი დანაშაულების ფონზე, ყველაფერი უფასურდება. დგება მომენტი, როცა არც მათი ცვეტაევა გინდა, არც ტოლსტოი და არც დოსტოევსკი. ამას წინათ სოციალურ ქსელში დავწერე, კულტურას მაშინ აქვს ფასი, როდესაც "ცოცხალია", როცა თავისი შემქმნელი ერის ყოფა-ცხოვრებას განასახიერებს და მის კოლექტიურ თუ პიროვნულ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედებს-მეთქი. ბევრი გააოცა ჩემმა პოზიციამ. მსჯელობისას ისიც დაწერეს, ამ ლოგიკით მაშინ გოეთეზე, შილერზე და საერთოდ, გერმანულ კულტურაზეც უარი უნდა ვთქვათო. განწყობასა და პიროვნულ დამოკიდებულებაზეა!.. გაგანია ნაციზმის ეპოქაში რომ მეცხოვრა, არა მგონია, გოეთესა და შილერის წაკითხვის სურვილი გამჩენოდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მესმის: ტოტალიტარიზმი, არაადამიანური პოლიტიკური სისტემა, ადამიანების მასობრივი განადგურების ვნება გამოგონილი იდეალებისა და ცრუპატრიოტიზმის საბაბით, პირველ რიგში, სწორედ საკუთარ კულტურას, ეროვნული იდენტობის გააზრებას უპირისპირდება.

- გარდა ამისა, გერმანელი ერი ლამის დღემდე ბოდიშს იხდის თავისი დანაშაულის გამო...

- რუსის ბოდიში კი ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც თოვლი უდაბნოში. კულტურის სიცოცხლის ნიშანია ისიც, რომ გერმანელი გრძნობს: მისი ბოდიში პირველ რიგში, სასიცოცხლოდ მისთვისვე აუცილებელია და არა იმდენად - დანარჩენი მსოფლიოსთვის. რუსის შემთხვევაში კი ალბათ დიდი ხანია საჭიროა მანამდე, სანამ მისი შეგნება აქამდე ამაღლდება.

- ამბობენ, რომ ომში დაწერილი ლექსი გულსა და გონებაში დაგროვილი ემოციის ამოხეთქვაა... ასეა?..

- ლექსი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ განცდისა და ემოციის სიტყვით გამოხატვა. პოეზია ზოგჯერ წინათგრძნობა უფროა, ვიდრე უკვე განვლილზე, მომხდარზე რეფლექსი. ის აზროვნების ფორმაცაა და მსოფლგანცდაც. მნიშვნელობა არა აქვს, რა პირობებში იწერება ლექსი. მშვიდობიანობის დროს შექმნილი ნამდვილი ლექსი თანაბრად გულისხმობს, უფრო სწორად, თანაბრად უნდა გულისხმობდეს ომსაც და მშვიდობასაც. მგონია, ლიტერატურას ადამიანის, მკითხველის შეცვლა და გადარჩენა შეუძლია. ხანდახან პესიმიზმი მომეძალება, რისთვის ვწერ, უფრო სწორად, რისთვის ვაქვეყნებ ამდენ რამეს, ჩემმა ლექსებმა კი არა, ადამიანი სახარებამაც ვერ გამოასწორა: რა ჭაობიც იყო, იგივე დარჩა-მეთქი. მაგრამ მერე მახსენდება, როგორ მშველოდა ჩემი ცხოვრების უმძიმეს წუთებში გალაკტიონის, ვაჟა-ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, დავით წერედიანის, იზა ორჯონიკიძის, ბესიკ ხარანაულის, ვახტანგ ჯავახაძის, ტარიელ ჭანტურიას პოეზია და ვფიქრობ, შეუძლია. მეც ხომ პოეზიამ გადამარჩინა!

- თქვენ ხშირად ხვდებით ახალ თაობას, რა შეგიძლიათ მათზე გვითხრათ - რა აინტერესებთ მათ?..

- საოცარი ახალგაზრდობა გვყავს, თუმცა, ისინი ჩემი თაობისაგან პრინციპულად განსხვავდებიან და ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან მე მაინც წიგნის, ბეჭდური სიტყვის თაობა ვარ, ახლანდელი, ჩემი შვილების თაობა კი უკვე ციფრული გენერაციაა. შეიძლება ჩვენ ისე მძაფრად ვერც აღვიქვამთ, მაგრამ სწორედ ჩვენი თაობის სიცოცხლეში მოხდა ძირეული ეპოქალური გარდატეხა: ბეჭდური ეპოქა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქით შეიცვალა და ეს ისეთივე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, როგორც ხელნაწერის, ხელნაწერი წიგნის კულტურის გუტენბერგის მანქანაზე დასტამბული წიგნების ცივილიზაციით ჩანაცვლება. დაბეჯითებით არც იმის თქმა შემიძლია, რომ ახალ თაობას წიგნი აღარ აინტერესებს, როგორც მათ ამას აბრალებენ, მაგრამ თავი სულ კომპიუტერებსა და მობილურებში აქვთ ჩარგული, სადაც მათთვის საჭირო ინფორმაციას თუ განათლებას იღებენ.

ინტერესებისაც რა გითხრათ? როგორც ყველა თაობაში, მათი ინტერესებიც ხშირად რადიკალურად განსხვავებულია.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"