"რუსეთმა ბედნიერება წაგვართვა" - რას ჰყვება აზოვის ბატალიონის მებრძოლის ცოლი - რა ელით "აზოვსტალელებს?" - კვირის პალიტრა

"რუსეთმა ბედნიერება წაგვართვა" - რას ჰყვება აზოვის ბატალიონის მებრძოლის ცოლი - რა ელით "აზოვსტალელებს?"

სამ თვეზე მეტია, უკრაინა უთანასწორო ბრძოლაში რუსეთის სამხედრო იერიშებს იგერიებს. როგორც ჩანს, პუტინის გარემოცვაში ეგონათ, რომ საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან "აზოვსტალელების" გაყვანის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და მოხალისეებში მოტივაცია დაეცემოდა, თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა - მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაუმარცხებელი უკრაინის სიმბოლოდ ქცეული "აზოვსტალელები" ტყვედ ჩაბარდნენ, აზოვის ბატალიონის, 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის, სპეცრაზმისა და სამხედრო მოხალისეების ბრძოლის ჟინი კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან გავრცელებული ცნობებით, კრემლი რუსი სამხედრო ტყვეების გაცვლას სწორედ აზოვსტალელებში ითხოვდა.

მას შემდეგ, რაც აზოვსტალელებმა "საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება" მიიღეს, პირველ ეტაპზე სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მძიმედ დაჭრილი 60-მდე სამხედრო გადაიყვანეს, შემდეგ მას სხვებიც მიჰყვნენ. სულ ბოლოს, ქარხნის ტერიტორია სამეთაურო რგოლმა დატოვა. უკრაინული მხარე საუბრობს, რომ მათ გასათავისუფლებლად და შინ დასაბრუნებლად ყველა ღონეს იყენებს. საქმეში ჩართულია რამდენიმე ქვეყანა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები...

კულუარულ წრეებში, რუსული მხარე უკვე ალაპარაკდა ახლახან უკრაინაში დაკავებული პრორუსი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის აზოვსტალელების გაცვლაზე. მედვედჩუკს, რომლის ორი შვილის ნათლია რუსეთის პრეზიდენტია, უკრაინაში სახელმწიფოს ღალატი ედება ბრალად... უკრაინელების თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ასობით სხვადასხვა რანგის რუსი სამხედრო ჰყავთ ტყვედ, რუსეთის მხრიდან გარკვეული დუმილის შემდეგ, ტყვეთა გაცვლა უნდა დაიწყოს.

მარია ლუპაჩკო ერთ-ერთია იმ მილიონობით ადამიანიდან, ვისთვისაც "აზოვსტალელების" ბედი ძალზე მნიშვნელოვანია. რუსეთში გადაყვანილ ტყვეებს შორის არის მისი 36 წლის მეუღლე, "აზოვის" ბატალიონის წევრი, რომელიც 82 დღის განმავლობაში, თანამებრძოლებთან ერთად რუსეთის თავდასხმას იგერიებდა. ის "აზოვსტალელების" გადაწყვეტილებასა და მოსალოდნელ პროცესებზე საუბრობს.

- მათ გმირობაზე მთელი მსოფლიო საუბრობს და კიდევ დიდხანს ისაუბრებენ, მაგრამ ჩვენ, როგორც მათ უკრაინაში უწოდებენ, "ფოლადის ბიჭების" ცოლებს, შვილებს, დედებს, მამებს ისინი ცოცხლები გვჭირდება. თითქმის სამი თვე, მათთან ერთად, უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ცოცხალი იყო. ხმა, თვალები, სახის გამომეტყველება, განწყობა, ხასიათი, ცხოვრების, სიცოცხლისა და სიკვდილის მიმართ დამოკიდებულება ყოველდღე ეცვლებოდა. იცვლებოდა ბიჭების გარშემო ყველაფერი - უფრო მეტი დაჭრილი ჩნდებოდა, ხელ-ფეხგადახვეული, თავშეხვეული, მაგრამ უფრო იმედიანი, ძლიერები ხდებოდნენ. ბომბების ხმაზე ხუმრობდნენ, ჩვენც გვამხნევებდნენ, მღეროდნენ. ერთმანეთს წყალს, საკვებს, იმედს უყოფდნენ... ვიცნობდი ჩემს ქმარს, მის მეგობრებს, იმ ადამიანებს, ვინც მთელი ქვეყნის უდიდეს დარტყმას თავის თავზე იღებდა და უდიდესი, თითქმის არაადამიანური ნებისყოფის, უძილობის, შიმშილის, ტკივილის თმენის ფასად უძლებდა. ვისმენდი და ვკითხულობდი მათ შესახებ, მაგრამ მაშინ არაფრის გაანალიზების უნარი არ მქონდა, განსაკუთრებით, ბოლო დღეებში, მაშინ, როდესაც მათი მდგომარეობა კრიტიკული იყო, ყოველი წუთი მნიშვნელოვანი ხდებოდა. ის ადამიანები, სამხედროები, მოხალისეები, ექიმები, რომლებიც იმდენი ხნის განმავლობაში, წარმოუდგენელი გმირობის მაგალითს გვაძლევდნენ, თანდათან, ჩუმად იღუპებოდნენ. საკმარისი იყო უბრალო, უწყინარი ნაკაწრი ჭრილობისგან ან გართულებული გაცივება, რადგან არ ჰქონდათ ელემენტარული მედიკამენტები, ანტიბიოტიკები... ცუდი ინტერნეტკავშირის გამო, ან იმიტომ, რომ ხანდახან ორი-სამი დღის განმავლობაში ტელეფონი ან დამჯდარი ჰქონდა, ან ინტენსიური დაბომბვის მოგერიება უწევდა, იშვიათად გვატყობინებდა თავის ამბებს, მშრალად, მოკლედ გვწერდა: "კარგად ვარ, უბრალოდ, "ფეიერვერკები არ წყდება"; წყეულ რუსულ ჭურვებს გულისხმობდა, რომელსაც მისი მეგობრები, თანამებრძოლები ეწირებოდნენ მთელი ქვეყნისთვის, სტაბილურობისა და მშვიდობისთვის.

- არა მხოლოდ უკრაინის, მთელი მსოფლიოს მშვიდობისთვის...

- დიახ, ქართველებმა კარგად იცით "რუსული მშვიდობის" ფასი, ამიტომ იბრძვიან ლომებივით ქართველი ბიჭები უკრაინის მიწაზე. ისინი იქ საქართველოს კეთილდღეობისთვისაც სწირავენ თავს. ახლა, როდესაც შევეჩვიეთ საჰაერო განგაშის სიგნალს, ჭურვების ცვენას, საყვარელი ადამიანების ყოველდღიურად დამარხვას ან მათი ჯანმრთელობის დაკარგვას, ვხვდებით, რომ სენტიმენტების, ოცნების, ლოიალობის, ღიმილის დრო წავიდა; ბედნიერება, უზრუნველი ცხოვრება რუსეთმა წაგვართვა; უნდოდა, ეს სამუდამოდ წაერთმია, მაგრამ არ გამოუვიდა და ახლა გაბოროტებული ცდილობს გაგვაჩანაგოს... ახლა უკრაინაში მხოლოდ ფრონტზე წასული კაცები ხუმრობენ, რათა როგორმე ცხოვრების გაგრძელების ძალა და იმედი მოგვცენ ბრძოლის ხაზიდან; იქიდან, სადაც ყველაზე მძიმე ვითარებაა.

ვიცი, "აზოველებში" ქართველებიც არიან, მათ შორის ტყვეებში. მათზეც და ნებისმიერ ადამიანზე, ვისი ბედიც ახლა რუსების ხელშია, ვლოცულობთ. ძნელია იმ ყველაფერზე უემოციოდ ლაპარაკი, რაც ყველამ ერთად გამოვიარეთ. იმედია, ის საშინელება, რაც 90-იან, შემდეგ კი 2008 წლებში საქართველომ, 2014 წლიდან კი ჩვენ განვიცადეთ, უშედეგოდ არ ჩაივლის. ბოროტების იმპერიის დამსხვრევას ყოველთვის მოჰყვება დიდი მსხვერპლი, მაგრამ ის აუცილებლად იმსხვრევა.

ასე რომ, მსოფლიოში ახალი ცვლილებები გარდაუვალია. წესით, ახლა ამ ბოროტებას შიგნიდან რუსებიც უნდა არყევდნენ, მაგრამ რუსეთის მოსახლეობას ჯერ პუტინის პროპაგანდის ქვეშ ღრმა ძილით სძინავს და არც იმის იმედი მაქვს, რომ ტყვეების დასაბრუნებლად, თითო-ოროლა მათგანის პროტესტის გარდა, ვინმე თავს შეიწუხებს.

ყველამ იცის, რას ნიშნავს რუსეთისთვის ეს ტყვეები. პუტინს თავისი გარემოცვა კიევის სამ დღეში აღებას ჰპირდებოდა, ერთ კვირაში კი მთელ უკრაინაზე კონტროლს, მაგრამ ვერც ერთი დიდი ქალაქის აღება ვერ შეძლეს. ახლა კი "აზოვსტალელებს" სავაჭროდ, თავისი "უპირატესობის" წარმოსაჩენად გამოიყენებენ.

- უკრაინასაც უამრავი რუსი სამხედრო ტყვე ჰყავს.

- არა მგონია, ეს "აზოვსტალელების" საპირწონე იყოს. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რუსეთს არასდროს ადარდებდა თავისი ხალხი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ასე იყო. მე სამხედრო ისტორიის სპეციალისტი ვარ. პუტინს ბევრი ცოდვა აქვს თავისი ხალხის წინაშე. როდესაც ომი დაიწყო, მეგონა, ეს უბედურება სულ მცირე, ერთი კვირა გაგრძელდებოდა, მაქსიმუმ ათ დღეში მაინც ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ არა: ყოველდღე ახალი მსხვერპლის, უდანაშაულო ბავშვების, ქალების ხოცვის, ტრაგედიის, გმირობის, თავგანწირვის შესახებ ვიგებთ ამბებს და ისეთი პირი უჩანს, რომ ეს სიტუაცია გაგრძელდება მანამდე, ვიდრე რუსეთის ბოროტების მანქანა საბოლოოდ არ შეჩერდება. რუსეთის ნდობა ძნელია, მაგრამ თუ ერთ ტყვეს მაინც დაუშავებენ რამეს, უკრაინელები რუს ტყვეებს საჯაროდ გაასამართლებენ და დასჯიან კიდეც. ჩვენი ბიჭები სამშობლოს, თავისი ხალხის ბოლომდე დაცვისთვის არიან ამ დღეში და როგორ ვაკადრებ, რომ რუს სამხედროებს შევადარო, რომლებიც არასრულწლოვნებზე ძალადობდნენ. მსოფლიომ უნდა ნახოს ჩვენი სახალხო დამცველის ანგარიში. 9 თვის, 3 და 10 წლის ბავშვებზე იძალადეს მხეცებმა და ეს პატარები დაიხოცნენ... ეს რაც ვიცით და ვინ იცის, რამდენია უცნობი ადამიანური ტრაგედია, როდესაც დედას გაუუბედურეს შვილები ან შვილებს დედა, შემდეგ კი ერთად დახოცეს ისე, რომ ფაქტის შემსწრე არავინ დარჩა. უამრავ დაკეტილ სახლში ვიპოვეთ ხელფეხშეკრული, დახოცილი ადამიანები. ყველაფრის აღრიცხვა ხდება...

ჩემს მშობლებს ხორბლის ყანები აქვთ. რუსები შარშანდელ მოსავალს ტანკებითა და სხვა მძიმე ტექნიკით ეზიდებოდნენ, მეპატრონეებს კი ხოცავდნენ, სათავსს ცეცხლს უკიდებდნენ. ჩემი მშობლები სამშვიდობოს გვყავდა გამოყვანილი, მაგრამ ყველა მოხუცის გამოყვანა ვერ მოხერხდა, ზოგი თავად არ წამოვიდა. ოკუპანტებმა იქაურობა დაბომბეს, შემდეგ კი გადაწვეს. 16 ადამიანის ცხედარი იპოვეს, დანარჩენის - ვერა. მათ ხომ არ უნდა შერჩეთ ეს არაადამიანური დანაშაული...

უკრაინა არასდროს დაივიწყებს, როგორ გვხოცავდნენ, როგორ გვიშენდნენ მშვიდობიან ადამიანებს ტყვიებს. ჩემი ახლობლის შვილები, 18-19 წლის გოგონები ჩაცხრილეს, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებსა და კატებს აჭმევდნენ. აკრძალულ იარაღს გვიშენენ. ახლა კი, დაპყრობილ ტერიტორიებზე მომწყვდეული ადამიანებისთვის ტვინის არევას ცდილობენ ისე, როგორც ამას თავიანთ ტერიტორიებზე აკეთებენ. მალე არა, მაგრამ ამ საშინელებას აუცილებლად დავასრულებთ!

რაც შეეხებათ "აზოველებს", სავარაუდოდ, უკრაინული მხარე, პირველ რიგში, დაჭრილებსა და ქალებს მოითხოვს. სხვა საკითხია, რამდენად შეიძლება რუსეთის ნდობა. თუმცა, თუ რომელიმე მათგანის წინააღმდეგ რუსეთი სასჯელის უკიდურესი ზომის მიღებას გაბედავს, პასუხად მთელი მსოფლიოდან ყოფილი სამხედროების უკრაინაში მობილიზებას მიიღებს - ეს იქნება შურისძიება, რადგან მათ კარგად იციან, რას ნიშნავს ომში თუნდაც ღირსეული მოწინააღმდეგე და მათი ღირსების დაცვას სწორედ უკრაინაში, რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ შეეცდებიან. რუსული მხარე შეეცდება მოლაპარაკებები დროში გაწელოს, ტყვეები ბევრ რამეში გამოიყენოს...

მარიუპოლში, რაც ბოლო "აზოვსტალელმა" დატოვა, უფრო თამამად დაიწყეს იქაურობის ათვისება. მარიუპოლის ადმინისტრაციის ცნობით, რაიონებს შორის დაცვა გააძლიერეს და ე.წ. საშვების სისტემა შემოიღეს. მთელი ქალაქი მიწასთანაა გასწორებული, მაგრამ რაღაც დროებითი ფარდულები ააგეს, სადაც ხალხს ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებენ - პურს, ზეთსა და მაკარონს. თითქოს სახლები მათ არ დაუნგრევიათ, შვილები არ დაუხოცავთ. მთელი ქალაქი ეპიდემიის კერად არის ქცეული, რადგან არ არსებობს კანალიზაცია, მიცვალებულები ჯერ კიდევ ქუჩაში ყრია ან თითქმის მიწის ზედაპირზე არიან დამარხული. შენობებში საერთოდ, "ცოდვის ტრიალია". რამდენიმე დღის წინ ძლიერი წვიმა მოსულა, საცხოვრებელი შენობების სარდაფები დაუტბორავს და ადამიანების ცხედრები გამოუტანია. ეს მხოლოდ მეასედია იმ უბედურების, რაც მარიუპოლში დაატრიალეს... უამრავ რამეს დამალავენ და გააქრობენ, მაგრამ ყველაფერს ვერ გაანადგურებენ; არსებობს დოკუმენტური მასალა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, თანამგზავრის მიერ არის გადაღებული. ასე რომ, ერთდროულად ბევრ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"