"კონტაქტურია, პნევმონია და სეფსისი აქვს" - რას ამბობს ლევან რატიანი მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის დღევანდელ მდგომარეობაზე - კვირის პალიტრა

"კონტაქტურია, პნევმონია და სეფსისი აქვს" - რას ამბობს ლევან რატიანი მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის დღევანდელ მდგომარეობაზე

მომღერალ მერაბ სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გამოსაჯანმრთელებლად.

"მერაბი დღეს დილით გაცილებით უკეთესად არის" - ამბობს "kvirispalitra.ge"-თან საუბარში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი. მისი თქმით, მერაბ სეფაშვილს ფილტვების ანთება და სეფსისი აქვს.

"გაცილებით უკეთესად არის დღეს, მდგომარეობა სტაბილურია, პნევმონია და სეფსისი აქვს. კონტაქტურია", – ამბობს ლევან რატიანი.

"kvirispalitra.ge" ასევე დაუკავშირდა მის პროდიუსერს, გია გოგორიშვილს, რომელიც პირადად ესაუბრა ბატონ მერაბს და ამბობს, რომ მომღერლის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსების საჭიროება არ დამდგარა, ის პალატაშია მოთავსებული.

„უკეთესობაა, სიცხემ დაუწია. სატურაციამაც მოიმატა და ამიტომ ჟანგბადის მიწოდებაც დაუკლეს. გუშინწინ ღამით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მანამდე უმნიშვნელო სიმპტომები ჰქონდა, თითქმის არაფერი აწუხებდა, არადა თურმე ჩამოყალიბდა ფილტვების ანთება და ეტყობა ეს ანთება კარგა ხანია აქვს, ამიტომ განუვითარდა სეფსისი.

ექიმები ამბობენ, ანთებამ გამოიწვიაო. რაც მთავარია, პალატაშია არც მართვით სუნთქვაზე არ არის, პერიოდულად იღებს ჟანგბადს. გუშინ ინტენსიურად იღებდა ჟანგბადს, მაგრამ სატურაციის დარეგულირების შემდეგ მოუხსნეს, ვესაუბრები პირადადაც. კოვიდი გადატანილი აქვს 2- ჯერ ადრე, მაგრამ როგორც ბატონი ლევან რატიანი ჩემთან საუბარში ამბობს, ფილტვების ანთება არ არის ვირუსიდან გამოწვეული. მითხრა, ბაქტერიულიაო. მთავარი ის არის, რომ არ არის მძიმე და უკეთესობაა", - გვითხრა ბატონმა გია გოგორიშვილმა.

მომღერალს კონცერტები ჰქონდა ჩანიშნული და ავადმყოფობის გამო გადადებამ მოუწია. მომღერალი გამოჯანმრთელების შემდეგ ჩაატარებს კონცერტებს.

ბატონ მერაბ სეფაშვილს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.

(სპეციალურად საიტისთვის)