"ყველა საკითხზე გვქონდა დროული რეაგირება, ყველა საკითხი შევასრულეთ პირნათლად, ახლა ჯერი ევროკავშირზეა" - კვირის პალიტრა

"ყველა საკითხზე გვქონდა დროული რეაგირება, ყველა საკითხი შევასრულეთ პირნათლად, ახლა ჯერი ევროკავშირზეა"

სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ საქართველო ბოლო 9 წელია არის გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერობისა, საქართველო „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორისაც უპირობო ლიდერია.

„გასულ წელს, ჩვენ გავაფორმებთ, ე.წ. მემორანდუმი, შეთანხმება და გამოიყო ქვეყნების ჯგუფი, „ასოცირებული ტრიო“, საქართველო, უკრაინა, მოლდოვას სახით. ამ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის საქართველო არის უპირობო ლიდერი, ყველა მიმართულებითა და პარამეტრით. ეს არ არის გაზვიადებული შეფასება, ეს არის ჩვენი ევროპელი, ამერიკელი კოლეგების და ძალიან ბევრი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასება, რომ საქართველო ყველა პარამეტრით არის წინ ამ ქვეყნებს შორის.

რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც აღებული გვქონდა ვალდებულებად. ჩვენ ახლა დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც გაწერილია ყველა ის რეფორმა და ვალდებულება, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ და მთელი რიგი ვალდებულებისა და ინიციატივებისა არის გადმოტანილი შარლ მიშელის შეთანხმებიდან. პრაქტიკულად, ჩვენ არავითარი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ყველა საკითხზე გვქონდა დროული რეაგირება, ყველა საკითხი შევასრულეთ პირნათლად. რა თქმა უნდა, ახლა ჯერი არის ევროკავშირზე, ევროპამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. არ არის მარტივი სიტუაცია, დღეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასეთი გამოწვევა ევროპას არ ჰქონია. ევროპის შუაგულში, უკრაინაში ფართომასშტაბიანია ომია, რომელიც არამხოლოდ უკრაინას უქმნის საფრთხეს და მის სუვერენიტეტს, არამედ ევროპის მთელ უსაფრთხოების არქიტექტურას და რეალურად ეს არის მსოფლიო წესრიგის დიდი გამოწვევა. ამ პროცესში საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა, არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება. არც მეორე ომი იქნება საქართველოში, ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ეს არის ჩვენი დაკვეთა და რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ამაში ჩვენ ვერავინ შეგვაცვლევინებს აზრს. რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ ჩვენ მივყვებით ჩვენ დასახულ მიზანს, ჩვენი მთავარი გზამკვლევი ამ პროცესში არის ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომლის 45% გვაქვს შესრულებული და ამ ნიშნითაც ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის და ასევე „ასოცირებულ ტრიოს“ ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

IPN