"მამა" "შვილს" უკრაინის ომში მარტო არ უშვებს - ანუ რას წარმოადგენს "ჰაიმარსზე" ორჯერ ძლიერი "მშობელი"
აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ბოლოსდაბოლოს მიღებული გადაწყვეტილება, უკრაინას მიაწოდოს "ჰაიმარსის" ტიპის სულ ოთხიოდე ცალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (იმედია, ახლო მომავალში გაიზრდება უკრაინისთვის გადაცემული "ჰაიმარსების" რიცხვი, თორემ ეს ციფრი ცოტა არასერიოზულად მოჩანს), არ ჩამოდის მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების სატელევიზიო ეკრანებიდან.
ამ მხრივ სიტუცია კიდევ უფრო დაძაბა თავად რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის დაქადნებამაც, რომ თუკი ამერიკელები უკრაინელებს "ჰაიმარსებიდან" გასაშვებად შორსმფრენ რაკეტებსაც მისცემენ, მაშინ რუსეთი უკრაინაში იმ სხვა, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებსაც დაბომბავს, რაზეც დღემდე თავს იკავებდაო...
კრემლის მუქარა ჯერჯერობით საბაბს მოკლებულია, რადგან ვაშინგტონმა სპეციალურად დააზუსტა, რომ "ჰაიმარსებთან" ერთად უკრაინას მხოლოდ 80 კმ-მდე ფრენის მანძილის რაკეტებს გადასცემენ და არა - 300 კმ რადიუსის ტაქტიკური დანიშნულების რაკეტებს (საერთოდ, საბჭოთა კავშირში ითვლებოდა, რომ 300 კმ-ზე მფრენი რაკეტა განეკუთვნებოდა არა ტაქტიკურ, არამედ - უკვე ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულებისას).
სანამ ცალკე უკრაინელი (დიდი იმედით) და ცალკე რუსი (დიდი შიშით) სამხედროები უკრაინის ფრონტზე ამერიკული "ჰაიმარსების" სარაკეტო ზალპების მოლოდინში არიან, ბრიტანელებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ომში "შვილი" "მამის" გარეშე არ გაეშვათ და კიევს სამ ცალ M270 MLRS -ს უგზავნიან.
რა შუაშია "მამა" და "შვილი"?
საქმე ის არის, რომ თავდაპირველად "დაიბადა" სწორედ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M270 MLRS (მისი წარმოება 1980-2003 წლებში მიმდინარეობდა და გამოშვებული იქნა 1 300-მდე დანადგარი), ხოლო "ჰაიმარსის", იმავე M142 HIMARS -ის წარმოება კი მხოლოდ 2003 წლიდან დაიწყეს.
"მამა" "შვილზე" ზუსტად ორჯერ ძლიერია, რადგან ორი ექვს-ექვსრაკეტიანი პაკეტი უყენია, მაშინ, როდესაც "შვილს" - "ჰაიმარსს", მხოლოდ ერთი ექვსრაკეტიანი პაკეტი გადააქვს.
საბრძოლო შესაძლებლობების განახევრება კი იმით იყო გამოწვეული, რომ პენტაგონს დასჭირდა უფრო მსუბუქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომლის ავიატრანსპორტირება სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით უფრო გაადვილებულიყო, ამასთან, ბორბლებიანი ახალი დანადგარი მუხლუხებიანზე უფრო მობილური იქნებოდა მოწინააღმდეგის კონტრსაბატარეო ცეცხლისგან თავის ასარიდებლად.
ასე რომ, თუკი ბორბლებიანი "ჰაიმარსის" საბრძოლო მასა მხოლოდ 11 ტონას შეადგენს, მისი წინამორბედის - ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლის" მუხლუხებიან შასიზე დამზადებული M270 MLRS -ის იგივე ტექნიკური მაჩვენებელი თითქმის 25 ტონამდე ადის და ამიტომაც მისი ოპერატიული საჰაერო გადასროლა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ამერიკულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს - "ჰერკულესს" (რომლის მაქსიმალური ტვირთამწეობა 21 ტონამდეა) არ შეეძლო.
სამაგიროდ, "ჰაიმარსის" შეიარაღებაში მიღების შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა დახვეწეს ერთი კონკრეტული საბრძოლო ამოცანა - "ჰერკულესი" ეშვება ნაკლებად მომზადებულ ან სულაც - მიტოვებულ აეროდრომზე, აღებს სატვირთო რამპას, საიდანაც ჩამოდის "ჰაიმარსი", თვითმფრინავს ასიოდე მეტრით შორდება, ნახევარ წუთში ისვრის ყველა რაკეტას და ისევ "ჰერკულესის" (რომლის ეკიპაჟსაც ძრავები არ გამოურთავს და ოთხივე ხრახნი ტრიალებს) "მუცელს" მიაშურებს, "ჰერკულესი" ფრინდება... მთელი ეს ოპერაცია, დაჯდომა-გასროლა-აფრენის ციკლით, ათიოდე წუთსაც არ იკავებს და მოწინააღმდეგე ვერ ასწრებს რეაგირებას, რადგან ამ კონკრეტული რაიონიდან სარაკეტო თავდასხმას საერთოდ არ ელოდა.
მაგრამ, უფრო მეტ შემთხვევაში, საერთოდ არ არის საჭირო სარაკეტო დანადგარების თვითმფრინავებით სადმე სასწრაფოდ გადასროლა- M270 MLRS -ები სარკინიგზო ეშელონის პლატფორმაზეც კარგად "იტანენ მგზავრობას" და ფრონტის ხაზზეც "დამაჯერებლად" გრძნობენ თავს, რადგან ბორბლებიანი "ჰაიმარსისგან" განსხვავებით, არანაირ უგზოობას არ უფრთხიან - მუხლუხები მათ ყველგან გაიყვანს...
ღია ინფორმაციის თანახმად, დიდი ბრიტანეთის არმიის შეიარაღებაში 35 ერთეული M270 MLRS-ი ირიცხება და მათგან სამის ჩუქება უკრაინისთვის, არ დააქცევს დედოფალს, თუმცა ამერიკელებისა და ბრიტანელების მიბაძვა ნატოს წევრ ბევრ სხვა ქვეყანას შეუძლია, მაგალითად, გერმანიას 38 ასეთი დანადგარი აქვს, იტალიას - 21, საბერძნეთს - 36, დანიას - 12, ნიდერლანდებს - 22 და ა.შ.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრმა ქვეყანამ 3-4 ცალი M270 MLRS-ი რომ გაიმეტოს უკრაინისთვის, მაშინ კი მოუგროვდება უკრაინის არმიას ორი-სამი დივიზიონი, რაც უკვე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი საარტილერიო ძალა გახდება რუსი ოკუპანტებისთვის...
მაგრამ ერთია სარაკეტო დანადგარები და მეორე... თავად რაკეტების გამოულევი მარაგი, რადგან ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს წუთიც კი ჰყოფნით სარაკეტო პაკეტის დასაცლელად...