"დიდი ბრიტანეთი უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს მიაწვდის: შეიცვლება ამით რამე?" - კვირის პალიტრა

"დიდი ბრიტანეთი უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს მიაწვდის: შეიცვლება ამით რამე?"

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსული სამსახური (BBC Russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "დიდი ბრიტანეთი უკრაინას ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს მიაწვდის: შეიცვლება ამით რამე?", რომელშიც განხილულია საკითხი - არის თუ არა მოსალოდნელი რამე მკვეთრი ცვლილება რუსეთ-უკრაინის ომში ლონდონის მიერ გაწეული დახმარებით.

"დიდი ბრიტანეთი, აშშ-ის კვალდაკვალ, უკრაინაში დიდი სიშორის მქონე სარაკეტო არტილერიას გაგზავნის, იმის მიუხედავად, გაუმწვავდება თუ არა ლონდონს ისედაც გართულებული დამოკიდებულება მოსკოვთან. ბრიტანელი თავდაცვის მინისტრის - ბენ უოლესის თქმით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M270 უკრაინას რუსული აგრესიისაგან თავდაცვაში კარგ დახმარებას გაუწევს.

მუხლუხიანი შასის მქონე M270-ის რამდენი დანადგარი გაიგზავნება უკრაინაში, ბრიტანეთის მთავრობაში არ დაუზუსტებიათ, მაგრამ, როგორც "ბი-ბი-სიმ" თავისი არხებით დაადგინა, ჯერჯერობით ლაპარაკია სამ დანადგარზე.

დასავლელი სამხედრო ექსპერტები რუსეთის არმიის წარმატებას დონბასში, მათ შორის - სევეროდონეცკის (ნაწილობრივ), სვიატოგორსკისა და სხვა ქალაქების დაკავებას, უკავშირებენ რუსეთის ქვედანაყოფების უპირატესობას მძიმე ტექნიკასა და არტილერიაში. უკრაინელ სამხედროებს იმედი აქვთ, რომ დასავლური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება მათ დაეხმარებათ, უფრო ეფექტიანად იმოქმედონ რუსეთის ჯარის აქტიურობის წინააღმდეგ.

ამერიკულ-ბრიტანული რაკეტების იმედით - რუსეთის წინააღმდეგ

რასაკვირველია, მოსკოვი ძალზე უარყოფითად შეხვდა კიევისათვის ბრიტანული იარაღის მიწოდებას. მანამდე კი, როცა აშშ-მა მსგავსი სისტემის M142-ის (HIMARS - დამონტაჟებულია ავტომობილის შასზე) მიწოდება გამოაცხადა, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაიმუქრა, რომ რუსეთის არმია იძულებული გახდება, სამიზნეები გააფართოვოსო ანუ ის ობიექტები დაბომბოს, რომელთა დაბომბვაზე დღემდე თავს იკავებდა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, უახლოესი კვირების განმავლობაში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, ახალი იარაღის გამოყენების მიზნით, სასწავლო კურსს გაივლიან.

ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას - M270-ს ერთი წუთის განმავლობაში 12 რაკეტის გაშვება შეუძლია და 80 კილომეტრის რადიუსში სამიზნეს მაღალი სიზუსტით ანადგურებს. რა თქმა უნდა, რაკეტების ფრენის სიშორე უფრო დიდია, ვიდრე ქვემეხების ჭურვებისა, რითაც ამჟამად უკრაინის არმიაა შეიარაღებული.

ბენ უოლესის თქმით, დიდი ბრიტანეთი წამყვან როლს ასრულებს უკრაინის არმიის მომარაგებაში "სასიცოცხლოდ აუცილებელი იარაღით". "რუსეთის არმიის ტაქტიკის ცვლილების კვალობაზე, უკრაინის მიმართ ჩვენი დახმარების მოცულობაც უნდა შეიცვალოს. ეს ახალი სარაკეტო დანადგარები ჩვენს უკრაინელ მეგობრებს რუსეთის იარაღისაგან თავდაცვაში დაეხმარებათ. ვლადიმერ პუტინი თავის შორი მოქმედების რაკეტებს უკრაინული მშვიდობიანი ქალაქების დასანგრევად იყენებს.

"აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება თანამედროვე სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს", - ამბობს "ბი-ბი-სის" სამხედრო კორესპონდენტი ჯონათან ბილი, თუმცა ეს იმაზეც მეტყველებს, რომ ჯერჯერობით უკრაინას რუსულ იარაღთან კონკურენციის გაწევა არ შეუძლია.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა - ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა გაზეთ "გარდიანისათვის" (The Guardian) მიცემულ ინტერვიუში, "ჩვენ გვჭირდება ზალპური ცეცხლის, დაახლოებით, 60-მდე რეაქტიული დანადგარი, რომ რუსეთზე გამარჯვების შანსი გვქონდეს. თუ ჩვენ 60 ერთეულს მივიღებთ, მაშინ რუსები წინსვლისა და გადაადგილების შესაძლებლობას დაკარგავენ; თუ მივიღებთ 40 დანადგარს, ისინი წინსვლას შეძლებენ, მაგრამ - დიდი დანაკარგებით; თუ 20-ს მოგვცემენ, ისინი შეტევებს გააგრძელებენ - დანაკარგებით, მაგრამ მაინც" (წყარო: Ukraine needs many more rocket launchers from west, says adviser|The Guardian).

შეცვლიან დასავლური რაკეტები ფრონტზე სიტუაციას?

ბრიტანელი ექსპერტი, დოქტორი ჯეკ უოტლინგი, რომელიც სახმელეთო საბრძოლო ოპერაციების სპეციალისტია ლონდონის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტიდან (RUSI), თვლის, რომ ამერიკულ და ბრიტანულ ზალპური ცეცხლის თანამედროვე რეაქტიულ სისტემებს უკრაინის ფრონტზე არსებული სიტუაციის შეცვლა შეუძლიათ, მაგრამ ეს სწრაფად და უეცრად არ მოხდება.

როგორც ჯეკ უოტლინგმა განუმარტა "ბი-ბი-სის" კორესპონდენტს, М270-ის მარკის სარაკეტო დანადგარები "ბრიტანეთის არმიის უძვირფასეს აქტივს წარმოადგენს". მისი აზრით, მათ შეუძლიათ რუსული არტილერიის განადგურება, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ უკრაინელი სამხედროები კარგად დაეუფლონ მისი მართვისა და გამოყენების წესებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ დიდ ბრიტანეთს ასეთი იარაღი ბევრი არ აქვს და ამიტომ რასაც უკრაინას მისცემს, მას გაფრთხილება სჭირდება.

რაც შეეხება ვლადიმერ პუტინის მუქარას, რომ რუსეთი სამიზნეების სიას გააფართოებს, თუ დასავლეთი უკრაინას ამ დანადგარებისათვის დიდი სიშორის რაკეტებს გაუგზავნის, ჯეკ უოტლინგი ამბობს, რომ რუსეთი ისედაც უკვე დიდი ხანია, ყველაფერს ბომბავს - არა მარტო სამხედრო, არამედ - ეკონომიკურ ობიექტებსაც.

"ბი-ბი-სის" კიეველი ჟურნალისტი ჯო ინვუდი აღნიშნავს, რომ არტილერიას დონბასში მიმდინარე ბრძოლების ბედის გადაწყვეტა შეუძლია: "დღეისათვის რუსეთს ძლიერი ცეცხლის შესაძლებლობა აქვს, რითაც სარგებლობს კიდეც, მაგრამ - საკმაოდ უსისტემოდ. შესაძლოა ამერიკულმა და ბრიტანულმა დანადგარებმა ვერ გაუწიონ რაოდენობრივი კონკურენცია რუსულ იარაღს, მაგრამ მათ შეუძლიათ საპასუხო ზუსტი და დამანგრეველი ცეცხლით, საბოლოო ჯამში, რუსი სამხედროები დაქანცონ და მათ ბრძოლისუნარიანობა დაუქვეითონ". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ