გერმანულმა ტანკებმა აღარ უნდა შეუტიონ რუსეთს - გერმანულ-ბერძნული "როქირება" ჯავშანმანქანებით...
არ დარჩა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყანა, რომელიც მცირედით მაინც არ დაეხმარა რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში მყოფ უკრაინას, მაგრამ ნატოს ბლოკის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ქვეყანა - გერმანია ამ მხრივ მაინც მუდმივად იმსახურებს, როგორც უკრაინელების, ისე - ალიანსის სხვა წევრების გულისწყრომას.
განა იმიტომ, რომ გერმანელები ყურადღებას არ აქცევენ უკრაინის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ქვეყნის გადარჩენისთვის - გერმანიის მიწოდებულმა ყუმბარსატყორცნებმა არა ერთი რუსული ტანკის ჯავშანი გაარღვიეს, მალე კი გერმანული თვითმავალი ჰაუბიცებით უკრაინელები ღირსეულ კონტრსაბატარეო ბრძოლებს გაუმართავენ რუს ოკუპანტებს, მაგრამ უკრაინას უფრო მეტი სამხედრო დახმარების ხილვა სურს გერმანიიდან, პირველ რიგში კი, მძიმე ჯავშანტექნიკის - "ლეოპარდის" ტანკებისა და "მარდერის" ქვეითთა საბრძოლო მანქანების სახით.
"ლეოპარდის" ტანკის ბაზაზე დამზადებული თვითმავალი საზენიტო დანადგარების - "გეპარდების" გადაცემა კიევისთვის ბერლინს გადაწყვეტილი კი აქვს, მაგრამ შვეიცარიას ამაოდ სთხოვს ამ დანადგარებისთვის აუცილებელ 35 მმ კალიბრის ჭურვებს, თუმცა თავად გერმანული წარმოების "ლეოპარდებისა" თუ "მარდერების" უკრაინისთვის მისაცემად ბერლინს არავისგან დასტურის აღება არ სჭირდება. მაშინ სად არის ძაღლის თავი ჩამარხული?
პრობლემა, თურმე, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომიდან მომდინარეობს - გერმანული ტანკები ერთხელ უკვე უტევდნენ რუსეთს და აღარ გვინდა, თანამედროვე გერმანული ტანკებით, ეხლა უკვე უკრაინელებმა ჩაიხრიგინონ დღევანდელი რუსეთის გზებზეო - დაახლოებით, ასეთი განწყობაა შექმნილი გერმანიის სახელისუფლო წრეებში...
თუმცა გერმანიის მთავრობა გამოსავალს ეძებს და პოულობს კიდეც - ის ერთგვარი "როქირების" წესს სთავაზობს ნატოელ პარტნიორებს: თქვენს შეიარაღებაში თუ საწყობებში დარჩენილი საბჭოთა სისტემის ჯავშანტექნიკა გადაეცით უკრაინელებს და მის სანაცვლოდ გერმანულ "ლეოპარდებსა" და "მარდერებს" გადმოგცემთო.
ასეთი "როქირების" პრინციპს უკვე დათანხმდა ალიანსელი საბერძნეთი, რომლის მთავრობამაც უკრაინისთვის ძალიან გასახარი ინფორმაცია გააჟღერა.
ოფიციალური ათენის განცხადებით, საბერძნეთი უკრაინას აჩუქებს 122 ერთეულ "ბმპ-1" ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას, მათი 73 მმ-იანი ქვემეხებისთვის საჭირო 15 ათასი ჭურვის მარაგით, 20 ათასს "კალაშნიკოვის" ავტომატს, 7,62 მმ კალიბრის 3,2 მლნ ვაზნითურთ, "გრადის" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 122 მმ კალიბრის 2 100 რაკეტას, ათას ერთჯერად ტანკსაწინააღმდეგო "მუხას", ასევე, ნატოს სტანდარტის 155 მმ-იან 17 ათასს საარტილერიო ჭურვსა და 60 გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "სტინგერს".
მართლაც, რომ შთამბეჭდავი საჩუქარი გამოსდის ბერძნებს, რითაც უკრაინელებს ერთი ახალი მექანიზირებული ბრიგადის დაკომპლექტებაც კი შეეძლებათ.
მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი - საიდან გაჩნდა ამდენი საბჭოთა სტანდარტის შეიარაღება ნატოს წევრი საბერძნეთის არსენალში?
პასუხი მარტივია - 1989 წელს, "ბერლინის კედლის" დანგრევისა და ორი გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ბუნდესვერს დარჩა აღმოსავლეთ გერმანიის არმიის მთელი საბჭოთა სტანდარტის შეიარაღება, რომლის ნაწილი ბერლინმა ან, უბრალოდ, გააჩუქა ნატოელ პარტნიორებზე, ან სიმბოლურ ფასად მიჰყიდა, მაგალითად "მიგ-29" ტიპის თვითმფრინავებში პოლონეთმა გერმანიას სიმბოლურად... ერთი ევრო გადაუხადა ერთ გამანადგურებელში!
ბერძნებმა კი უფრო ადრე ერთი საბჭოთა "ბმპ-1"-ი მხოლოდ 50 ათას გერმანულ მარკად შეიძინეს ბერლინიდან და ეხლა დიდი სიამოვნებით გაცვლიან მას გერმანულ "მარდერებში" - ანუ უკრაინის ომით ყველა ცდილობს, რაღაც მოგება ნახოს...
საბერნეთის სამხედრო საჩუქრის ("კალაშნიკოვების", "გრადის" რაკეტებისა და ჰაუბიცების ჭურვების) გაგზავნა უკრაინაში უკვე დაწყებული იყო 21 სამხედრო-სატრანსპორტო და სატვირთო თვითმფრინავით, როდესაც ათენმა მოულოდნელი წინაპირობა წამოაყენა - "ბმპ-1"-ებს უკრაინას მხოლოდ მას შემდეგ გადავცემთ, რაც ჯერ გერმანია გამოგვიგზავნის თავის "მარდერებსო"!
რა გამოდის, ბერძნები სიტყვაზე აღარ ენდობიან გერმანელებს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა დაიწუწუნა - გერმანიამ, მგონი, "გადაგვაგდო", როდესაც უკრაინას 200-ზე მეტი "ტ-72"-ი მივაწოდეთ, მაგრამ მის საკომპენსაციოდ "ლეოპარდები" დღემდე არ გამოუგზავნია პოლონეთის არმიისთვისო?...
ასე თუ ისე, გერმანელები ყველანაირად თავს არიდებენ, რომ მისი "ლეოპარდები" და "მარდერები" უკრაინელების შეირაღებაში აღმოჩნდეს და ამით რუსეთს საშუალება მიეცეს, აყვირდეს - როგორც 1942 წელს, 2022 წელსაც გერმანული ტანკებიდან გვესვრიანო....
პ.ს. ისე, საინტერესოა, როგორ შეხვდება კრემლი ბერძნების სამხედრო დახმარებას უკრაინელებისთვის, რადგან რუსეთისთვის საბერძნეთი ყოველთვის მოიაზრებოდა, ნატოში მოსკოვისადმი არც თუ ყველაზე ცუდად განწყობილი დასავლეთის ქვეყნად და, შესაბამისად, თანამედროვე რუსულ შეიარაღებას, მათ შორის - საზენიტო "ს-300"-ებსაც კი ჰყიდდა (ბევრად ადრე ვიდრე თურქეთს "ს-400"-ები მიჰყიდა) ბერძნებზე...