"ასეთ თაღლითურ სქემებში ვცხოვრობთ და ბოლომდე ახლართულები ვართ" - კვირის პალიტრა

"ასეთ თაღლითურ სქემებში ვცხოვრობთ და ბოლომდე ახლართულები ვართ"

სოციალური სიდუხჭირე ხშირად ადამიანებს აიძულებს, ფულის შოვნის ექსტრავაგანტურ (რბილად რომ ვთქვათ) გზებს მიმართონ. მაგალითად, ასეთია STEP’N-ის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს (ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული აძლევდა), ფეხით სიარულით გამოიმუშაონ თანხა. საუბარია სპორტულ ფეხსაცმელზე, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინაპლიკაციის მეშვეობით (ვირტუალური ბოტასია); ამ ფეხსაცმლით უნდა იაროთ დღეში ორჯერ, რაღაც ენერგია დახარჯოთ და ამაში გამოიმუშავებთ კრიპტოვალუტას, რომელსაც შემდეგ გადააკონვერტირებთ რეალურ ფულში და გადაიტანთ თქვენს ანგარიშზე.

სწორედ მარტიდან მოყოლებული, საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს ციფრულ ბოტასებს, რომელთა მფლობელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სუფთა ჰაერზე სეირნობით, ძუნძულითა და სირბილით თანხა გამოემუშავებინათ. ნაწილი ამას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საშუალებად მიიჩნევს, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ NFTbotasi, იგივე StepN ფინანსური პირამიდის მორიგი სახეობაა: რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ აპლიკაცია მოგებულ თანხებს ვეღარ გასცემს და უკმაყოფილო აპლიკანტთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

ამ თემაზე ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს ვესაუბრეთ.

- მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში ათასი პირამიდული სქემა არსებობს - ყველაზე ცნობილი დანაშაულები სწორედ თაღლითური სქემებია. ადამიანებს გარკვეულ ილუზიას უქმნიან (შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს) და პოტენციურ მსხვერპლს მახეში აბამენ. ანალოგიურია ე.წ. აპლიკაცია ბოტასი, რომელსაც უკვე პრობლემები შეექმნა, ანუ ამ ადამიანებმა საზოგადოებაში ნდობა მოიპოვეს (ნეგატიურმა თუ პოზიტიურმა პროპაგანდამ მათთვის შედეგი გამოიღო), გარკვეულ თანხას დაეუფლნენ და ჩემი ინფორმაციით, გაქრნენ. ახლა „ბოტასის" ყიდვა რომ მოინდომოთ, ფაქტობრივად, უკვე "კაპიკებში" იყიდით. მაგალითად: თუ აქამდე 2.000 დოლარი ღირდა, დღეს 500 დოლარადაც შეგიძლიათ შეიძინოთ. ყველა უკვე ყიდის ე.წ. ბოტასს, რადგან ხვდებიან, მორიგი თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.

როცა რისკავ, არ იცი, თანხას ვისთან და რაში დებ, საერთოდ, აღნიშნული ბიზნესის წარმომავლობაზე არაფერი იცი, როგორც წესი, თაღლითურ სქემას ეხები. ამიტომ თქვენი ჟურნალის მეშვეობით საზოგადოებას ვუხსნი - თაღლითს შენი მორალი საერთოდ არ აინტერესებს; მაგალითად, მოხუცი ხარ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სოციალურად დაუცველი თუ ა.შ. მათგან თავი უნდა დაიცვათ, ეს პირველ რიგში, თვითონვე უნდა გააკეთოთ.

- როგორ უნდა დაიცვა თავი?

- უპირველესად, კითხვების დასმით. მაგალითად, თანხა რაში უნდა ჩავდო? რეალურად, ვისთან უნდა დავაბანდო? ამის ყოველთვიური მოგება რა იქნება და ა.შ. რაც მთავარია, ამ ყოველივეს იურიდიულად გამყარებული ხელშეკრულება უნდა ახლდეს. შემდეგ მოთხოვნის საფუძველი გექნებათ, რომ ეს თანხა ამოიღოთ (არ დაგეკარგოთ). არა ისე, მთელი საქართველო ბრმად რომ ენდობოდა აღნიშნულ აპლიკაციას, განსაკუთრებით - ახალგაზრდები, დაახლოებით სამი თვის განმავლობაში დადიოდნენ-დარბოდნენ მოგების იმედით, მთელი ქვეყანა ამ ციებ-ცხელებით იყო მოცული. ამიტომ საზოგადოებისთვის ჩემი თხოვნა და რეკომენდაციაა, მსგავს შემთხვევებში ყოველთვის კრიტიკული კითხვები დასვან - სად მიემართება მათი ფული. მიღებული პასუხებიც აუცილებლად გადაამოწმონ. ასეთი გამონათქვამი არსებობს: ენდე, მაგრამ გადაამოწმე! რათა მორიგი დაზარალებულის ამპლუაში არ აღმოჩნდე.

- ეს ე.წ. პირამიდა მუშაობის რა პრინციპზე დგას?

- მაგალითად, სულ ახლახან იყო „ქიუნეტის" პირამიდული სქემა, სადაც ორი კაცი უნდა მიგეყვანა, მოგცემდნენ ათას დოლარს, მერე იმათ სხვები მიჰყავდათ და ა.შ. ასე აგროვებდნენ ფულს, რაღაც ვაუჩერებს გჩუქნიდნენ... აქაც ანალოგიური პრინციპი მოქმედებს: ჩაერთვებოდი ამ სისტემაში, დადიოდი-დარბოდი და გარკვეულ თანხას გამოიმუშავებდი. დიდი სქემის ნაწილია, რომ აპლიკანტების დაინტერესება ყოფილიყო, მარტივად ფული როგორ ეშოვათ... ასე იოლად სხვა ფულს როგორ გაშოვნინებს? ასე რომ იყოს, მსოფლიოში ამდენი გაჭირვებული არ იქნებოდა!..

კიდევ ერთი: აღნიშნული კომპანია სადღაც ავსტრალიაშია დაფუძნებული, ვიღაც იქს-პირების მიერ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მას რაიმე როგორ უნდა მოსთხოვო? ანუ რა საფუძველი გაქვს, შენი თანხის უკან ამოღება შეძლო?! ამას ვერ გააკეთებ, გამორიცხული ამბავია. რეალურად არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობს - ხელშეკრულება არ არის. ასეთ პირამიდაში თანხას როცა დებ, ფაქტობრივად, ჰაერში ყრი, რასაც ბრმად გარისკვა ჰქვია. ის გთავაზობს მიმზიდველ აპლიკაციას, რომ სიარულისთვის დღეში 50 დოლარს იშოვი. ასე მარტივად ერთვები მაქინაციაში. შედეგიც შესაბამისია - დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი რომ ჩაერთო ამ ყველაფერში, ეგრევე აორთქლდნენ, რადგან მიზანს მიაღწიეს... რომ შეხვიდეთ მათ გვერდზე - „სტეფნ ჯორჯია", ნახავთ - ხალხი უკვე ძალიან ცუდ სტატუსებსა და კომენტარებს აქვეყნებს, რადგან მიხვდნენ, თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.

- ე.ი. დაზარალებულებს არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არა აქვთ?

- არა, რადგან კლასიკური თაღლითური სქემის მსხვერპლები არიან. ვიმეორებ, მსგავსი სქემა ჩვენს ეპოქაში ბევრია. ფაქტობრივად, დღევანდელი საზოგადოება ასეთ თაღლითურ სქემებში ვცხოვრობთ და ბოლომდე ახლართულები ვართ. ვცდილობთ, ამ თაღლითებისგან არ დავზარალდეთ და რამენაირად თავი დავიცვათ. ამიტომ ისე უნდა იმოქმედო, რომ არავითარ შემთხვევაში საკუთარი ინტერესები არ დააზიანო. ეს არ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გეცოდინება, თანხას რაში აბანდებ.

- ამ პროცესში სახელმწიფოს რაიმე ფორმით მონაწილეობა არ შეუძლია?

- ისეთი ბრმა პროცესია, ფიზიკურად წარმოუდგენელია სახელმწიფოს მხრიდან მისი კონტროლი. თავი რომ დავიზღვიოთ, არც სოციალური ქსელი უნდა არსებობდეს და არც მსგავსი არაფერი. ეგ უკვე სხვა განხილვის საკითხია. მაგალითად, რუსეთში ასეთი პრეცედენტია, რომ გარკვეული პერიოდი კრიპტოვალუტის ხმარება საერთოდ შეიზღუდა, მაგრამ მოგვიანებით ისევ აამოქმედეს, რადგან აზრი არ ჰქონდა, პროცესს მაინც ვერ აკონტროლებდნენ.

გელა მამულაშვილი

ჟურნალი "გზა"

ასევე დაგაინტერესებთ: "მესაკუთრეს შეუძლია ჩაწეროს, რომ ნებისმიერი ნივთი მის მფლობელობაში გადავა, თუ მდგმური ქირას არ გადაუხდის" - რა უნდა ვიცოდეთ, როცა ბინას ვაქირავებთ ან ვქირაობთ