"უკრაინელმა მომღერალმა ფოტოზე წამიწერა: იმღერე მტრედო, ეს სულის აღმაფრენაა" - კვირის პალიტრა

"უკრაინელმა მომღერალმა ფოტოზე წამიწერა: იმღერე მტრედო, ეს სულის აღმაფრენაა"

ვინ ასწავლიდა ქართველ გოგონას უკრაინულ სიმღერებს

გოგონა ბაღის ასაკისა იყო, როცა პიანინოს ნამდვილი პიანისტის პოზაში მიუჯდებოდა და „უკრავდა“. სიმღერებს მამა ასწავლიდა, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა. სკოლაში სწავლის პარალელურად მუსიკალურ ათწლედში შევიდა ფორტეპიანოს განხრით. მისაღებ გამოცდებზე ოთხი ბგერა გამოიცნო, ეს იშვიათობაა ამ ასაკში... ასევე იშვიათია, საოპერო და საესტრადო ჟანრში სიმღერა, ამავე დროს გალობაც მომღერალს ერთნაირად სრულყოფილად შეეძლოს. ამას არაჩვეულებრივად ახერხებს თამარ კოკაია, რომელსაც ვერ წარმოუდგენია თავი მუსიკისა და სიმღერის გარეშე. აი, უკრაინულ სიმღერებთან კი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს...

- ბავშვობის ერთი ეპიზოდი დედაჩემის მონაყოლით ვიცი. 4 წლისას ჩუტყვავილა შემხვდა მძიმე ფორმით. ინფექციურ საავადმყოფოში დიდხანს ვიწექი და ვახტანგ ბოჭორიშვილის დამსახურებაა, რომ გადავრჩი. ვერაფერს ვჭამდი, გავხდი. ცოტა რომ მოვიხედე, წამღერებით მითქვამს: მენატრება, მენატრებაა... მშობლებს უფიქრიათ, რამე საჭმელი მინდოდა. "პიანინოზე დაკვრა მენატრება!" - ეს იყო ჩემი პასუხი.

მეზობელ გოგოსთან ბავშვობიდან ვმეგობრობდი და ხშირად მივდიოდი მის ოჯახში. დედამისი - უკრაინელი გალინა კოლესნიჩენკო თბილისის ოპერის გუნდში მღეროდა და უკრაინულ სიმღერებს სახლში ხშირად ასრულებდა. ის სიმღერები გულში ჩამივარდა და დავინტერესდი. მერე ვთხოვე, ჩემთვის ესწავლებინა. პირველი, რაც მასწავლა, იყო ოქსანას სიმღერა ოპერიდან „ზაპოროჟეც ზა დუნაემ“. ნელ-ნელა ისე დავუმეგობრდი ამ ქალბატონს, რომ ჩემი მეგობარი, როცა მასთან მივდიოდი, გალინას რუსულად გასძახებდა ხოლმე: დედა, შენი „პადრუჟკა“ მოვიდაო. ჩვენი მეგობრობა დღემდე გრძელდება.

- ფორტეპიანოს განხრით როცა სწავლობდით, სადმე მღეროდით?

- კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდში ვმღეროდი, იქ ვსწავლობდი. ხელმძღვანელი იყო ოპერის გუნდის მთავარი ქორმაისტერი აბიკო დანელიანი. თბილისში გამართულ ფესტივალზე ჩვენმა გუნდმა ვერცხლის მედალი აიღო. მუსიკალური ათწლედის შემდეგ კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სკოლაში ვოკალის კურსი გავიარე, ქალბატონ ლამარა ჭყონიასთან ვსწავლობდი. პედაგოგთან ძალიან თბილი ურთიერთობა მქონდა, სახლშიც მიბარებდა სამეცადინოდ. იმ პერიოდში პარალელურად, 3 წელი ლურჯ მონასტერში ვგალობდი. ქალბატონი ლამარას იდეა იყო, რომ დამეწყო გალობა და მან დამაკავშირა მოძღვართან, მეც სიამოვნებით დავთანხმდი.

შემდეგ ჩავაბარე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, მუსკომედიის ჯგუფში ჩავირიცხე. ჩემთან ერთად სწავლობდნენ მიშა ზაქარეიშვილი, მაია ყარყარაშვილი, ელგა ფორჩხიძე, ლეილა თოდაძე, ერთი კურსით წინ იყო ლელა წურწუმია. სტუდენტები სულ ერთად ვიყავით. საკომპოზიტორო ნიჭიც აღმომაჩნდა, ჩემს დაწერილ სიმღერებს თავად ვასრულებდი. თუმცა იმდენი ხანია აღარ ვუკრავ, მგონი, ყველაფერი დამავიწყდა. კიდევ კარგი, ბატონმა ირაკლი მიქელაძემ ჩემი სიმღერები კასეტაზე ჩაიწერა და ისინი შემომრჩა. თავის დროზე, ჩემი სიმღერები მოისმინეს კომპოზიტორებმა სულხან ცინცაძემ, სულხან ნასიძემ... ანდრია ბალანჩივაძემ მითხრა: დამწყები კომპოზიტორი ხარ და უკვე შენი სტილი გაქვსო. ეს დიდი შეფასება იყო.

- უკრაინულ სიმღერებს სად ან ვისთან ერთად ასრულებდით?

- ირაკლი მიქელაძემ დააარსა ანსამბლი „ლილია“, ძირითადად უკრაინულ სიმღერებს ვმღეროდით. ბატონი ირაკლი გალინა კოლესნიჩენკოს მეუღლეა. საქართველოში უკრაინული დიასპორა რომ შეიქმნა, მათ მიერ მოწყობილ კონცერტებზე, ქალბატონი გალინას სურვილით, ყოველთვის ვმონაწილეობდი. სოლო ნომრები მქონდა, ოპერიდან დუეტს ვასრულებდი ტენორ ანტიპოვთან ერთად. სამწუხაროდ, ის ბიჭი გარდაიცვალა, ძალიან მოსწონდა ჩემი ხმა და ჩემთან ერთად სიმღერა. ანსამბლი „ლილია“ მონაწილეობდა ევროპული ხელოვნების ფესტივალზე მცხეთაში, საახალწლო ღონისძიებებზე. სურამში ყოველ წელს გვეპატიჟებოდნენ ლესია უკრაინკას დაბადების დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე. გასტროლი გვქონდა გურიაში, ფოთში. ხშირად გამოვდიოდით პიონერთა სასახლეში, უკრაინის საელჩოში... უამრავი კონცერტი ჩაგვიტარებია.

- თეატრში თქვენი კარიერა რომ არ შედგა, გული გწყდებათ?

- დიდ სცენაზე სიმღერის ოცნება ვერ ავისრულე. მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრში „ქეთო და კოტე“ იდგმებოდა. აქ მომისმინეს, შემომთავაზეს ქეთოს როლი მომემზადებინა და კონკურსი გამევლო. დავიწყე კიდეც რეპეტიციები, მაგრამ ჟანა თოიძემ, ჩემმა არაჩვეულებრივმა პედაგოგმა მითხრა, - ამხელა დატვირთვა შენთვის ჯერ ადრეაო. თეატრალურში სწავლის დროს, თან ოპერის გუნდში ვმღეროდი, მაგრამ ლექციებს ვეღარ ვესწრებოდი. არჩევანი უნდა გამეკეთებინა და 3 თვის მერე ოპერიდან წამოვედი. გაგიჟდა გელა ფარჩუკიძე, მეუბნებოდა: როცა მოინდომებ, მაშინვე მიგიღებო. ინსტიტუტის მეოთხე კურსზე მუსკომედიის თეატრში სამუშაოდ მიწვევდნენ, უარი ვთქვი... ყოველთვის უკან ვიხევდი. მერე უკვე ოჯახური პირობებიც ხელს არ მიწყობდა. ერთი პერიოდი საგანმანათლებლო ცენტრში ვმუშაობდი, სადაც უკრაინელ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ქართულ ენას ვასწავლიდი.

- უკრაინაში ნამყოფი ხართ? უკრაინელ მომღერლებს, კომპოზიტორებს იცნობთ?

- უკრაინაში არ ვყოფილვარ... ხარკოვის ოპერის თეატრში ერთწლიან სტაჟირებაზე მიმიწვიეს, მაგრამ ვერ წავედი. უკრაინული ასოციაციის ხელშეწყობით, აქ დაიდგა სპექტაკლი „ზაპოროჟეც ზა დუნაემ“, რომელსაც უკრაინული დელეგაცია ესწრებოდა. სპექტაკლის მერე ასოციაციის თავმჯდომარე ქალი მოვიდა ჩემთან და მითხრა, - ერთ-ერთმა სტუმარმა ანგელოზს შეგადარაო, ოქსანას არიას ვმღეროდი. ცნობილი უკრაინელი მომღერალი, უკრაინის სახალხო არტისტი ნინა მატვიენკო სტუმრად იყო მიხეილ გრუშევსკის სახელობის უკრაინულ სკოლაში და კონცერტზე მომისმინა, ძალიან მოვეწონე. მეორედ როცა ჩამოვიდა თბილისში, კონსერვატორიაში ჰქონდა გამოსვლა. კონცერტის შემდეგ მასთან მივედი, ნინამ ფოტოზე უკრაინულ ენაზე წამიწერა: „იმღერე მტრედო, ეს სულის აღმაფრენაა“.

- ახლა რომ გუნდში მღერით, ამის შესახებ მიამბეთ.

- ეს სრულიად შემთხვევით მოხდა, სამი წლის წინ. ჩემი შვილი ცეკვაზე დამყავს. ერთხელ მშობლების საუბარს მოვკარი ყური, რაღაც გუნდის რეპეტიციას ახსენებდნენ. აღმოჩნდა, რომ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც ჩემი გოგონა სწავლობს, არსებობს ანსამბლი „უნისონი“, რომელიც მოსწავლეებს, მშობლებსა და ამ სკოლის პედაგოგებს აერთიანებს. ხელმძღვანელია მუსიკის პედაგოგი ნინო ჯულაყიძე. ანსამბლში მიმიღეს და ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ სიმღერის გარეშე მიჭირს. კარგა ხანია, რაც მიქელაძის გუნდი დაიშალა. როცა „უნისონის“ წევრი გავხდი, პირველად „ავე მარია“ შევასრულე. მერე პანდემია დაიწყო, ყველაფერი შეჩერდა და ახლა რომ განახლდა, ისეთი გახარებული ვარ, რეპეტიციაზე მივფრინავ... კონცერტისთვის ვემზადებით. სოლო ნომერი მომცეს, გერშვინის ოპერიდან „პორგი და ბესი“ კლარას ნანას ვმღერი და უკრაინული „ჩერნობრივცი“ უნდა მოვამზადო. სხვათა შორის, ლირიkულობით პარალელს ვავლებ მეგრულ და უკრაინულ სიმღერებს შორის. უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებებზე უკრაინულ სიმღერებს ვასრულებ. მათ შორის, ვმღერი „ბოჟე, უკრაინუ ზბერეჟი!“ ილიას უნივერსიტეტში ვიმღერე უკრაინისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოზე. ბოლო დროს, ხშირად ვასრულებ და შემიყვარდა კონსტანტინე მელაძის ლამაზი სიმღერა „კვიტკა დუშა“. ძალიან მიყვარს უკრაინული სიმღერა, გულში ჩამწვდომია.

ნანული ზოტიკიშვილი

ჟურნალი "გზა"