"კადიროვს პუტინის წინაშე ვალდებულება აქვს, თუ რამდენი "მოხალისე" უნდა გაგზავნოს უკრაინის ომში"
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, უკრაინის ტერიტორიაზე ჩეჩნეთიდან გაგზავნილი მებრძოლებიც დააფიქსირეს. როგორც უცხოური მედია წერს, რამზან კადიროვს, რომელიც კრემლში დიდი პრივილეგიებით სარგებლობს, პუტინის წინაშე ვალდებულებები აქვს.
უფლებადამცველმა აბუბაქარ იანგულბაევმა ამის შესახებ ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალთან განაცხადა.
იანგულბაევმა დააზუსტა, რომ კადიროვს ევალება, უკრაინაში ყოველ კვირაში ერთხელ 200 "მოხალისე" გაგზავნოს.
უახლესი ინფორმაციით, დღემდე ჩეჩნეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლველად 8 ათასამდე მებრძოლი გაგზავნეს, აქედან 1794 სხვა რეგიონიდან დაქირავებული მებრძოლია, ხოლო 1360 "მოხალისე" კი - ეთნიკურად ჩეჩენი.
უკრაინის ომში ჩეჩნეთიდან გაგზავნილ მებრძოლთა რაოდენობა რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა მაგომედ დაუდოვმა რესპუბლიკის სამთავრობო ტელეკომპანია "გროზნის" ეთერში გააჟღერა. დაუდოვის თქმით, ჩეჩნეთიდან უკრაინაში 8 176 მებრძოლი გაგზავნეს, მათში შედიან როგორც ძალოვნები, ასევე - "მოხალისეები".
უფლებადამცველის, აბუბაქარ იანგულბაევის ცნობით კი, ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიაზე ჩეჩნეთიდან გაგზავნილი 3 000 "მოხალისეა", აქედან 1400-მდე მებრძოლი - ეთნიკურად ჩეჩენი.
როგორც ცნობილია, 17 აპრილს ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა "ტელეგრამ-არხზე" თავად განაცხადა, რომ უკრაინაში გასაგზავნად გუდერმესის (ქალაქი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში - რედ.) ბაზაზე კიდევ 200 მოხალისეს ამზადებენ.
იანგულბაევის ცნობით, სავარაუდოდ, ეს რიცხვი მას შემდეგ დადგინდა, რაც 15 მარტს ჩეჩნეთში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი - ნიკოლაი პატრუშევი ჩავიდა და პუტინსა და კადიროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
3 ივნისს რამზან კადიროვი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს - სერგეი შოიგუს შეხვდა. როგორც რამზან კადიროვის "ტელეგრამ-არხით" გახდა ცნობილი, შეხვედრაზე მათ უკრაინაში მიმდინარე საომარი მდგომარეობა და "ახალი დავალებები" განიხილეს, რომელიც "მომავალ ტაქტიკას გააუმჯობესებს", "რაც გაზრდის მანევრების ეფექტიანობას და "სპეცოპერაციას" უფრო მოქნილს გახდის".
ჩეჩენი უფლებადამცველებისა და ბლოგერების ცნობით, მათ უამრავი წერილი მისდით, სადაც ჩეჩნეთის მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ომში "მოხალისეებად" ძალდატანებით გზავნიან. მათ ორი არჩევანი აქვთ - ან უნდა წავიდნენ ომში უკრაინელების წინააღმდეგ, ან ცხოვრება "საიდუმლო" ციხეში გაატარონ.
როგორც ცნობილია, იმ ჩეჩნებს შორის, რომლებიც უკრაინაში "მოხალისედ" გაგზავნეს, არიან მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები და ისინიც, ვისაც სასჯელი სრულად არ მოუხდია.
აღსანიშნავია, რომ მაისის შუა რიცხვებში უკრაინულმა მხარემ "კადიროველებზე" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2425 ჩეჩენი "მოხალისიდან" ეთნიკურად ჩეჩენი მხოლოდ მათი ნახევარია, დანარჩენი კი რუსეთის სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელია.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ჩეჩნეთის ქალაქ შალის დივიზიის მებრძოლები უარს ამბობდნენ უკრაინაში ომში მონაწილეობაზე და სახლში დაბრუნებას ითხოვდნენ.
როგორც ცნობილია, კადიროვი უკრაინის ომში ჩართულ "მოახლისეებს" ფულადი პრემიის სახით 300 ათას რუბლს შეჰპირდა, თუმცა რამდენიმე კვირაში ჩეჩნეთში დანაპირებზე უარი თქვეს და თანხა აღარ გადაიხადეს.