"ჩვენ არავინ გვამცირებს, ისინი გვკლავენ, ამიტომ..." - ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს მიმართავს - კვირის პალიტრა

"ჩვენ არავინ გვამცირებს, ისინი გვკლავენ, ამიტომ..." - ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონის განცხადებას ეხმაურება, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინის შეცდომების მიუხედავად რუსეთი არ უნდა დაამცირონ.

ზელენსკის თქმით, არ ესმის, რა ნიშნავს რუსეთის დამცირება.

როგორც ზელენსკი აცხადებს, რუსები უკრაინელებს კლავენ, შესაბამისად, უკრაინა არ აპირებს არავის დამცირებას, არამედ იგივე ინსტრუმენტებით უპასუხებს.

"არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, რაზე ვსაუბრობთ? 8 წელზე მეტია ისინი ჩვენს ხალხს კლავენ, რაზე ვსაუბრობთ? ემანუელი ღრმად არის გათვითცნობიერებული ამ პროცესში, ის "ნორმანდიული ოთხეულის“ ერთ-ერთი ლიდერია, კარგად ერკვევა მინსკის დოკუმენტის დეტალებში. ჩვენ არავინ გვამცირებს, ისინი გვკლავენ. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ არავის დამცირებას, ჩვენ იგივე ინსტრუმენტით ვუპასუხებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა, დაუშვა "ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა" უკრაინაში შეჭრით და ახლა "იზოლირებულია”, თუმცა ამავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, რათა დიპლომატიური გამოსავალი მოიძებნოს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ბრძოლა შეჩერდება.

"ვფიქრობ, მან საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია, რომლისგანაც თავის დაღწევა ნამდვილად რთულია. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთი შეძლებს მედიატორის როლის შესრულებას“, - განაცხადა მაკრონმა.

"ინტერპრესნიუსი"