"ვლადიმერ პუტინს ევროკავშირის განადგურება სურს" - ანგელა მერკელი პუტინზე, 2008 წელსა და უკრაინის ომზე - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინს ევროკავშირის განადგურება სურს" - ანგელა მერკელი პუტინზე, 2008 წელსა და უკრაინის ომზე

დასავლეთის მასმედია ფართოდ აშუქებს გერმანიის ყოფილი კანცლერის - ანგელა მერკელის პირველ ინტერვიუს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, რომელიც მას ჟურნალ "დერ შპიგელის" (Der Spiegel) ჟურნალისტმა და მწერალმა ალექსანდრე ოსანგმა 7 ივნისს ჩამოართვა.

საინტერესოა, რომ ინტერვიუ საჯარო იყო, საუბარი ბერლინის თეატრის Berliner Ensemble-ის დარბაზში გაიმართა, მას უამრავი ადამიანი ესწრებოდა და ეთერში, პრაქტიკულად, გერმანიის ყველა ძირითადი ტელეარხით გადაიცემოდა.

მასალები ყოფილი კანცლერის ინტერვიუს შესახებ გამოქვეყნებულია "დოიჩე ველეს" (Deutsche Welle) ვებგვერდზე სათაურით - "ანგელა მერკელი: ვლადიმერ პუტინს ევროკავშირის განადგურება სურს". ვრცელი მიმოხილვა გამოაქვეყნა, აგრეთვე, ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია "ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმაც (BBC Russian): "უკრაინა არ იყო მზად ნატოში შესასვლელად, მაგრამ ჩვენ დროის მოგება შევძელით".

გთავაზობთ ინტერვიუს მიმოხილვას:

"გერმანიის ყოფილმა ლიდერმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი, ისაუბრა ვლადიმერ პუტინის მიმართ თავის დამოკიდებულებაზე და განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი 2008 წელს უკრაინისა და საქართველოს მიღებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებად", - აღნიშნულია პუბლიკაციის დასაწყისში.

ანგელა მერკელის თქმით, რუსეთის არმიის შეჭრით უკრაინაში დიდი შეცდომა იქნა ჩადენილი: "ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველაზე უხეში დარღვევა, რომელსაც არავითარი გამართლება არ აქვს", - ხაზი გაუსვა მან. ყოფილი კანცლერი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიძულვილი და მისი მტრული განწყობა მიმართულია დასავლური დემოკრატიული მოდელის წინააღმდეგ: "ვლადიმერ პუტინს ევროპისა და ევროკავშირის განადგურება სურს - იმიტომ, რომ იგი მასში ნატოს პირველ საფეხურს ხედავს", - ვარაუდობს ანგელა მერკელი. ყოფილმა კანცლერმა, ასევე, აღიარა, რომ გერმანიის ყოფილმა მთავრობამ "ვერ მოახერხა უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, ამიტომ ამაზე აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ. ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას - უფრო მეტის, რისი გაკეთება შეიძლებოდა, რომ უკრაინის ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა. ძალიან ვდარდობ, რომ ეს ვერ გავაკეთე, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი და ვერ ვუსაყვედურებ საკუთარ თავს, რომ ამას არ ვცდილობდი", - თქვა ექსკანცლერმა.

"ბოდიშს არ მოვიხდი..."

გერმანიაში ბევრი აკრიტიკებს ანგელა მერკელის მიერ რუსეთთან გატარებულ საგარეოპოლიტიკურ კურსს - როგორც გადაჭარბებულად რბილს და ლოიალურს, თუმცა ინტერვიუში იგი შეეცადა, გაემართლებინა თავისი მთავრობის დიპლომატია რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, 2014-2015 წლების მინსკის შეთანხმებების საფუძველზე: "პრობლემების დიპლომატიური გზით მოგვარება არასოდეს შეცდომა არ არის. სხვა საქმეა, თუ დიპლომატია სხვადასხვა მიზეზის გამო არ მუშაობს. მე არ ვთვლი საჭიროდ იმის თქმას, რომ "რაღაც არასწორად გავაკეთე" და ამიტომ ბოდიშსაც არ მოვიხდი", - თქვა ანგელა მერკელმა. იმავდროულად, მან აღიარა, რომ საჭირო იყო უფრო მკაცრი რეაგირება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე, 2014 წელს.

"რატომ ვიყავი წინააღმდეგი 2008 წელს? იმიტომ, რომ..."

ექსკანცლერმა, ასევე, განმარტა, თუ რატომ გამოვიდა 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსის გაფართოებისა და უკრაინისა [და საქართველოსათვის] "მაპ"-ის მიცემის წინააღმდეგ. "მაშინდელი უკრაინა სულ სხვა უკრაინა იყო იმასთან შედარებით, როგორსაც დღეს ვხედავთ. იმ დროს უკრაინა პოლიტიკურად ვიქტორ იანუკოვიჩსა და ვიქტორ იუშენკოს შორის იყო გაყოფილი. იმ დროს უკრაინა შინაგანად დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყანას არ წარმოადგენდა. ამიტომაც ჩვენ არ შეგვეძლო ასე თქმა - "ოკეი, ხვალვე მიგიღებთ ნატოში", - თქვა ანგელა მერკელმა. გარდა ამისა, მისი თქმით, "არ შეიძლება ნატოს წევრად ერთ დღეში მიღება. ვიცოდი, რომ ვლადიმერ პუტინი ამას [უკრაინის ნატოში გაწევრებას] არ დაუშვებდა. რასაკვირველია, არ ვიზიარებდი რუსეთის ლიდერის პოზიციას, რომ მთელი ევროპა რუსეთის მტერია და რომ მას, ვლადიმერ პუტინს, ამცირებენ... მაგრამ ვიცოდი, რომ ის ამაში დარწმუნებული იყო".

ყოფილმა კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში ინტეგრირების დაბლოკვა, გარკვეულწილად, კიევის ინტერესებისთვისაც მოხდა: "მაშინ ჩვენ დრო მოვიგეთ. ჩვენმა გადაწყვეტილებამ უკრაინას განვითარების შესაძლებლობა მისცა... თუმცა ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა, რომ ჩემი მცდელობები რუსეთის შესაჩერებლად უშედეგო აღმოჩნდა".

------------

ანგელა მერკელმა უპასუხა, აგრეთვე, ჟურნალისტ ალექსანდრე ოსანგის ბევრ სხვა კითხვასაც, მაგალითად, თუ რატომ ჰქონდა მას კანკალის შეტევები არა ერთხელ, 2019 წელს, როცა იგი ჯერ კიდევ კანცლერის თანამდებობაზე იყო. მისი თქმით, ეს დედის გარდაცვალების შემდეგ დაემართა - დარდით გამოიფიტა, ძალიან ცოტა წყალს სვამდა და ამიტომაც კანკალი დაეწყო.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ