ესპანელები არც საზენიტო "ასპიდებს" და არც "ლეოპარდის" ტანკებს არ დაინანებენ უკრაინელებისთვის - კვირის პალიტრა

ესპანელები არც საზენიტო "ასპიდებს" და არც "ლეოპარდის" ტანკებს არ დაინანებენ უკრაინელებისთვის

მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ესპანეთი უკრაინისგან ყველაზე მოშორებული ნატოს წევრი ქვეყანა, შეიძლება ალიანსის ბევრ წევრზე უფრო გულუხვი აღმოჩნდეს და იმავე გერმანიასავით არ ახვეწინოს "ლეოპარდის" ტანკების მიწოდებაზე უკრაინელებს.

მაგრამ სანამ საქმე "ლეოპარდებამდე" მივა, ესპანელებმა უკვე დაიწყეს "ასპიდის" ტიპის ახლო მოქმედების საზენიტო კომპლექსების გადაცემა უკრაინისთვის და დასავლეთის პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც ამერიკულ "სტინგერსა"და ბრიტანულ StarStreak-ზე უფრო შორსმოქმედი საზენიტო საშუალება გაიმეტა უკრაინის ცის დაცვის ნაწილობრივ გაძლიერებისთვის მაინც. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ასპიდი" ესპანეთის შეიარაღებაში ძალიან ჩახლართული გზით მოხვდა.

ამერიკული "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი საავიაციო რაკეტის AIM-7 Sparrow-ს ბაზაზე იტალიელებმა 1970-იანი წლების დასაწყისში შექმნეს გაუმჯობესებელი რაკეტა Aspide, რომელიც შემდგომ "ხომალდი-ჰაერის" და "ხმელეთი-ჰაერის" სარაკეტო კომპლექსებადაც გადააკეთეს.

08062022-1242-1654678467.08_REC.png
„ასპიდის“ საზენიტო რაკეტის სტარტი

1980-იან წლებში ესპანეთმა თავისთვის სწორედ "ხმელეთი-ჰაერის" კლასის "ასპიდები" შეიძინა და ის "ტოლედოს" სახელით ცნობილ საზენიტო სარაკეტო-საქვემეხო სისტემაში გააერთიანა, რომელიც შედგებოდა რადიოლოკაციური სადგურისგან, 35 მმ-ის კალიბრის ორი ავტომატური ქვემეხისგან და "ასპიდის" ოთხრაკეტიანი ორი გასაშვები დანადგარისგან.

მობილური რადიოლოკატორი 20 კმ-ის რადიუსში აღმოაჩენს საჰაერო სამიზნეებს, მათ შორის - დაბალ სიმაღლეზე მფრენს და მართავს ავტომატური ქვემეხების ცეცხლს.

შეწყვილებულლულიანი 35 მმ-იანი ავტომატური ქვემეხის სწრაფსროლა წუთში 1 100 გასროლას შეადგენს და ეფექტიანი სროლის მანძილი სიმაღლეში 3,5-4 კმ-ს აღწევს.

სხვათა შორის, ანალოგიური საზენიტო ქვემეხები უყენია იმ გერმანულ საზენიტო "გეპარდებსაც", რომლებიც ბერლინმა ვერა და ვერ მიაწოდა კიევს.

იგივე რადიოლოკატორი საჰაერო სამიზნეებისკენ დამიზნებით უშვებს "ასპიდის" საზენიტო რაკეტებს, რომლებსაც მათი დაზიანება და ჩამოგდება 12 კმ-ის მანძილზე და 6 კმ სიმაღლემდე შეუძლიათ.

3-1654678503.jpg
მობილური რადიოლოკატორი

გასული საუკუნის 90-იან წლებში ესპანელებმა მოდერნიზაცია ჩაუტარეს "ასპიდის" რაკეტას და მისი საბრძოლო შესაძლებლობები გაიზარდა - მოქმედების რადიუსი 25 კმ-მდე, ხოლო მოქმედების სიმაღლე კი - 8 კმ-ზე მეტი.

ესპანური საზენიტო "ასპიდები" ავტომატურ ქვემეხებთან ერთად, რა თქმა უნდა, უკრაინის ცის დაცვის პანაცეად ვერ იქცევიან, მაგრამ მეტ-ნაკლებად წარმატებით შეეძლებათ იმ რუსული ფრთოსანი "კალიბრებისა" და "ხა-101"-ების ჩამოგდება, რომლებიც მიწიდან რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლეზე 800-900 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავენ, არადა, დღეს სწორედ ეს რუსული ფრთოსანი რაკეტებია უკრაინელი მეზენიტეების მთავარი თავის ტკივილი...

რაც შეეხება ესპანურ "ლეოპარდებს", აქაც ძალიან საინტერესო სიტუაცია იქმნება.

1995 წელს ესპანეთმა გერმანიისგან 108 ერთეული მეორადი Leopard 2A4 ტიპის ტანკი შეიძინა, "ლეოპარდების" ესპანეთში ლიცენზიით წარმოების პერსპექტივით.

უსახსრობის გამო ესპანეთმა მოგვიანებით უარი თქვა გერმანული "ლეოპარდების" წარმოების დაწყებაზე, ხოლო უკვე შეძენილი გერმანული ტანკები კი დააკონსერვა.

ახლა ესპანელები უკრაინელებს სთავაზობენ ამ დაკონსერვებული "ლეოპარდებიდან" 40 ერთეულის აღდგენასა და გადაცემას, ხოლო უკრაინული ეკიპაჟების მომზადებისთვის ჯერ ლატვიაში (სადაც ესპანეთს 500 სამხედრო და ექვსი "ლეოპარდი" ჰყავს განთავსებული), შემდეგ კი - თავად ესპანეთში.

4-1654678540.jpg
35 მმ-იანი საზენიტო ქვემეხები „ასპიდის“ რაკეტებს მოწინააღმდეგის საჰაერო ობიექტების ჩამოგდებაში ეხმარებიან...

40 ტანკი - ეს ერთი გაძლიერებული სატანკო ბატალიონია და ის ამინდს დიდად ვერ შეცვლის რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიან ომში, ისევე, როგორც, არც "ლეოპარდები" წარმოადგენენ აუფეთქებელ ტანკებს, მაგრამ აქ მთავარი მაინც ფაქტია - იმის ფონზე, როდესაც გერმანია და ნატოს ზოგიერთი სხვა ქვეყანა ომში მყოფ უკრაინას ახვეწნინებს ტანკებისა და მძიმე არტილერიის მიწოდებას სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრებით, ან სულაც პუტინის დამატებით არგაღიზიანების ფაქტორის გამო, ესპანეთი უკან არ იხევს...

მადრიდმა კიევის სამხედრო დახმარება აქამდეც განახორციელა, როდესაც აპრილის ბოლოს ესპანეთმა გემი გაგზავნა პოლონეთის პორტში უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი 200 ტონა საბრძოლო საჭურვლით, მათ შორის - С-90 ტიპის ერთჯერადი ყუმბარსატყორცნების პარტიითაც, რომლებითაც მას შემდეგ უკრაინელმა მებრძოლებმა არა ერთი რუსული ჯავშანტექნიკა აფეთქეს...