"უკვე შევძელით და "ნატვრის ხე" წავიკითხეთ ქართულად" - ვინ არის იაპონელი ქართველოლოგი, რომელიც იაპონელებს ქართულს ასწავლის? - კვირის პალიტრა

"უკვე შევძელით და "ნატვრის ხე" წავიკითხეთ ქართულად" - ვინ არის იაპონელი ქართველოლოგი, რომელიც იაპონელებს ქართულს ასწავლის?

ჰაიატე სოტომე ენათმეცნიერია, ქართველოლოგი.

მისი სადისერტაციო თემაა „ქართული თანამედროვე ლიტერატურა - ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა". პირველად 2011 წელს ჩამოვიდა საქართველოში. ამბობს, რომ როგორც ლიტერატურათმცოდნისა და ქართველოლოგისთვის, მთავარი ხიბლი ჩვენი კულტურა და ლიტერატურაა, რომელიც ძალიან მდიდარია და უდიდესი ისტორიაც აქვს, მაგრამ მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობია. ამჟამად მშობლებთან ერთად ცხოვრობს იაპონიაში და იქაურებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.

- დავიბადე ქალაქ უცუნომიაში, რომელიც ტოკიოდან 100 კილომეტრით არის დაშორებული. ვიზრდებოდი გარეუბანში, სადაც ულამაზესი ბუნებაა. პატარაობიდან მიყვარდა ცხოველები და შინ სულ გვყავდა ძაღლი, თუთიყუში, კუ.

პირველად 2011 წელს ჩამოვედი საქართველოში, 3 წელიც არ იყო გასული 2008 წლის ომის შემდეგ. თავიდან ბევრი რამ მეჩვენებოდა უცნაურად, მერე მივეჩვიე. მახსოვს, აეროპორტიდან ქალაქამდე ტაქსით წამოვედი და წარმოუდგენელი სისწრაფით მოვქროდით, ეს იყო შოკი. იაპონიაში ასე არ ხდება... ქართველოლოგიის ცენტრმა დამაკავშირა ოჯახს, სადაც კარგა ხანს ვცხოვრობდი. ძალიან კარგი ადამიანები არიან, უსაყვარლესი რაჭველი ბებია გვყავს. რაჭაში ჰქონდა გატარებული თავისი ბავშვობა და ხშირად მიყვებოდა იქაურ ამბებს.

თუშეთში, სვანეთში, სამეგრელოსა და მაღალმთიან აჭარაში ჯერჯერობით არ ვარ ნამყოფი. ხევსურეთი და ფშავი ძალიან მომეწონა. ფშავში დღეობაზე ვიყავი და განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. რაც ვაჟას თავის ნაწარმოებებში აქვს აღწერილი, თითქოს ის სურათი რეალურად გაცოცხლდა ჩემთვის.

- რატომ დაინტერესდით საქართველოს ისტორიითა და ქართული კულტურით, დამწერლობით?

- 2009 წელს ჩავაბარე ტოკიოს უცხო ენების კვლევის უნივერსიტეტში, რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე. მაგისტრატურა კი ტოკიოს უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურის განხრით დავამთავრე. 27 ენა ისწავლება იქ და ბევრი სტუდენტი უცხოეთში აგრძელებს სწავლას. რაკი რუსული ენის კათედრაზე ვიყავი, სავარაუდოდ, რუსეთში უნდა გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ ეს იდეა არ მომეწონა. ამ დროს გავიგე საქართველოს შესახებ - ერთ-ერთმა პროფესორმა სტუდენტებს თენგიზ აბულაძის „მონანიება" ანახა. ამან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რომ გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი. მეორე კურსიდან უკვე დავიწყე ქართულის შესწავლა. ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა. შემდეგ, ენა უკეთ რომ შემესწავლა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრში ვსწავლობდი. ქართულ კულტურას იაპონიაში ნაკლებად იცნობენ. იაპონელებმა იციან ქართველი სუმოისტების შესახებ, ბოლო პერიოდში ქართული სამზარეულოც გაიცნეს. მაგალითად, შქმერული განსაკუთრებულად მოსწონთ.

- პირველად რა წაიკითხეთ ქართულ ენაზე?

- როდესაც ჩემმა პედაგოგმა ქართულიდან იაპონურად თარგმნა „ალუდა ქეთელაური", „სტუმარ-მასპინძელი", „გველის მჭამელი", „შვლის ნუკრის ნაამბობი", „ჩხიკვთა ქორწილი" წავიკითხე და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 2011 წლიდან უკვე შემეძლო ქართული ნაწარმოებების კითხვა. პირველად „ჩხიკვთა ქორწილი" წავიკითხე, საბაკალავრო დისერტაციის თემად კი ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი" ავირჩიე. 2018 წელს ერთ სამეცნიერო სიმპოზიუმზე წავიკითხე მოხსენება ვაჟას „გველის მჭამელის" შესახებ, იმავე წელს ქართულიდან იაპონურად ვთარგმნე მცირე ზომის ლექსი.

- დისერტაციის თემად ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები" და „კაცია-ადამიანი?!" აიღეთ, რატომ?

- მაინტერესებდა რუსეთის იმპერიასთან საქართველოს ურთიერთობა და იმდროინდელი ინტელიგენციის დამოკიდებულება რუსეთის მმართველობისადმი, რაც „მგზავრის წერილებში" ძალიან კარგად არის ასახული. ილიას პრინციპი და მსოფლმხედველობა არის ისეთი, რომ საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროპისკენ. ჩემთვის პირველი მაინც ვაჟა-ფშაველაა, დღესაც თანამედროვე და აქტუალურია მისი თვალთახედვა. ის არა მარტო დიდი პოეტი, არამედ უდიდესი მოაზროვნეცაა, დაწერილი აქვს ისეთი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ნაწარმოებები, რომლებიც იაპონელებსაც კარგად გვესმის... ვაჟას ნაწარმოებებში საინტერესოა საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობის საკითხი, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის თემა. ამიტომაც მომწონს „გველის მჭამელი". ადამიანს შეუძლია ესმოდეს ბუნების ენა, მაგრამ რამდენადაც ცივილიზაცია ვითარდება, ჩვენ უფრო და უფრო ნაკლებად გვესმის მისი. მიხარია, რომ საქართველოს ულამაზესი ბუნება ჯერჯერობით მაინც ხელშეუხებელია.

- ამჟამად რას საქმიანობთ იაპონიაში?

- დოქტორანტურა დავამთავრე და ახლა ლექციებს ვკითხულობ, ასევე იაპონიაში, ერთ-ერთ კულტურულ ცენტრში ვასწავლი ქართულს. 30-40 წლის მოსწავლეები მყავს, კვირაში 2 გაკვეთილს ვატარებ. ჯერჯერობით 7-8 მოსწავლეა. რა თქმა უნდა, იოლი არ არის ქართულის შესწავლა, განსაკუთრებით - გრამატიკის. უფრო ზმნებია რთული სასწავლი. უკვე შევძელით და „ნატვრის ხე" წავიკითხეთ ქართულად. ქართული კინოს ფესტივალი რომ ჩატარდა ტოკიოში, მაშინაც მოვიდა ჩემთან ერთი მოსწავლე, დაინტერესდა ქართული ენით.

პერიოდულად ჩამოვდივარ საქართველოში. ბოლო 2 წელი არც ვყოფილვარ, პანდემიის გამო. ზაფხულში ვგეგმავ ჩამოსვლას, შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესია, სადაც მოხსენებას წავიკითხავ.

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი "გზა"