როცა არაფერი გამახსოვრდება სოციალური ქსელიდან თუ პოლიტიკური გადაცემებიდან, ანუ ბლოგი კეთილგონიერებისთვის - კვირის პალიტრა

როცა არაფერი გამახსოვრდება სოციალური ქსელიდან თუ პოლიტიკური გადაცემებიდან, ანუ ბლოგი კეთილგონიერებისთვის

როცა არაფერი გამახსოვრდება სოციალური ქსელიდან თუ პოლიტიკური გადაცემებიდან, ანუ ბლოგი კეთილგონიერებისთვის.

ყოველი სიტყვა, რომელსაც ჩვენ წარმოვთქვამთ, თავის მხრივ ბევრს ამბობს ჩვენზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ საინტერესო თემებზე უნდა ვილაპარაკოთ. დრო დანაკარგის გარეშე ძალიან მნიშვნელოვანია - ამბობს ბრძენი ხალხი. დამოუკიდებლობის 30 წლიდან უმრავლესი დაკარგული დროა აბა რა არის. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა, როცა ვხედავ საქმეს ფულის მოგების მიზნით დროში ვწელავთ, როცა ვაფუჩეჩებთ, როცა გვეზარება, როცა საკუთარი თავის უპირატესობას ვამტკიცებთ, როცა გულგრილობას და უპასუხისმგებლობას ვიჩენთ. როცა, პრობლემები ხელის გულზე გვიდევს და არ ვითვალისწინებთ. ერთმანეთის ჯიბრსა და ამპარტავნებაში ვკარგავთ დროს და გვიკვირს ცუდად რატომ ვართ...

შემდეგ ბლოგში მინდა დავწერო რამდენად მნიშვნელოვანია წვრილმანი საქმეების გულითადად კეთება და რა გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე უპასუხისმგებლობა.

დღეს კი, იმდენად აუტანელია ეს უაზრო ზიზღი ერთმანეთისა, დაუსრულებელი ქექვა წარსულისა, იმდენად არაფერი მამახსოვრდება სოციალური ქსელიდან და ე. წ პოლიტიკური გადაცემებიდან, რომ მომინდა ასეთი რამ მეთქვა.

ბრძენია ადამიანი, ვინც ნაკითხია, ნასწავლია და ამით სიბრძნეს ფლობს, მაგრამ უბრძნესია, ვინც იცის, როგორ გამოიყენოს ის. მრავალთათვის გონიერება ყოველგვარი უბედურების და ბიწიერების მახედ იქცა, ვინაიდან ნიჭიერნი აღმოჩნდნენ არა სათნოებებში, არამედ სულის წარწყმედასა და ცხონების უარყოფაში. უნებურად თუ მიზანმიმართულად ურევენ სიტუაციას გარშემო და ადამიანები სრულ აგრესიაში კარგავენ დროს. და, ამით ჩვენს ქვეყანასაც უკან სწევენ. როდის იფიქრებთ, რომ აღარ გვაქვს დროის ფუჭად გახარჯვის დრო? ერთმანეთი გაგვიხდია მტრად და არ ვიცით, რომ კეთილგონიერება სიჯანსაღეა სულისა, მართლად მხედველი თვალია გონებისა, თავდაცვაა ხიბლისა და მოჩვენებითობისგან, სწორი შეცნობაა საკუთარი თავისა და წონასწორობაა სიცოცხლისა.

ჩანს დღეს ბევრია გაუაზრებლად წარმოთქმული სიტყვა. ეს კი იგივეა გონიერების გარეშე აღასრულებდე ქმედებას. ხომ მარტივია, ხანდახან მაინც ვაკვირდებოდეთ საკუთარ თავებს, ყურს ვუგდებდეთ სულში არსებულ თითოეულ ნაპრალს, სად უფრო ღრმაა ცოდვით მიყენებული ჭრილობა და როგორ ვუმკურნალოთ მას. ჩვენს სამშობლოსაც ხომ ასე უნდა ვექცეოდეთ და ვფიქრობდეთ, მასზე, მაგრამ დღეს, ეს ე. წ „სწავლულები“ ყველაფერს იმის მიხედვით განსაზღვრავენ სად მეტი სახელი და ფულია. ანაც იმით, სად მეტ პროვოკაციას გამოიწვევენ, რომ მთავარი პრობლემებიდან თავის არიდება მოხდეს.

გონიერებასთან სიახლოვე განმსაზღვრელია ჩვენი ყოფიერების წესისა, რომელიც თითოეული ჩვენგანის არსებობაში, მოქმედებასა და მეტყველებაში აისახება. კეთილგონიერებას ოქროს ფასი აქვს. ოქრო კი სიდიდით არ ფასდება, არამედ ხარისხითა და წონით. ჩვენ ალბათ უნდა ვფიქრობდეთ - როგორები გვინდა რომ ვიყოთ? უნდა დავუშვათ ჩვენს ტვინებში, რომ ადამიანი ყველაზე აღმატებული ტაძარია ღვთისა. უნდა დავუშვათ ჩვენს ტვინებში, რომ დღეს როგორც არასდროს სწორი სვლა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და იმის ნაცვლად სისტემატურად ვმუშაობდეთ რა ტიპის ქვეყნის ჩამოყალიბება გვინდა, ყველაფერს „ბრძოლას“ ვეძახით და წინ ნაბიჯს არ ვდგამთ. რომ იცოდეთ, როგორ კარგად მესმის იმ ხალხისა ვინც ტელევიზორები საერთოდ გააჩუქა...

ამდენი უგუნურება უბრალოდ აუტანელია. უფალს ნიჭი თითოეული ადამიანისთვის მიუცია, მაგრამ მრავალს იგი არც ღვთის და არც ქვეყნის სადიდებლად გამოუყენებია, არც გონიერი საქმისთვის დაუხარჯავს. ჰო, ასეა ამ აღვირახსნილმა თვითნებობამ, მხოლოდ და მხოლოდ ემოციებზე დამყარებულმა აზროვნებამ და ყველა ბოროტების პატრიოტიზმად გასაღებამ ჩაგვაგდო ამ მდგომარეობაში, რაშიც ვართ. წესით, დღეს უნდა ვისხდეთ და ვარკვევდეთ რატომ არის ეს ქვეყანა მუდმივ პრობლემებში და სამწუხაროდ კითხვები არავის უჩნდება!(?)

შესაძლოა ბევრისთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ მომინდა ეს ბლოგი ასეთი სიტყვებით დამესრულებინა: ღმერთმა მოგვმადლოს ჩვენ, ყველას, ნიჭი ამ უდიდესი სათნოებისა, რასაც კეთილგონიერება ჰქვია, რომლის მადლით აღვსებულთ წარმოგვეთქვას დავით მეფსალმუნის უკვდავი სიტყვები: „ სანთელ არს ფერხთა ჩემთა სჯული შენი და ნათელ-ალაგთა ჩემთა“.