"რეალობა ის არის, რომ ვერ მივიღებთ ჩვენ ვერაფერს ისეთს, რასაც "ქართული ოცნება“ იზეიმებს"
რომ მოხდეს სასწაული და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, თან მოჰყვება გრძელი სია, რას არ აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, - ამის შესახებ "ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, თავად მიესალმება, თუკი ამ ხელისუფლების პირობებში, საქართველოსთვის რაიმე კარგი მოხდება, თუმცა, "ვერ მივიღებთ ვერაფერს ისეთს, რასაც „ქართული ოცნება“ იზეიმებს“.
სამადაშვილის თქმით, სანამ "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, ევროინტეგრაციის მიმართულებით, არაფერი შეიცვლება.
"არ მაქვს პრობლემა, ჩემი ქვეყნისთვის თუ მოხდება რამე კარგი, ვინც უნდა, იზეიმოს. „ქართული ოცნებას“ იმდენი კულტურაც არ აქვს, მოლდოვამ ასოცირების შეთანხმებას ხელი რომ მოაწერა, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაპატიჟა. დიდი ხანი მიდიოდა ეს პროცესი და რამდენიმე ხელისუფლებას მოუწია ამაზე მუშაობა, ყველა ერთად დადგა და ხელი მოაწერა. რა გააკეთა ვინმე ღარიბაშვილმა, რომელმაც ევროკავშირი რა არის მგონი, არ იცოდა და პირველად გაიგო პრემიერ-მინისტრად რომ დანიშნეს და მერე რომ ბიძინა ივანიშვილმა გააგდო კორუფციის გამო, ჩავიდა და მარტომ მოაწერა ხელი სხვის გაკეთებულ საქმეს, გაიფორმა. ამის შინაგანი კულტურაც არ აქვს, ეთქვა, რომ ეს ყველას მიღწევაა. მაშინაც ვთქვი, რომ მივესალმები და ძალიან მიხარია, რომ ეს მოხდა, მიუხედავად იმისა, იმ ხალხისთვის, ვისი დამსახურებაც იყო, მადლობა არ უთქვამს. ასევე ძალიან გამიხარდება, დღევანდელი ხელისუფლების პირბებში თუ მივიღებთ რამე სასიკეთოს ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ვერ მივიღებთ ჩვენ ვერაფერს ისეთს, რასაც "ქართული ოცნება“ იზეიმებს. რომ მოხდეს სასწაული და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ამას თან მოჰყვება იმხელა გრძელი სია, რას არ აკეთებს ჩვენი ხელისუფლება. სანამ ეს ხელისუფლება არის ამ ქვეყნის სათავეში არაფერი სასიკეთო ამ ქვეყანაში არ მოხდება ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"