"ერთმა გოგონამ დედასთან წერილი გამატანა, ქალი დაბომბვას შეეწირა..." - კვირის პალიტრა

"ერთმა გოგონამ დედასთან წერილი გამატანა, ქალი დაბომბვას შეეწირა..."

უკრაინელი მოხალისის, სტეფან შამრაის თქმით, რუსული ავიაიერიშების ფონზე ქვეყანაში უსაფრთხო ადგილი თითქმის აღარ არსებობს. ოკუპანტები პერიოდულად, ქაოსურად ბომბავენ კიევის ოლქის სხვადასხვა ქალაქს, დასახლებულ პუნქტს, სამოქალაქო ობიექტს, ისვრიან სრულიად არაორგანიზებულად და შემდეგ რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში აცხადებენ, რომ იმ ადგილებში "ნეონაცისტები" იმალებიან, სინამდვილეში კი მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. მისივე თქმით, ბოლო დღეებში რუსული არმიის ძირითადი სამიზნე ქალაქი სევეროდონეცკია, სადაც უკრაინულ არმიას გარკვეული წინსვლის შემდეგ, ისევ უკან დახევამ მოუწია.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"უნდა გადავრჩეთ, ამისთვის კი ყველაფერი გვჭირდება - ჰუმანიტარული, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მხარდაჭერა, რადგან მონსტრს ვებრძვით, რომელსაც საკუთარი მოქალაქის სიცოცხლეც არაფრად უღირს. ერთი მეტრით წინ წასაწევად ასობით სამხედროს სწირავს!.. ამიტომ უკრაინას ყველანაირი შეიარაღება სჭირდება. მრავალჯერადი გაშვების M270 ტიპის სარაკეტო სისტემებს ველოდებით, რომელთაც სამიზნემდე მიღწევა 80 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია, მაგრამ ამით არ უნდა ამოიწუროს... იმედია, დასავლეთს სრულად აქვს გააზრებული რუსეთისგან მომავალი საფრთხე, რომელიც გრძნობს, რომ დამარცხება ახლოსაა და მზადაა, რადაც უნდა დაუჯდეს, ის პოზიციები მაინც შეინარჩუნოს, რომელიც აიღო..."

ukraineli-moxalise-1654755536.jpg

"უკრაინელები ომის პირობებში - ბომბების, ნაღმების აფეთქებების, საჰაერო განგაშის პირობებში ცხოვრებას შევეჩვიეთ, მაგრამ სიკვდილს ვერასდროს შევეგუებით...მოხალისეები ხანდახან ჰუმანიტარული დახმარების დარიგებაშიც ვმონაწილეობთ. ჩვენთან არიან სტუდენტებიც. მათი ნაწილი ონლაინლექციას სანგრიდან, ტყეში გამაგრებული დანაყოფიდან, ფრონტის ხაზიდან, ბომბსაფრიდან ერთვება. ზოგი საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობს და ომის გამო ლექციებს ონლაინ ესწრება... მოხალისეებს შორის არიან აბიტურიენტებიც, რომლებიც დაბომბვის შემდეგ ჩვენთან ერთად ქუჩებს ასუფთავებენ. ყველანი ერთად ვდგავართ და ვცდილობთ, რუსულ ბოროტებას ჩვენებურად ვებრძოლოთ, ერთიანობით, გაუტეხლობით..."

"დილით დანგრეული სახლებისა და დახოცილი ადამიანების დათვლა გვიწევს. ამას წინათ ბავშვებს სათამაშოები მივუტანეთ და არც ერთს არ გახარებია, გამოგვართვეს, მაგრამ მათ თვალებში სიხარულის ნატამალი ვერ აღმოვაჩინე: ბავშვებს ბავშვობა წაართვეს... რამდენიმემ მკითხა, ომში მისი მშობლები ხომ არ მინახავს? ვუთხარი, რომ ვნახე და თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ მათთან დარეკვის შესაძლებლობა არა აქვთ... 9 წლის გოგონამ მკითხა, კიდევ ვნახავდი თუ არა მის დედიკოს? როდესაც თავი დავუკარი, წერილი დაწერა და გადმომცა. არადა, დედამისი ერთ-ერთ დაბომბვას შეეწირა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 9 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ლალი პაპასკირი