"სვანეთში ქორწილი უნდა გადაეხადა... ჩემი დანეჩკას სიცოცხლე შეწყდა!" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი - კვირის პალიტრა

"სვანეთში ქორწილი უნდა გადაეხადა... ჩემი დანეჩკას სიცოცხლე შეწყდა!" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი

"3 ივნისს ჩემი შვილის, ჩემი დამცველის, ოფიცრის, შესანიშნავი, ნათელი, პატიოსანი, მართალი ბიჭის, ჩემი დანეჩკას სიცოცხლე შეწყდა! დაიღუპა სამშობლოს დასაცავად, იბრძოდა მშობლიური მიწისთვის, დაიღუპა, რომ ჩვენ გვეცხოვრა... ყველას მადლობას ვუხდი ტკივილის გაზიარებისთვის და ჩვენს გვერდში დგომისთვის.

დანეს გაცილება შედგება 9 ივნისს", - ეს სულისშემძვრელი სტატუსი სოციალურ ქსელში 24 წლის დანიელ გერლიანის დედამ, ალა გერლიანმა გუშინ დაწერა.

დღეს, 9 ივნისს, უკრაინაში, კიევში, მიწას მიაბარებენ ომში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველს, 24 წლის დანიელ გერლიანს. იგი 3 ივნისს, ზაპორიჟიეში მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა. თანამებრძოლები ცხედრის გამოსვენებას რამდენიმე დღე ვერ ახერხებდნენ და გუშინ მიასვენეს კიევში.

24 წლის დანიელი უკრაინის მოქალაქე იყო, მისი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია.

"მამამისი - გურამ (გელა) გერლიანი აფხაზეთიდან არის. აფხაზეთში ჩემი სიძის მეზობლები იყვნენ. ჩემი და და სიძე ნიდერლანდებში ცხოვრობენ და გელასთან ჰქონდათ ურთიერთობა. გელა აფხაზეთის ომის შემდეგ უკრაინაში ცხოვრობდა და იქ უკრაინელ გოგოზე, ალაზე იქორწინა და 2 ბიჭი ჰყავდათ. ომი რომ დაიწყო, გელამ თავისი მეუღლე და უმცროსი შვილი, გიორგი ნიდერლანდებში, ჩემს დასთან და სიძესთან გაუშვა და იქ იყვნენ. უმცროს ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. უფროსი - დანიელი მამასთან ერთად დარჩა უკრაინაში და იქ იბრძოდა.

თურმე, ეუბნებოდნენ დანიელს, წამოსულიყო, საქართველოს მოქალაქეობის საბუთით შეიძლებოდა მას უკრაინის ტერიტორია დაეტოვებინა, მაგრამ ამაზე კატეგორიული უარი უთქვამს. ომის დაწყებიდან ხელში იარაღი აიღო და უკრაინის მიწა-წყალს იცავდა.

დანიელი პროფესიით იურისტი იყო, ძალიან წარმატებული ახალგაზრდა. ომის დაწყებამდე კიევში პროკურორად დაინიშნა. დიდი მომავალი ჰქონდა. უთქვამს, მე ბოლომდე ქვეყნის სადარაჯოზე ვიქნებიო და ასეც იყო. ნიდერლანდებში მყოფი დედა, თურმე, სულ ღელავდა და ცდილობდა ომში მყოფ შვილთან დაკავშირებას. სამწუხაროდ, მან იქ შეიტყო ეს უმძიმესი ამბავი და კიევში ჩავიდა. დანიელის ძმა კვლავ ნიდერლანდებშია და მომხდარს, ცხადია, ძალიან განიცდის. გელა ამბობს, ძალიან დიდი ხანი ცდილობდნენ ცხედრის გამოყვანას და ვერ გამოჰყავდათო. გუშინ მოასვენეს სახლში, დედა ძალიან ცუდად გამხდარა...

დღეს არის ამ ვაჟკაცის დაკრძალვა უკრაინაში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მათ ნათესავები საქართველოში ჰყავთ. დანიელი ბავშვობის მერე არ ყოფილა საქართველოში, თურმე, საცოლე ჰყავდა, ოჯახის შექმნას გეგმავდა. ომის დამთავრების შემდეგ სვანეთში ჰქონდა ქორწილის გადახდა დაგეგმილი. აქ უნდა დაეწერა ჯვარი და მთელი საქართველო უნდა მოევლო - თურმე, ამბობდა, ფეხით მოვივლი მთელ საქართველოსო.

სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ოცნებად დარჩა. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას", - ამბობს ჩვენთან საუბარში მარი გულბიანი.

სამწუხაროდ, იზრდება უკრაინაში დაღუპული ქართველი ვაჟკაცების რიცხვი.

გუშინ კიდევ ერთი ქართველის, კირილ შანავას დაღუპვაზე გავრცელდა ინფორმაცია. ის ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში წინა ხაზზე იბრძოდა. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის კირილი დაბომბვაში მოჰყვა და დაიღუპა. შანავა უკრაინელების ბატალიონში იბრძოდა. მისი ოჯახიც აფხაზეთიდან დევნილია და კირილ შანავა წლებია, ოჯახთან ერთად იქ ცხოვრობს. ის უკრაინის მოქალაქე იყო.

"კვირის პალიტრა" უსამძიმრებს დაღუპული ბიჭების ოჯახებს უდიდეს ტრაგედიას.

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო: