"ამერიკას უკრაინის სამხედრო სტრატეგიის შესახებ მკაფიო წარმოდგენა არ აქვს: რატომ არ უზიარებს კიევი ვაშინგტონს ოპერატიულ მონაცემებს?" - კვირის პალიტრა

"ამერიკას უკრაინის სამხედრო სტრატეგიის შესახებ მკაფიო წარმოდგენა არ აქვს: რატომ არ უზიარებს კიევი ვაშინგტონს ოპერატიულ მონაცემებს?"

ამერიკულმა გაზეთმა "ნიუ-იორკ თაიმსმა" (The New York Times) გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "ამერიკას უკრაინის სამხედრო სტრატეგიის შესახებ მკაფიო წარმოდგენა არ აქვს: რატომ არ უზიარებს კიევი ვაშინგტონს ოპერატიულ მონაცემებს?" (ავტორი - ჯულიან ბარნსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი თითქმის ყოველდღე აქვეყნებს სოციალურ ქსელებში ახალ-ახალ ინფორმაციას რუსეთთან ომის შესახებ, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ეფექტიანად იყენებენ დასავლურ იარაღს უკრაინელი მებრძოლები, პენტაგონი კი, თავის მხრივ, რეგულარულად ატარებს ბრიფინგებს მოვლენების განვითარების თაობაზე.

და მაინც, ახალი ამბების ნაკადის მიუხედავად, რომელიც საზოგადოებისათვის არის განკუთვნილი, ამერიკული სპეცსამსახურები უკრაინელთა შესახებ ბევრად ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ, ვიდრე ეს მათ სურთ. ამერიკის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინის მთავრობა მალავს ბევრ მონაცემს და მათ ასაიდუმლოებს. თავის მხრივ, უკრაინელი ჩინოვნიკებიც ინკოგნიტოდ აღიარებენ, რომ ამერიკელებს ზოგიერთ ინფორმაციას არ აძლევენ.

რა თქმა უნდა, აშშ-ის დაზვერვა ინფორმაციას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აგროვებს, მათ შორის - უკრაინაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, თუმცა სპეცსამსახურების სამიზნეს უფრო მტრული სახელმწიფოები წარმოადგენენ, მაგალითად, რუსეთი და არა - მეგობრები, ვთქვათ, უკრაინა. მტრული რუსეთის საწინააღმდეგოდ ამერიკა 75 წელია, მუშაობს, მეგობარ უკრაინას და მის სპეცსამსახურებს კი - ეხმარება ანუ კიევის მთავრობაში ვაშინგტონს ჯაშუშები არ ჰყავს. "მაგრამ სწორედ ამის გამო გაჩნდა "ბრმა ზონები", - აღიარებენ ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები.

"რამდენად ზუსტად ვართ საქმის კურსში იმაზე, თუ რა ხდება რეალურად უკრაინაში?", - რიტორიკულ კითხვას სვამს დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი ქალბატონი ბეტ სანერი, - არის ვინმე, რომელიც დამარწმუნებლად იტყვის იმას, თუ რამდენი ჯარისკაცი და ტექნიკა დაკარგა უკრაინამ?"

მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც კი, როცა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სრული წარმოდგენა არ აქვს არც უკრაინის სამხედრო სტრატეგიაზე და არც ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე, თეთრი სახლი მაინც აგრძელებს კიევისათვის თანამედროვე იარაღის მიწოდებას, თვით ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებისაც კი.

პენტაგონის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკრაინაში იარაღის გასაგზავნად საიმედო პროცედურა არსებობს - დაწყებული უკრაინული მხარის მოთხოვნით და დამთავრებული ამერიკული მხარის შეფასებით, როგორი ტექნიკის გაგზავნაა აუცილებელი, რა დრო დასჭირდება კადრების მომზადებას მათი ათვისებისათვის და ა.შ.

ზოგიერთი ევროპული სპეცსამსახური თვლის, რომ რუსეთის ჯარების მიერ დაკავებული ტერიტორიის დაბრუნება უკრაინისათვის ძალიან რთული იქნება და, თუ საკითხს პრინციპულად მივუდგებით - შეუძლებელიც კი. აშშ-ის სპეცსამსახურები, პირიქით, შედარებით ნაკლებ პესიმიზმს ამჟღავნებენ. შესაძლოა იმიტომ, რომ მათთვის უცნობია უკრაინის არმიის ჭეშმარიტი მდგომარეობა და სტრატეგია, განსაკუთრებით - დონბასში. ეს ყველაფერი იმის საფუძველს ქმნის, რომ ამერიკამ სიტუაციის ანალიზში შეიძლება შეცდომები დაუშვას.

გასულ თვეში ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ევრილ ჰეინზმა სენატში გამართული მოსმენების დროს განაცხადა, რომ მას "უჭირს იმის თქმა", თუ რა მოცულობის დამატებითი იარაღის მიღება შეუძლია უკრაინას. "სინამდვილეში ჩვენ რუსეთზე უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, ვიდრე - უკრაინაზე", - აღნიშნა მან.

ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ის, თუ რა გეგმები აქვს ვლადიმერ ზელენსკის დონბასში, სადაც უკრაინა სტრატეგიული არჩევნის წინაშე დგას: გამოიყვანოს ჯარები თუ ბოლომდე იბრძოლოს, "ქვაბში" მოხვედრის რისკით?

მართალია, ორიოდე დღის წინათ პრეზიდენტი იძულებული გახდა, მეტი ინფორმაცია გაემჟღავნებინა - ვლადიმერ ზელენსკი ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა და განაცხადა, რომ სიტუაცია დონბასში უმძიმესია: თუ უკრაინის ჯარები ქალაქ სევეროდონეცკს დატოვებენ, ამით დონბასის გასაღები რუსეთს ხელში ჩაუვარდება. მან აღიარა, რომ ყოველდღიურად 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება და სახიჩრდება. გარდა ამისა, პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიის ერთ მეხუთედ ნაწილს აკონტროლებსო.

ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტის ასეთი "გულახდილი" განცხადებები შეიძლება ერთგვარი პრელუდია გახდეს მოსახლეობისთვის იმის სათქმელად, თუ რა სტრატეგიული გადაწყვეტილებები შეიძლება იქნეს მიღებული დონბასის სამომავლო ბედზე.

"მიდის ცხარე დავა - ღირს თუ არა ჯარის გამოყვანა დონბასიდან, რომელიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შეიძლება იქ ალყაში მოხვდეს?" - ამბობს სტივენ ბიდლი, აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი, - "თუ მოხდება ჯარების წინასწარ დაგეგმილი უკანდახევა, მაშინ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, ასე თუ ისე, მაინც მოუწევს ახსნა-განმარტება, თანაც ისე, რომ უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ჩრდილი არ მიაყენოს. იგი იძულებული გახდება, მოსახლეობას უთხრას, რომ "დანაკარგები ასეთ სიტუაციაში გარდაუვალია", რაც სრულიად ლოგიკურ არგუმენტს წარმოადგენს".

უკრაინის შესახებ ბოლოდროინდელ მონაცემებში "თეთრი ლაქების" არსებობას კიდევ ერთი ახსნა აქვს: მაღალი ღრუბლიანობის გამო ამერიკა თავისი კოსმოსური თანამგზავრებიდან სასარგებლო ინფორმაციების საჭირო მოცულობას ვეღარ იღებს.

საერთოდ, აშშ ომის დაწყების პირველი ეტაპიდანვე უზიარებს უკრაინას ოპერატიულ სადაზვერვო მონაცემებს რუსეთის ქვედანაყოფების ადგილმდებარეობის (დისლოკაციის) შესახებ. უკრაინელები ამ ცნობებს იყენებენ ოპერაციებისა და დარტყმების დაგეგმვისათვის, თავდაცვის განმტკიცებისათვის. მაგრამ უკრაინის არმიის სარდლობა, თვით აშშ-ის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან - მარკ მილთან და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან საუბრის დროსაც კი, მალავს ოპერატიულ გეგმებს და ლაპარაკს სტრატეგიულ მიზნებზე ამჯობინებს. ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, უკრაინული მხარე ისე მალავს რეალურ მონაცემებს, რომ ამერიკელ სამხედროებს და დაზვერვის თანამშრომლებს მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაციის მოპოვება მესამე ქვეყნებიდან უხდებათ, რომლებიც კიევთან თანამშრომლობენ, აგრეთვე - ვლადიმერ ზელენსკის მიერ გაკეთებული კომენტარების ანალიზით.

ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, ოფიციალური კიევი ცდილობს, რომ უკრაინელ საზოგადოებას და უკრაინის ახლო პარტნიორებს ჩამოუყალიბდეთ აზრი, რომ უკრაინა ძალის განსახიერებას წარმოადგენს. ამიტომაც, ბუნებრივია, კიევი ერიდება ისეთი [ნეგატიური] ინფორმაციის გამჟღავნებას, რომლის შედეგად შეიძლება ქვეყნის მთავრობისა და არმიის სისუსტის (ან სამომავლო მარცხის) შთაბეჭდილება შეიქმნას. არსებითად, ასეთი ქცევის მიზეზი აშკარაა: უკრაინის ოფიციოზს არ სურს, რომ დასავლეთმა შეიარაღების მიწოდების ნაკადი შეაჩეროს.

ცხადია, არსებობს სხვა მიზეზებიც: ბუნებრივია, რომ სხვა ქვეყნებისათვის ოპერატიული ინფორმაციის გადაცემა იმ სუსტ ადგილებს გამოავლენს, რითაც რუსული დაზვერვა ისარგებლებს, მაგრამ ასეთი მიდგომა ამერიკას არ უნდა ეხებოდეს: სწორედ აშშ-ის დახმარებით უკრაინა წლების განმავლობაში განამტკიცებდა თავისი სპეცსამსახურების დაცულობის დონეს რუსული შპიონაჟისაგან.

სტივენ ბიდლის თქმით, უკრაინას აქვს იმის მიზეზი, რომ არ გაამჟღავნოს არც თავისი ზუსტი დანაკარგები და არც თავისი სტრატეგია. "მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამგვარი ინფორმაციების გასაჯაროება ამერიკის ან უკრაინის ინტერესებში იყოს. ის, თუ რა დანაკარგებს განიცდის უკრაინის მხარე, რუსეთისათვის სასარგებლო ინფორმაცია იქნება", - თვლის ექსპერტი.

მაგრამ საწინააღმდეგო პოზიცია აქვს ბეტ სანერს, რომლის თქმით, ამერიკის დაზვერვას მეტი ინფორმაციის მოპოვება უნდა შეეძლოს: თუ რუსეთი შეტევას გააგრძელებს და უკრაინის არმია უკან დაიხევს, გაჩნდება ბრალდებები, რომ დაზვერვამ მოიკოჭლა და კარგად არ მუშაობდაო. "ჩვენ ხშირად არ ვამბობთ იმას, რისი თქმაც გვინდა. და თუ ამას ხმამაღლა არ ვიტყვით, მაშინ წინასწარ უნდა შევეგუოთ დაზვერვის მორიგ ჩავარდნას". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ