"სიყვარული, პირველ რიგში, ინტიმურ საკითხში აბსოლუტური ურთიერთგაგებაა; კომფორტული ურთიერთობა ქალსა და კაცს შორის" - კვირის პალიტრა

"სიყვარული, პირველ რიგში, ინტიმურ საკითხში აბსოლუტური ურთიერთგაგებაა; კომფორტული ურთიერთობა ქალსა და კაცს შორის"

"ნუ გამკიცხავთ, ვეცადე, გულწრფელად მელაპარაკა", - ეს მიმართვაა იმ ადამიანებისადმი, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს. მსახიობი ლევან ხურცია ინტერვიუებით ხშირად არ გვანებივრებს, მაგრამ როცა გვთანხმდება, საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება. პასუხისმგებლობა კი ის თვისებაა, რომელიც საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად მოსწონს. რას ფიქრობს სერიალზე "სიყვარულს მიღმა", რა ესმის ხშირად საკუთარ თავზე, რას მიიჩნევს ყველაზე დიდ სისუსტედ, რის გამოც გულისტკენა და იმედგაცრუება არაერთხელ ჰქონია? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...25/08/1982.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი, მაგრამ მეთერთმეტე კლასში გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი.

- პროფესიული არჩევნის გამო სინანული გქონიათ?

- იყო ასეთი შემთხვევები, ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი, საპირისპირო განცდაც ხშირად მქონია. ხელოვანისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, აღმაფრენის და დაბლა დაშვების მომენტები თუ არ გაქვს, ეს იმის ნიშანია, რომ არასწორად ვითარდებოდი.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ ემოციური და პირდაპირი - ასეც არის.

- ხისტი ხასიათი გაქვთ?

- ნაწილობრივ ასეა, პირდაპირობას თან სდევს უსიამოვნებები. ხშირად მითქვამს, სადღაც თავი უნდა შევიკავო, სადღაც ლავირება არის საჭირო, მაგრამ მაინც მივდივარ დასკვნამდე, გულწრფელი ნაბიჯი იმ წუთში თუ არა, მომავალში მაინც გაამართლებს.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...როცა თეატრალურის დასრულების შემდეგ, საქართველოში ყველა მსახიობისთვის საოცნებო რუსთაველის თეატრში (დიდი პატივისცემა ყველა თეატრს) მოვხვდი, რომელიც ახლა ეროვნული თეატრის სახელს ატარებს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...პირველ რიგში, ზუგდიდის თეატრის მსახიობ მერაბ კაკალიას, ამ ადამიანის იდეა იყო, რომ თეატრალურში ჩამებარებინა; დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს დას, მშობლებს, ანზორ ქუთათელაძეს, დიმა ხვთისიაშვილს, მანანა ბერიკაშვილს და რა თქმა უნდა, რობერტ სტურუას.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მყავდეს ბორბლებიანი სახლი-მანქანა, ეს ოცნება ბავშვობიდან მქონდა. ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვიმოგზაურებდი, სადაც დაღამდებოდა, დავიძინებდი, გათენდებოდა და გზას გავაგრძელებდი. ასეთ მოგზაურობას სხვა ხიბლი აქვს, სასტუმროში ცხოვრება არ მინდა. ბავშვობის ეს სურვილი დღემდე ვერ ავისრულე.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...თუ ადამიანს რაიმეს დავპირდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პირობა შევასრულო ან საერთოდ არ დავპირდები. იშვიათად, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დანაპირებს თუ ვერ ვასრულებ, მაშინ ჩემი ტანჯვა იწყება. თვისება, რომელიც ჩემში მომწონს, სულ ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას და ეს სიტყვაა "პასუხისმგებლობა".

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ასეთი ბევრია, იმდენი რომ... თუნდაც - სიხისტე, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ადამიანი საკუთარ თავში უარყოფითს თუ ვერ ხედავს, ვერასდროს იქნება დადებითი პიროვნება.

- წლების განმავლობაში რამდენად ზრუნავდით იმაზე, რომ უკეთესი პიროვნება გამხდარიყავით?

- საკუთარ თავზე მუშაობა 17 წლიდან დავიწყე და ზოგიერთი სისუსტე უკვე დავძლიე, ზოგიერთი ჯერ ვერა. ადამიანი სანამ ცოცხლობ, მანამდე უნდა ებრძოლო იმას, რაც შენში არ მოგწონს.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ვერაფერი ვისწავლე. ასე რომ არ ვთქვა, გულწრფელი არ ვიქნები. საკუთარ შეცდომებზე ბრძენი ხალხი სწავლობს, არა მგონია, მე მაგ დონეზე ვიყო.

- ვიბნევი...

- ...როცა სადმე ვიგვიანებ, თან ძალიან ვიბნევი. ყოველთვის რეალურ მიზეზს ვასახელებ, რატომ დავიგვიანე, არასდროს ვიტყუები.

- ვნანობ...

- ...ბევრ რამეს პროფესიული კუთხით, რაზეც თავის დროზე უარი ვთქვი - როლებზე, პროექტებზე... ვნანობ გარკვეულ ნაბიჯებს ცხოვრებაშიც, ადამიანი ამის გარეშე ვერ იცხოვრებს.

- სიყვარული ეს...

- პირველ რიგში არის კომფორტული ურთიერთობა ქალსა და კაცს შორის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ორ ადამიანს აქვს ერთნაირი აზრი, ერთნაირად ფიქრობენ. სიყვარული პირველ რიგში, ინტიმურ საკითხში აბსოლუტური ურთიერთგაგებაა. ინტიმური საკითხი გადმოდის ყოფაში, სადაც ორ ადამიანს შეუძლია, ერთმანეთს გაუგოს და ერთი რიტმის ქვეშ იყვნენ, ეს თანაცხოვრების არსია. სიყვარულს ფერებიც ახლავს, ეს ადამიანების ფანტაზიაზეა დამოკიდებული. სხვათა შორის, იმ პერსონაჟს, რომელსაც სერიალში "სიყვარულს მიღმა" ვთამაშობ, ეს ძალიან აკლია.

- ეს მისი მთავარი პრობლემაა, არა?

- გეთანხმებით, სიყვარულში "კარდიოგრამა" თუ არ არის, ურთიერთობაში ინტერესი ქრება, რჩება ვალდებულება, ერთი მიმართულება, ფერები აკლდება. ადამიანმა მხოლოდ ერთ ფერს რომ უყუროს, ის როგორი ლამაზიც უნდა იყოს, მოსაბეზრებელი გახდება. ამიტომ "კარდიოგრამა" აუცილებელია.

- რეალურ ცხოვრებაში, ურთიერთობაში ბევრი ფერის შენარჩუნებას რამდენად ახერხებთ?

- ალბათ ვახერხებ, ეს მარიამს უნდა ჰკითხოთ. რადგან მეუბნება მიყვარხარო, ე.ი. ვახერხებ.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ის გოგო ჩემი სკოლელი იყო, ჯერ სხვა სკოლაში, მერე სხვა ქალაქში გადაიყვანეს და... რომ ვეღარ ვხედავდი, ეს სიყვარული რომ დამთავრდა, მეგონა, ცხოვრებაც იქ დასრულდა.

- ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს...

- ...სხვისი წარმატების, სიხარულის გულწრფელი გაზიარება. ეს არის საოცარი განცდა, უდიდესი მოტივაციის მომცემი ძალა აქვს. თეატრალურში რომ ვაბარებდი და რაღაცების აზრზე არ ვიყავი, ჩემ წინ გამოვიდა გოგონა, რომელსაც იმდენად წარმატებული გამოსვლა ჰქონდა, მისი მუხტი გადმომედო. იქიდან მომწონს, როცა ადამიანი წარმატებულ ნაბიჯზე მიჰყვება და სიხარულს მიზიარებს, ეს განცდა გულს სითბოთი მივსებს, მაბედნიერებს; და კიდევ, ბანალურია, მაგრამ როგორ შეიძლება, იყო მამა და შენი შვილის დანახვა არ გაბედნიერებდეს, მამისთვის შვილი უპირველესია.

- ვრისკავ...

- ...ხანდახან ძალიან დიდ რისკზე წავსულვარ, ისეთზე, ჭკუათამყოფელი ადამიანი რომ არ წავა, ხანდახან კი ისეთ სიფრთხილეს ვიჩენ, რაც აშკარად ზედმეტია. ჩემს თავში ეს უცნაურობა დღემდე ვერ ამოვხსენი. ძალიან დიდ რისკზე რომ წავსულვარ, გამმართლებია და როცა სიფრთხილე გამომიჩენია, ის არ გამომსვლია.

- როგორ იქცევით მაშინ, როცა ინტუიცია და გული სხვადასხვას გეუბნებათ?

- ყოველთვის გულს ვუჯერებ. კაცებისთვის ინტუიცია სუსტი წერტილი მგონია.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ.

- არ გიხარიათ?

- არის სიხარულიც და ვფიქრობ იტყუებიან, როცა ამას უარყოფენ, მაგრამ როცა სუფრასთან ჩემს სადღეგრძელოს სვამენ და მაქებენ, აღარ ვიცი, რა გავაკეთო, ხან უკბილოდ ვხუმრობ, ხან რა და ხან რა...

- როდესაც საქებარი სიტყვები პრემიერის შემდეგ, კომპეტენტური ადამიანისგან გესმით?

- ...რა თქმა უნდა, ეს დიდი ბედნიერებაა, ყურადღებით ვუსმენ. რამდენიმე დღის წინ პრემიერა გვქონდა. ადამიანები რომ შემოდიოდნენ, გაფაციცებით ვუსმენდი, იქნებ ვინმეს რაიმე ისეთი წამოსცდენოდა, რასაც დავიჭერდი, დავფიქრდებოდი, გამოვასწორებდი. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მეტად მაინტერესებს, ვიდრე - საქებარი სიტყვები.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არის მიმნდობი ხასიათი.

- ეს ძლიერი ადამიანების თვისება მგონია...

- მერწმუნეთ, ასე არ არის, ძალიან მიმნდობი ვარ, გული უტკენიათ, იმედგაცრუებულიც არაერთხელ დავრჩენილვარ, ჩემი ნდობა გადაუთელავთ, ძალიან მტკენია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ არ მაქვს დრო მეგობრებთან საურთიერთოდ, მათ ხშირად ვერ ვეკონტაქტები. რომელიმე ამ ინტერვიუს თუ წაიკითხავს, ვეტყვი, ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ჩემი პროფესია ისეთია, დიდ დროს ითხოვს, ფიქრით შენს პერსონაჟთან "ხარ", თითქოს ყველაფრისგან განცალკევებით ცხოვრობ, მაგრამ ეს სხვა პროფესიის ადამიანისთვის რთულად გასაგებია.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ყველაფერს!!! ყოველთვის შინაურულად მიყვარს ყოფნა. იყო პერიოდი, როცა თავს მეტად ვუვლიდი, მეტ ყურადღებას ვაქცევდი გარეგნობას, მსახიობს ეს ბევრ რამეში გეხმარება, მაგრამ ახლა ამ საკითხზე ნაკლებად ვფიქრობ. დღეს ჩემს თავში ბევრი რამ არ მომწონს.

- ვუფრთხილდები...

- ...პირველ რიგში საკუთარ ოჯახს. უკვე 8 წელია ოჯახი შევქმენი. ვუფრთხილდები, რადგან ჩემთვის მეუღლე, შვილები არის ყველაფერი. ვუფრთხილდები არა სიტყვით, არამედ საქციელით. ყველას ჩვენ ჩვენი სისუსტეები გვაქვს, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რისი უფლება გვაქვს და რის - არა. ოჯახი პირველ რიგშია, შემდეგ - ჩემი მეორე ოჯახი, რასაც თეატრი ჰქვია. რადგან რუსთაველის თეატრი ეროვნული თეატრის სტატუსს ატარებს, უკვე ამ თეატრის სახელსაც ვუფრთხილდები.

- ვიტყუები, როცა...

- ...არ მინდა ადამიანს გული ვატკინო.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანების ფლიდობა, ძალიან მაკვირვებს.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ფიზიკურად ვმუშაობ და ეს მშველის. მუხათწყაროში სახლის შენება დავიწყე. ფინანსურად ისეთი მდგომარეობა არ მაქვს, რომ დასრულება ერთიანად შევძლო, ამიტომ, როგორც კი თანხა გამიჩნდება, ნელ-ნელა ვაკეთებ. როცა რაღაც პრობლემა მაქვს ან უხასიათოდ ვარ, ავდივარ და ფიზიკურად მუშაობას ვიწყებ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ამ სახლს დავასრულებდი; აუცილებლად შევიძენდი და ვიმოგზაურებდი ბორბლებიანი სახლით; ვალებს გავისტუმრებდი და ვეცდებოდი, ვინმეს ცხოვრება შემეცვალა, საინტერესო გამეხადა.…

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ამქვეყნად ყველაზე დიდი წყევლაა: "შენ არ იცოდე და სხვისი არ გესმოდეს". მამასგან მახსოვს: "ყოველთვის მოუსმინე ჭკვიან ადამიანებს", მნიშვნელოვანი და საყურადღებოა კიდევ ერთი ფრაზა, რომელიც წავიკითხე და დამამახსოვრდა: "ჭადრაკი ყოველთვის შენზე ჭკვიანებს ეთამაშე", რა თქმა უნდა, ეს განზოგადებული ნათქვამია. სულ ვცდილობ, ეს დარიგებები გავითვალისწინო.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ნუ გამკიცხავთ. ვეცადე, გულწრფელად მელაპარაკა. თუ შევცდი ან რაღაც არასწორად ვთქვი, მომიტევეთ. ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვართ დედამიწის ცენტრი, ჩვენ გარდა ბევრი ადამიანი და ბევრი აზრი არსებობს. როცა საკუთარ აზრებს გამოვთქვამთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ სხვისი აზრიც შეიძლება ბევრად მნიშვნელოვანი იყოს!

- ლევან, სერიალის "სიყვარულს მიღმა" პირველი სეზონი უკვე დასრულდა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობთ. ამ პროექტზე, მის მთავარ სათქმელზე რას იტყვით?

- ჩემი აზრით, სერიალის მთავარი სათქმელი იყო ყოფის, წეს-ჩვეულებების, სირთულეების დანახავა. ის, რომ ურთიერთობებში შეიძლება ერთი მხრიდან რაღაც ძალიან ლამაზად ჩანდეს, მაგრამ შიგნით უამრავი პრობლემა იყოს. რაც ძალიან მომწონს, ისაა, რომ სერიალი არ "თამაშობს", დიდ მასშტაბებს არ ეპოტინება. მასში უბრალოდ და ძალიან უშუალოდ, გარკვეული ადამიანების ყოფა-ცხოვრებაა ასახული, რაც ნამდვილად დასაფასებელია.

- მაყურებელი ამა თუ იმ პერსონაჟში საკუთარ თავს მარტივად ამოიცნობს.

- სერიალის მთავარი დანიშნულებაც ეს არის. ხელოვნება პირდაპირ თუ გეუბნება სათქმელს, ეს უკვე ხელოვნება არ არის, მაყურებელმა უნდა იფიქროს და მთავარი აზრი თავად გამოიტანოს. უნდა შესთავაზო მანკიერი და არამანკიერი მხარე და მაყურებელმა თავად ამოიცნოს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი.

- სოფო გორელაშვილი როგორი პარტნიორია?

- სოფოს აქამდე არ ვიცნობდი, ამ პროექტში ერთმანეთს პირველად შევხვდით და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი, კომფორტული პარტნიორია; ჩემთვის მასთან პროფესიული კუთხით მუშაობა სასიამოვნო იყო.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"