"არ გაგიკვირდეთ, მმართველი გუნდის ლიდერებმა ისიც რომ თქვან, - კარგია კანდიდატის სტატუსი რომ ვერ მივიღეთ, სამაგიეროდ, ომი არ გვექნებაო" - კვირის პალიტრა

"არ გაგიკვირდეთ, მმართველი გუნდის ლიდერებმა ისიც რომ თქვან, - კარგია კანდიდატის სტატუსი რომ ვერ მივიღეთ, სამაგიეროდ, ომი არ გვექნებაო"

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა. რეზოლუციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების, ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების გამო. მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები, მათ შორის - კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება. ამ საკითხებზე, და არა მხოლოდ მათზე, GSAC-ის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე გვესაუბრება:

- ეს რეზოლუცია ფუნდამენტურად ცვლის ყველაფერს, ამ ყველაფრის შემდეგ რთულია, საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ე.ი. ივანიშვილის სანქცირება უკვე რეალური ხდება, ის, ფაქტობრივად, მთავარ დაბრკოლებად აღიქმება საქართველოს ევროინტეგრაციის საქმეში. როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანას, რომლის ფაქტობრივ მმართველს ასანქცირებენ, წევრობის სტატუსს მიანიჭებენ?! მეორე მხრივ, რეზოლუციაში ასახულია, ასევე, მხარდაჭერის მუხლი, სადაც ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერაა წარმოდგენილი, როგორც უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში, ასევე, საქართველოს მიმართ, კონკრეტული პირობებით. თუ ევროკავშირის სამ შტოს დავაკვირდებით, პარლამენტში მხარდაჭერის მიღება ყველაზე ადვილი საკითხია, იმიტომ, რომ საკითხის გასვლას ჩვეულებრივი უმრავლესობა სჭირდება. ვნახეთ, რომ ამ რეზოლუციას სამასმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ორასმა - არ დაუჭირა, მაგრამ გავიდა. ევროსაბჭოში ასე არ იქნება, იქ კავშირის წევრებიდან ყველა სახელმწიფოს მეთაურმა უნდა დაუჭიროს მხარი. კონსესუსის მიღწევა, როდესაც ლამის ნახევარი პარლამენტი არ უჭერს მხარს, შეუძლებელია. შესაბამისად, არსებული მოცემულობა ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ საბჭოში შანსი არ გვაქვს.

- მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების ასეთი დამოკიდებულება ოპოზიციის მოღალატეობრივი ქმედებებით არის განპირობებული. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ თქვა, შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის გარშემო აჟიოტაჟის შექმნაც ბაკურიანის შეკრებაზე იყოს გადაწყვეტილიო.

- ეს არის ძალიან არაადეკვატური დამოკიდებულება საკითხის მიმართ და ძალიან მარტივად შეიძლება დასკვნის გაკეთება - ე.ი ოპოზიცია უკეთ მუშაობს. ოპოზიციას შეუძლია გავლენა იქონიოს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესებზე და უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის მეტი რესურსი აქვს. ჩნდება მარტივი კითხვა - მაშინ რა უნდათ ხელისუფლებაში?! გაუცვალონ ადგილი ოპოზიციას!

- თქვენი ვერსიით, რას ნიშნავს კობახიძის ეს განცხადება - „ევროპარლამენტის რეზოლუცია შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ერთგვარი მინიშნება, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეიძლება, არ მიენიჭოს. ასე თუ მოხდება, ბუნებრივია, ეს სრულიად ალოგიკური და უსამართლო გადაწყვეტილება იქნება, რაზეც საქართველოში მშვიდობით, სამართლის უზენაესობითა და ეკონომიკის წინსვლით დაინტერესებულ ყველა ადამიანს თავის რეაქცია ექნება“. იგი, ასევე, ამბობს, რომ მოვლენებს არ გაუსწრებენ, მაგრამ დაელოდებიან 23-24 ივნისს, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული და შემდეგ, გადაწყვეტილების შესაბამისად, საზოგადოებას კანდიდატის სტატუსის გარშემო განვითარებული კულუარული მოვლენებისა და შესაბამისი პირადი საუბრების შესახებ მეტ ინფორმაციას მიაწვდიან.

- ეს იმას ნიშნავს, რომ შიშისგან და დაბნეულობისგან ბოდავენ. სრული აბსურდია. რა უნდა ქნან?! - შეთქმულების ახალ თეორიებს განავრცობენ და შულავერის ვერსიის მსგავს ზღაპრებს გამოიგონებენ. არ არის გამორიცხული, ყველაფერი სალომე სამადაშვილს დააბრალონ და სხვა დანარჩენ ყველას, "ვისაც ომი უნდა".

- რა იქნება თუ კანდიდატის სტატუსს საქართველო ვერა, მაგრამ უკრაინა და მოლდავა მიიღებენ?

- ეს იქნება იმის დადასტურება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ევროპულ პერსპექტივას ჩამოაშორა. არ გაგიკვირდეთ, მმართველი გუნდის ლიდერებმა ისიც რომ თქვან, - კარგია კანდიდატის სტატუსი რომ ვერ მივიღეთ, სამაგიეროდ, ომი არ გვექნებაო. აი, ამასაც თუ მიიღებს ქართველი საზოგადოება და გადაყლაპავს, მერე უკვე მართლა აღარ ვიცი რა იქნება.

(სპეციალურად საიტისთვის)

ხათუნა ბახტურიძე