"ომის სწრაფი შეწყვეტა უკრაინის და დასავლეთის ინტერესებშია: კიევი ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მოიგებს იმით, რომ..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ომის სწრაფი შეწყვეტა უკრაინის და დასავლეთის ინტერესებშია: კიევი ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მოიგებს იმით, რომ..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანული გაზეთი "გარდიანი" (The Guardian) ბეჭდავს სტატიას სათაურით - "ომის სწრაფი შეწყვეტა უკრაინის და დასავლეთის ინტერესებშია: კიევი ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მოიგებს იმით, რომ ომის შემდეგ უკრაინა დემოკრატიას განავითარებს" (ავტორი - ქრისტოფერ ჩივისი, "კარნეგის ფონდის" თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ უკრაინას რაც შეიძლება მეტი იარაღი უნდა გაუგზავნონ, რუსეთის არმიის დამარცხებისა და მისი უკრაინის ტერიტორიიდან გაძევების მიზნით. ასევე, იმედოვნებენ, რომ რუსეთის ხელისუფლება - პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაემხობა და ქვეყანა დაიშლება. დიახ, ვაშინგტონში სწორად ფიქრობენ, რომ რუსეთმა ომი უნდა წააგოს და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ცდებიან იმაში, თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული გამარჯვება.

უკრაინისა და რუსეთის ჯარებს ურთიერთდამქანცველი ომი აქვთ, მხარეები დიდ დანაკარგებს განიცდიან, მაგრამ უკრაინის ზარალი უფრო მეტია. ბოლო დროს აშკარაა რუსეთის ჯარის წარმატებები დონბასში.

არსებობს იმის მცირე იმედი, რომ უკრაინა ომის დაწყების წინ არსებულ სტატუსკვოს დაბრუნებას მიაღწევს, მაგრამ, ანალიტიკოსების აზრით, 23 თებერვლის შემდეგ რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებას ძალიან დიდი ბრძოლები და უზარმაზარი რესურსები დასჭირდება, რაც უკრაინას არ აქვს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ომის ხარჯები ისევ ამერიკას და ევროპას დააწვება.

კიევისთვის ცუდი სიტუაცია იკვეთება. ფაქტი ფაქტად რჩება: უკრაინა ამ ომში, ტერიტორიის დაბრუნების მიზნით, ვერ გაიმარჯვებს. ნამდვილი გამარჯვება ბრძოლის ველზე კი არა, ომისშემდგომ აღორძინებაში გამოიხატება და ეს რაც უფრო სწრაფად დაიწყება, მით უკეთესი.

უკრაინა გაიმარჯვებს, თუ გააცნობიერებს, რომ სანამ ჯერ კიდევ არის დრო, მან დასავლეთის ფინანსური მხარდაჭერით დანგრეულის აღდგენა უნდა დაიწყოს. ამით კიევის უსაფრთხოება განმტკიცდება და დაჩქარდება მისი სვლა დემოკრატიული მომავლისაკენ. უკრაინა გაიმარჯვებს, თუ ის მსოფლიოს აჩვენებს თავის ერთგულებას პოლიტიკური და ეკონომიკური ლიბერალიზმის მიმართ; გაიმარჯვებს, თუ აღმშენებლობის პროცესს უახლოეს ხანში დაიწყებს და არა - ხუთი წლის შემდეგ, როცა ქვეყანა საბოლოოდ დაინგრევა; გაიმარჯვებს იმით, რომ რუსეთს არ მისცემს თავისი დამოუკიდებლობის საბოლოოდ განადგურების შანსს - დამოუკიდებლობისა, რომელიც მუდამ საფრთხის ქვეშ იქნება, სანამ ომი მიმდინარეობს. გაიმარჯვებს თუ უკრაინელი ხალხი, თავის ენერგიას მშვიდობისა და ძლიერი სახელმწიფოს შექმნისაკენ მიმართავს.

მხარდაჭერა, რომელსაც დასავლეთი უკრაინას უწევს, კოლოსალურია. ის უკვე ისეთ დონეზეა, რომელსაც ომის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა. მაგრამ უკრაინამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მხარდაჭერა მუდმივი არ იქნება: მთელ მსოფლიოში მატულობს ფასები საწვავზე და სურსათ-სანოვაგეზე. მართალია, ომის 100 დღის განმავლობაში ნატომ და ევროკავშირმა უკრაინის შესახებ მტკიცე პოზიცია დაიკავეს, მაგრამ მათი სიმტკიცე მარადიული ვერ იქნება, ევროპის ქვეყნებში უთანხმოება გაჩნდება. ბევრი უკრაინის ომს ისე უყურებს, როგორც დღევანდელი დღის მოვლენას და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება იგი, მით უფრო მეტია რისკი, რომ მორალური და პრაქტიკული მხარდაჭერა თანდათან დაიკლებს.

უკრაინა გონივრულად უნდა მოეკიდოს და ისარგებლოს იმ კეთილგანწყობით, რომელიც დღეს მის მიმართ არსებობს. მან ეს კეთილგანწყობა უნდა გამოიყენოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის აღსადგენად, დემოკრატიის გასავითარებლად და არა - იარაღის სულ უფრო დიდი რაოდენობით შესაძენად. ომით დანგრეული ეკონომიკის აღდგენა ძალიან მასშტაბური პროცესია და, საუკეთესო სიტუაციაში, მას ათი და მეტი წელი დასჭირდება - ასობით მილიარდი დოლარის ხარჯებით. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო მეტი იქნება ნგრევა და განადგურება, მით უფრო ძვირი დაჯდება აღდგენა. საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურებით მნიშვნელოვნად მატულობს კორუფციის ზრდის საფრთხე, მით უფრო მტკიცდება მართვის ცენტრალიზება და ხელისუფლების პერსონალიზება. ამ სენით უკრაინა წარსულში ავადმყოფობდა და თუ ასე გაგრძელდება, დემოკრატიული გარდაქმნების რეალიზება რთული გახდება.

რა თქმა უნდა, უკრაინის [ტერიტორიის] დაყოფის ფაქტიური აღიარება - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იურიდიულად არ გაფორმდება - მაინც იმას ნიშნავს, რომ მის საზღვრებთან მუდამ იქნება მტრულად განწყობილი რუსეთი, რომელიც თავის აგრესიულ ქმედებებს კვლავაც შეუზღუდავად გააგრძელებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლის ქვეყნის აღდგენის პროცესს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოსკოვი კიევს შავ ზღვაზე გასასვლელს დაუბლოკავს. უკრაინამ უნდა გაითვალისწინოს, რომ რუსეთის ყოფნა მის საზღვრებთან გარდაუვალია, რუსეთი მის მუდმივ მეზობლად დარჩება, თუ მოსკოვში გადატრიალება არ მოხდება ან რაღაც ამის მსგავსი. კიევმა საღი თვალით უნდა შეხედოს და გააცნობიეროს, რომ ეკონომიკის აღდგენაზე დაუყოვნებლივი გადასვლა უფრო ნაკლებად რთული იქნება, ვიდრე - დაუსრულებელი ბრძოლა, რომლის შედეგად კიდევ უფრო მეტი უკრაინული ქალაქი იქნება აღგვილი პირისგან მიწისა, მილიონობით უკრაინელი კი სამშობლოში ვერ დაბრუნდება.

დიახ, რთული იქნება უკრაინის ხელმძღვანელების იმაში დარწმუნება, რომ ეს მათთვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს. გასაგებია, რომ მათი ქვეყანა ძალზე დაზარალდა სწორედ ვლადიმერ პუტინისაგან. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საეჭვოა, დათანხმდეს იმას, რომ უკრაინის გრძელვადიანი ინტერესები კეთილი მომავლისაკენ, ევროპასთან ერთად, სწორედ მშვიდობის დამყარების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. ამიტომ ამერიკამ და ევროპამ, რომლებმაც უკრაინას ეკონომიკური და სამხედრო დახმარების ხელი გაუწოდეს, თავიანთი გავლენით უნდა ისარგებლონ და უკრაინის ხელისუფლებას ასეთი მოქმედებისაკენ უნდა უბიძგონ.

შეზღუდული გამარჯვების აღიარება, ასევე, მოითხოვს ვაშინგტონის დიპლომატიურ ინიციატორობას, ვინაიდან, სწორედ ამერიკას მოუწევს წინააღმდეგობების გადალახვა ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნის დედაქალაქებში. და კიდევ საჭირო იქნება ანალიტიკოსებმაც სიბრძნე გამოიჩინონ, რომლებსაც მოსკოვზე შურისძიება სურთ: ანტაგონისტური ლოგიკის თანახმად, რომელიც სხვადასხვა წრეში სუფევს, დღეს უკრაინას მხოლოდ ისეთი გამარჯვება აწყობს, თუ რუსეთი გამანადგურებელ და [მისი რეპუტაციისათვის] დამამცირებელ დარტყმას მიიღებს. დიახ, კრემლმა მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს უკრაინისთვის მიყენებული ზარალისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სანქციები, დიპლომატიური ოსტრაკიზმი და განცდილი ცოცხალი ძალის დანაკარგები რუსეთს უფრო მეტად და მტკივნეულად დაარტყამს. სხვათა შორის, კრემლის ელიტის აქტივები უკვე კონფისკებულია, მსოფლიომ მათ კარი დაუხურა. დაწესებული სანქციებით ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩებიან შეზღუდულნი და უფლებაწართმეულნი.

გავიხსენოთ სტრატეგიის სფეროში ყველაზე ცნობილი გამოთქმა - "ომი არის პოლიტიკის სხვა საშუალებებით გაგრძელება". ამიტომაც დასავლელმა ლიდერებმა უნდა დაიმახსოვრონ: უკრაინა რუსეთთან ომში ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს, ვერც - დასავლეთი. უკრაინა გამარჯვებული იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ის აყვავებული დემოკრატიული სახელმწიფო გახდება. რა თქმა უნდა, თავისთავად, ეს სერიოზული გამოწვევაა და საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურება ამ ამოცანის შესრულებას არ გააიოლებს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ