ვინ იყო ქართველი დიპლომატი, რომლის დახმარებითაც ამერიკელებმა რუსეთის აგენტი დააკავეს? - კვირის პალიტრა

ვინ იყო ქართველი დიპლომატი, რომლის დახმარებითაც ამერიკელებმა რუსეთის აგენტი დააკავეს?

ოცდახუთი წლის წინ, 1997 წლის 23 ივნისს, ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიის სასამართლოში დახურული პროცესი გაიმართა. ბრალდებული აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) აკადემიის თანამშრომელი ერლ ედვინ პითსი იყო. პროცესის მიმდინარეობისას ფედერალურმა პროკურორმა ბრალდებულისთვის 24,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და ერლ პითსს... 27 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვინ იყო და რისთვის მიუსაჯეს პატიმრობა ერლ პითსს?

პითსი 1953 წელს ქალაქ ურბანში (მისურის შტატი - აშშ), ფერმერის ოჯახში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ადგილობრივი უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1983 წელს პითსმა გფბ-ს (გფბ - FBI) მისურის ფილიალში დაიწყო სამსახური. 1985 წელს ის გფბ-ს ნიუ-იორკის ფილიალში გადაიყვანეს, სადაც სსრკ-ს საკონსულოსა და გაეროში საბჭოთა მისიის თანამშრომლებში კა-გე-ბესა და გე-ერ-უს თანამშრომლების იდენტიფიცირება და მათი ოპერატიულ-ტექნიკური კონტროლი უნდა მოეხდინა. ეს ერთი შეხედვით დაწინაურება იყო, თუმცა ნიუ-იორკში ცხოვრების ხარჯები გაიზარდა, ხელფასი კი იგივე დარჩა, რაც წინა თანამდებობაზე - ამიტომ ერლ პითსმა შემოსავლების ახალი წყაროს ძებნა დაიწყო.

ხშირად სწორედ ამგვარი პროზაული მიზეზების გამო ხდებიან სახელმწიფოს მოღალატენი. პითსიც ამ გზით წავიდა: მან კარგად იცოდა, რომ საიდუმლო დოკუმენტების "ბაზარზე" ყველაზე გულუხვი გადამხდელები საბჭოთა სპეცსამსახურები იყვნენ. კა-გე-ბე თუ გე-ერ-უ (სამხედრო დაზვერვა)? ამერიკელმა კა-გე-ბე აირჩია. მან ზუსტად იცოდა ნიუ-იორკის კა-გე-ბეს რეზიდენტურის ერთ-ერთი თანამშრომლის ვინაობა და 1987 წლის ივნისის დასაწყისში მის ავტომობილში წერილი ჩააგდო - თანხის სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაციის მიწოდების წინადადებით. თუმცა პასუხი არ მიუღია, რაც გასაკვირი არ იყო: "ძერჟინსკის მემკვიდრეებს" ყველაზე მეტად ამერიკელების პროვოკაციების ეშინოდათ და "შემოგდებული წერილიც" პროვოკაციის მცდელობად ჩათვალეს.

ორი კვირის შემდეგ პითსმა მეორედ სცადა კონტაქტის დამყარება კა-გე-ბესთან. 1987 წლის 15 ივნისს იგი კენედის სახელობის აეროპორტში აკვირდებოდა მოსკოვიდან ნიუ-იორკში ჩასულ საბჭოთა დიპლომატებს. ერთ-ერთში მან ამოიცნო პირი (პირობითად "X"), რომელიც გფბ-ს, როგორც საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი ისე ჰყავდა იდენტიფიცირებული. თუმცა მაშინ პითსმა ვერ გაბედა საბჭოთა დიპლომატთან მიახლოება, რადგანაც "X"-ს გაეროში საბჭოთა მისიის თანამშრომლები დახვდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ პითსმა "X"-ის სახლის მისამართზე წერილი გაგზავნა, სადაც ორი კვირის შემდეგ ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში შეხვედრას სთავაზობდა. დამაჯერებლობისთვის პითსმა კონვერტში გფბ-ს რამდენიმე საიდუმლო დოკუმენტი, მათ შორის "X"-ის თვალთვალის მასალები, ჩადო.

ბიბლიოთეკაში მისულ პითს სიურპრიზი ელოდა: მას ორი საბჭოთა დიპლომატი დახვდა. "X" , ვისაც მან სახლში წერილი გაუგზავნა, პითსის გასაკვირად "სუფთა" დიპლომატი აღმოჩნდა (სირცხვილი და თავისმოჭრა გფბ-ს!), რომელმაც "ნამდვილი" საბჭოთა მზვერავი მოიყვანა, თავად კი, როგორც წესია, მაშინვე წავიდა. მიუხედავად ამისა "X"-მა ანუ "სუფთა" დიპლომატმა შემდეგ გადამწყვეტი როლი ითამაშა მომავალი საბჭოთა აგენტის ბედში.

პითსი პირველივე შეხვედრაზე "ხელდამშვენებული" მივიდა: მან დიპლომატის საფარქვეშ მოქმედ საბჭოთა მზვერავს ნიუ-იორკში არსებული საბჭოთა ორგანიზაციების თანამშრომლების სია გადასცა, რომლებიც გფბ-ს ჯაშუშებად მიაჩნდა და მათზე თვალთვალი და ფარული მოსმენები ხორციელდებოდა. ამან კა-გე-ბეს ნიუ-იორკის რეზიდენტურას საშუალება მისცა, ზუსტად სცოდნოდა, თუ რომელ თანამშრომელს უთვალთვალებდა და სხვა რა ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებებს გეგმავდა გფბ.

მიწოდებული საიდუმლო დოკუმენტების სანაცვლოდ პითსი მნიშვნელოვან თანხებს იღებდა. 1989 წელს პითსი დააწინაურეს და ვაშინგტონში გფბ-ის შტაბ-ბინაში, გადაიყვანეს, სადაც მას გაცილებით მეტ საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა. 1987-1991 წლებში საბჭოთა დაზვერვამ მას საერთო ჯამში 224 ათასი დოლარი გადაუხადა. საბჭოთა კავშირის დანგრევისა და რუსეთში არსებული ქაოსის გამო, 1992 წლის ოქტომბრიდან, პითსთან კავშირი შეწყდა. ეს ისტორია უცნობი დარჩებოდა და მხოლოდ კა-გე-ბეს არქივებს შემორჩებოდა, როგორც ასეულობით სხვა გადაბირების ოპერაციის ამსახველი საიდუმლო დოკუმენტი, რომ არა შემთხვევითობა და ბედისწერა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა: აშშ და დასავლეთ ევროპის ქვეყნები "ცივი ომის" დასასრულს და მთავარი მოწინააღმდეგის - საბჭოთა კავშირის დამარცხებას ზეიმობდნენ. ღრმა ეიფორია უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა მათთვის შოკისმომგვრელი ფაქტი: 1994 წლის 21 თებერვალს აშშ გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა, ახალი დირექტორის, ლუის ფრის ხელმძღვანელობით დაგეგმილი ოპერაციის შედეგად დაპატიმრეს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ვეტერანი და ერთ-ერთი მიმართულების ხელმძღვანელი ოლდრიჩ ეიმსი.

11-1654844211.jpg
ოლდრიჩ ეიმსი, 1994 წელი

1994 წლის 22 თებერვალს ეიმსს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი საბჭოთა კავშირისა და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. გამოძიებით დადგინდა, რომ ეიმსის ღალატის გამო აშშ-ს 100-ზე მეტი სადაზვერვო ოპერაცია ჩავარდა და აშშ-ს დაზვერვის სულ მცირე ათი აგენტი საბჭოთა კავშირში სიკვდილით დასაჯეს. იმავე წლის 28 აპრილს სასამართლომ ეიმსი დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით მიუსაჯა.

"ეიმსის საქმემ" დიდი საერთაშორისო პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია და ძალზე დაძაბა აშშ-რუსეთის ურთიერთობები. ამერიკელებს სამართლიანად მიაჩნდათ, რომ რუსეთს, რომელიც იმ პერიოდში მთლიანად დასავლეთის (უპირველესად კი აშშ-ს) ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების იმედზე იყო და ამგვარად ცდილობდა "ფეხზე დადგომას", თანაც ამერიკას მეგობრობას ეფიცებოდა, არ უნდა ჩაეტარებინა აშშ-ის საწინააღმდეგო სადაზვერვო ოპერაციები, თანაც ამერიკის ტერიტორიაზე.

ლოგიკურია კითხვა: რა კავშირშია ოლდრიჩ ეიმსის საქმე ერლ პითსის დაპატიმრებასთან?

საქმე ისაა, რომ " ეიმსის საქმის" შემდეგ , აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მოთხოვნით, აშშ-ის ყველა სპეცსამსახურში დაიწყო "თხუნელების" ძებნის პროცესი, ბუნებრივია გამონაკლისი არც გამოძიების ფედერალური ბიურო იყო. გფბ-ს ხელმძღვანელობას განსაკუთრებით აინტერესებდა წინა წლებში ნიუ-იორკში რამდენიმე კონტრდაზვერვითი ოპერაციის წარუმატებლობის მიზეზების გარკვევა.

პირველ რიგში შემოწმება შეეხო გფბ-ს ნიუ-იორკის ფილიალის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სამსახურებრივი შეხება ჰქონდათ აშშ-ში მოქმედ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის სპეცსამსახურების მზვერავების დადგენის პროცესთან. ერთ-ერთი ასეთი ერლ პითსიც იყო, რომელსაც 1987-1992 წლებში ევალებოდა კონტრდაზვერვითი ოპერაციების ჩატარება საბჭოთა დაზვერვის წინააღმდეგ. პითსის წინააღმდეგ პირდაპირ სამხილები არ არსებობდა, ამიტომ გფბ სპეციალურმა ჯგუფმა დაიწყო პითსის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა და ყველა ოპერაციის ანალიზი, ასევე იმ საბჭოთა მოქალაქეების ვინაობის გარკვევა, რომლებიც ამ ოპერაციების ობიექტები იყვნენ. რამდენიმე თვის შემდეგ დაადგინეს, რომ ყოფილი საბჭოთა დიპლომატი "X" კვლავ აშშ-ში იმყოფებოდა და საბჭოთა კავშირიდან 70 იან წლებში ემიგრირებული თამირ საპირის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა.

თამირ საპირის, იგივე თემურ სეფიაშვილის (1948-2014) - ებრაული წარმოშობის ქართველი ემიგრანტისა და მილიარდერის ძალზე საინტერესო ბიოგრაფიის შესახებ შემდეგ ვისაუბროთ, ამჟამად კი ყოფილ საბჭოთა დიპლომატ "X" დავუბრუნდეთ.

22-1654844310.jpg
დონალდ ტრამპი და თამირ საფირი, ნიუ–იორკი, 2007 წლის 19 სექტემბერი

გფბ გაარკვია, რომ "X" მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელო იყო: მას არ ჰქონდა "მწვანე ბარათი" (ანუ აშშ-ში მუდმივად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება) და არც რაიმე იურიდიული საფუძველი, რომ უახლოეს ხანში ის მიეღო. ამიტომაც საემიგრაციო სამსახურთან მოსალოდნელი კონფლიქტები გამორიცხული არ იყო. ინფორმატორები და მოწმეები, როგორც წესი, შეუფერხებლად იღებენ "მწვანე ბარათს" და გფბ ყოფილ საბჭოთა დიპლომატ "X" გარიგება შესთავაზა. ამ გარიგების ყველა დეტალი დღესაც უცნობია, თუმცა ფინანსურ კომპენსაციასა და "მწვანე ბარათს" ნამდვილად ითვალისწინებდა. "X” -ს მოსთხოვეს ყველა იმ ინფორმაციისა და ფაქტის გამჟღავნება, რაც ერლ პითს ეხებოდა. სწორედ მაშინ შეიტყო გფბ-მ ის, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. თუმცა მხოლოდ "X”-ის განცხადება პითსის ჯაშუშობის შესახებ , კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, ბრალის წაყენებისთვის არასაკმარისი იყო. ამიტომაც 1995 წლის ზაფხულში დაიგეგმა პითსის "პროვოცირების ოპერაცია". ასეთი ოპერაციის მიზანია "დაკონსერვებული აგენტის" დარწმუნება, რომ მასთან კავშირი განახლდება, რათა პითსის მიერ 1987-1992 წლებში განხორციელებული ჯაშუშური მოქმედებების დოკუმენტური დადასტურება მომხდარიყო. ასევე დადგენილიყო, თუ რა ინფორმაცია გადასცა პითსმა კა-გე-ბეს და რა ზიანი მიაყენა აშშ-ის კონტრდაზვერვას.

1995 წლის 26 აგვისტოს "X"-მა პითსს სახლში მიაკითხა, ვითომდა როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და უთხრა: "აქ ჩემს მანქანაში სტუმარია მოსკოვიდან და შენი გაცნობა უნდა". გფბ-ს თანამშრომელი პითსს, როგორც "რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ოფიცერი" ისე გაეცნო და თანამშრომლობის განახლება შესთავაზა. პითსიც უყოყმანოდ დათანხმდა. მან მიიღო ურთიერთშეხვედრების ინსტრუქციები და პირველი დავალებაც. "რუსმა მზვერავმა" განუცხადა: კა-გე-ბეს ის თანამშრომელი, რომელიც თქვენთან კონტაქტზე იყო, არაკეთილსინდისიერი ადამიანი აღმოჩნდა და თქვენთვის გადმოსაცემ ფულს ითვისებდა, თქვენ გაცილებით მეტი უნდა მიგეღოთ და თუ არ შეწუხდებით შემდეგ შეხვედრაზე იმ საიდუმლო ინფორმაციის ზუსტი ჩამონათვალი მოიტანეთ, რაც თქვენ ძველ მეკავშირეს გადაეცითო. თან "რუსმა მზვერავმა" პითსს კონვერტი გადასცა, სადაც 15 000 აშშ დოლარი იყო. გახარებული პითსი სწრაფად დათანხმდა. " ამხელა თანხა მხოლოდ ჩამონათვალისთვის?! ეს რუსები რა ყეყეჩები არიან" - გაიფიქრა მან. პითსი ვერ ხვდებოდა, რომ ამით საკუთარ განაჩენს მოაწერა ხელი.

(პირველი ნაწილის დასასრული)