"მართლაც ყველაზე საშინელი როლია, სცენარი რომ მომივიდა, ვამბობდი, ამას როგორ დავთანხმდები-მეთქი..." - კვირის პალიტრა

"მართლაც ყველაზე საშინელი როლია, სცენარი რომ მომივიდა, ვამბობდი, ამას როგორ დავთანხმდები-მეთქი..."

"ნეტფლიქსის" პოპულარული ფილმის - Extraction-ის მეორე ნაწილი - Extraction 2 მალე ტელეეკრანზე გამოვა. მისი გამოსვლის თარიღად 2022 წლის მაისი დასახელდა... როგორც მსახიობმა თორნიკე გოგრიჭიანმა გვითხრა, საქართველოში პრემიერა 20 ივნისს გაიმართება. ფილმის პირველი ნაწილი 2020 წელს გამოვიდა და "ნეტფლიქსზე" 99 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

კინოსურათში სამმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა - თორნიკე გოგრიჭიანმა, თინა დალაქიშვილმა და დათო ბახტაძემ... ცნობილი იყო, რომ ქართველი მსახიობები ფილმშიც ქართველებს განასახიერებდნენ. თინა დალაქიშვილის გმირს ქეთევანი ჰქვია, დათო ბაქრაძის გმირს - ავთანდილი, თორნიკე გოგრიჭიანისას კი - ზურაბი.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ფილმის გადაღებისას გარკვეული შეფერხებები იყო... გადაღებები მიმდინარეობდა სლოვაკეთში, ჩეხეთსა და სხვა ქვეყნებში...

უმნიშვნელოვანეს პრემიერამდე თორნიკე გოგრიჭიანთან ინტერვიუ ჩავწერეთ:

- ფილმის Extraction 2-ის პრემიერა 20 ივნისს არის დაგეგმილი, მაყურებელი თავად ნახავს და შეაფასებს... რაც შეეხება როლს, რომელიც ამ პოპულარულ ფილმში განვასახიერე, მინდა ცოტა ფარდა ავხადო და ვთქვა, რომ მართლაც ისეთი როლი მაქვს, რაც შეიძლება მაყურებელს არ მოეწონოს...

მოგეხსენებათ, მედალს ორი მხარე აქვს და ვინაიდან ფილმი ძალიან პოპულარულია, ყველანაირი როლი მნიშვნელოვანია და ამიტომაც დავთანხმდით.

მე "ქილერის" ძმის როლს განვასახიერებ, დათო - ქართველ "ქილერს" და თინა კი - "ქილერის" ცოლს... მთავარი როლის შემსრულებელი ავსტრალიელია.

- საქართველო, ქართველები ამდენად უარყოფითად რომ არიან ფილმში წარმოჩენილი, ეს ცუდად არ იმოქმედებს?

- ხომ იცით, ამბები მალე ვრცელდება და უკვე მოდის ჩვენამდე ხმები, თუ რას ამბობენ... ზოგიერთი თვლის, რომ პროფესიონალმა მსახიობებმა ყველანაირი როლი უნდა განვასახიეროთ, რადგან რეალურად კი არ ხდება, ეს ფილმია...ზოგიერთების პოზიცია კი ისეთია, საქართველოში ამდენად კარგი როლების შესრულების მერე მაგ როლს როგორ დათანხმდითო...

მე ვადასტურებ, რომ ყველაზე მაღლა პროფესიონალიზმი დგას, ვიდრე - როლის შინაარსი. კი, ბოროტი როლი გვაქვს, მაგრამ ფილმი კარგად მთავრდება. კარგად დამთავრებას ჰოლივუდური გადასახედიდან ვგულისხმობ. ბოროტი ხალხი ვართ და ბოლოს ფილმში მამაკაცებს გვკლავენ, გოგო გადარჩება.

ფილმში არსად ჩანს, რომ საქართველოდან ვართ. საქართველოში შეიძლება უფრო აღიქვან, თორემ სხვაგან - არა... სადღაც, გულის სიღრმეში იგულისხმება საქართველო, ქართველები რომ ვართ. ასე ცნობილმა მსახიობმა - ჯორჯ კლუნიმ რომ უარყოფითი როლი ითამაშოს, მისი ქვეყანა ხომ არ იქნება იქ მოხსენიებული?! მსახიობმა კი ყველა როლი უნდა მოირგოს. მე, პირადად, ერთ-ერთ ფილმში ჰიტლერის როლი ვითამაშე, რომელიც სექტემბერში გამოვა. მართლაც ყველაზე საშინელი როლია, სცენარი რომ მომივიდა, ვამბობდი, ამას როგორ დავთანხმდები-მეთქი...

- პარალელურად, თქვენ თვითონაც ფილმს იღებდით...

- დიახ, ფილმს „პატარა ქალბატონი“ ჰქვია, ობოლ ბავშვზეა... ოქტომბრის შუა რიცხვებში იქნება აქტიური გადაღებები აზერბაიჯანში. საბედნიეროდ, ძალიან კარგი ფილმი გამოდის, რომელსაც დიდ აღიარებას უწინასწარმეტყველებენ... ფილმი ჩემი მეგობრის - მაშო კახიშვილის ნოველის მიხედვით იქმნება. იმდენად საინტერესო ნოველაა, ძალიან ბევრი სპონსორი დაინტერესდა, მაგრამ ერთი აზერბაიჯანელი სპონსორი შევარჩიეთ.

(სპეციალურად საიტისთვის)