"რეზოლუცია შეცდომების იმ ჯაჭვის ლოგიკური შედეგია, რომელიც დავუშვით და სამწუხაროდ, დღესაც ვაგრძელებთ" - კვირის პალიტრა

"რეზოლუცია შეცდომების იმ ჯაჭვის ლოგიკური შედეგია, რომელიც დავუშვით და სამწუხაროდ, დღესაც ვაგრძელებთ"

რეზოლუცია არის შეცდომების იმ ჯაჭვის ლოგიკური შედეგი, რომელიც ჩვენ დავუშვით და სამწუხაროდ, ამ შეცდომების დაშვებას დღესაც ვაგრძელებთ, - ასე აფასებს საგარეო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტი თენგიზ ფხალაძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას.

როგორც „ინტერპრესნიუს“ თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, შეცდომის დაშვების გაგრძელებაში გულისხმობს, როგორც საქართველოს პარტნიორების მიმართ არსებულ რიტორიკას, რომელიც სრულიად დაუშვებელია, ასევე იმას, რომ საქართველომ ყურადღება არ მიაქცია მეგობრების გაფრთხილებებს, სიგნალებს, რომ გამოესწორებინა ხარვეზები და ნაკლოვანებები, რომლებიც რეალურად არსებობს.

„ამის ნაცვლად ჩვენ ვამბობთ,რომ ყველაფერი კარგად არის და ყველაზე მაღალ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ. ძალიან საგულისხმოა და ყურადღება მისაქცევია ის, რომ ეს რეზოლუცია მიღებული იქნა ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერით, მათ შორის, იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერით, რომელიც „ქართული ოცნების“ოფიციალური პარტნიორია. ასე რომ, ეს ძალიან ბევრ რამეზე მიანიშნებს. მე, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, ძალიან მტკივა გული, რომ საქართველო ამ კონტექსტშია ნახსენები, სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის ნახსენები იყო, რეფორმებში როგორც ერთ-ერთი სამაგალითო და როგორც სამაგალითო პარტნიორი ევროკავშირისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ქვეყნის დასასრული, ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვაქვს დრო და ჩვენი მეგობრებიც მზად არიან დაგვეხმარონ იმისათვის, რომ გამოვასწოროთ ეს ნაკლოვანებები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ უნდა ვისწავლოთ რეალობის აღქმა, ვინაიდან თუ ჩვენ ისევ გავაგრძელებთ იმ სულისკვეთებით ყოფნას, რომ ყველაფერი კარგად არის და ისევ ვლანძღოთ ჩვენი პარტნიორები, ვითარება ნამდვილად კიდევ უფრო დამძიმდება.

ასევე, არსებული ნაკლოვანებების გამოსწორების მხრივ, რა თქმა უნდა, ქვეყანას ერთ წამში ვერ შეცვლით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ევროპელ პარტნიორებს ვაჩვენოთ ორი რამ: პირველი, გვესმის, რომ გვაქვს პრობლემები და ამას არ უარვყოფთ და არ ვდგავართ ჭირვეული ბავშვის პოზაში. მეორე - გვაქვს პოლიტიკური ნება, რომ რეალურად რაღაც შევცვალოთ და არა მხოლოდ რეფორმის თუ რაღაცის შეცვლის ილუზია შევქმნათ. თუ ამას ვაჩვენებთ, მაშინ არსებობს შანსი იმისა, რომ ვითარება გაუმჯობესდეს და სულ მცირე, არ დამძიმდეს“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ 9 ივნისს რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოსა და ფუნდამენტური თავისუფლების უმაღლესი სტანდარტები.

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.

ამავე რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გმობს საქართველოში ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. ამასთან, დოკუმენტში საუბარია „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე და აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას „წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმება, როგორც დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკული ხმის გაჩუმების მცდელობა, ვინაიდან ეს საქმე უკვე უარყოფითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წელს“.

გარდა ამისა, მიღებული რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული საფუძვლით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გაათავისუფლოს, რათა მან საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა გაიაროს.

"ინტერპრესნიუსი"