რას უმზადებენ უკრაინელები რუსებს ზმეინიზე... - კვირის პალიტრა

რას უმზადებენ უკრაინელები რუსებს ზმეინიზე...

შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ეს პატარა უკრაინული კუნძული უკვე შევიდა დიდ ისტორიაში, როდესაც ამ კუნძულის ნახევარი სიგრძის მქონე რუსული სარაკეტო კრეისერი "მოსკვა" ზმეინიდან ჯერ "სამ ასოზე გაუშვეს", შემდეგ კი, მალევე - დანაპირები აუსრულეს...

მას შემდეგ კუნძულ ზმეინიზე უკრაინელებმა უპილოტო "ბაირაქტარებით" და საბრძოლო თვითმფრინავებით რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, უშუალოდ კუნძულზე ორი-სამი საზენიტო-სარაკეტო დანადგარი აუფეთქეს რუსებს და სამი კატარღა კი - ჩაუძირეს.

მიუხედავად ამ საბრძოლო დანაკარგებისა, რუსი ადმირალები ჯიუტად მიიწევენ კუნძულისკენ და მისი სახით ჩაუძირავი "მინიავიამზიდის" შექმნა სურთ, რომელმაც გარკვეულწილად უნდა გადაიბაროს შავი ზღვის ფსკერზე, 50 მ-ის სიღრმეში ჩაძირული "მოსკვას" ძირითადი ფუნქცია - განახორციელოს რადიოლოკაციური კონტროლი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს მიმართულებით.

ამ მიზნით, კუნძულ ზმეინიზე უკვე გადასროლილია რამდენიმე ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, ერთგვარი ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის ზონის შესაქმნელად, რათა უკრაინულმა "ბაირაქტარებმა" თუ მოირიშე თვითმფრინავებმა ისევ ვერ მოხერხონ კუნძულზე წარმატებული საჰაერო იერიშების მიტანა.

1-1654848645.jpg
რუსების მიერ დაპყრობილი და უკვე ისტორიაში შესული ზმეინი ძალიან მალე კვლავ მოხვდება მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ეპიცენტრში...

მოსალოდნელია, რომ რუსები მათ შეიარაღებაში არსებული, ყველაზე თანამედროვე "ს-400" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის განთავსებასაც შეეცდებიან ამ კუნძულზე, თუკი ამას ტექნიკურად შეძლებენ, იქიდან გამომდინარე, რომ კუნძულს ერთადერთი პატარა პირსი აქვს.

რუსმა სამხედროებმა დაპყრობილ კუნძულზე გადაისროლეს "ტორის" ტიპის რამდენიმე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, კუნძულის სანაპიროების გაკონტროლება კი სწრაფმავალი კატარღებით დაიწყეს. დიდი ალბათობით, რუსები კუნძულზე შორს მოქმედი "ს-400" "ტრიუმფის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის დივიზიონის განთავსებას აპირებენ, რომლის შემადგენლობაში შემავალ მძლავრ, ფაზირებულანტენიან რადიოლოკაციურ სადგურს არანაკლებ 500-600 კმ-ის რადიუსში საფრენი აპარატების აღმოჩენა შეუძლია, საზენიტო რაკეტებს კი 400 კმ-მდე მანძილზე - მათი დაზიანება-ჩამოყრა.

ამ ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთის გენშტაბს ოკუპირებულ კუნძულ ზმეინიდან საჰაერო სივრცის გაკონტროლება (საშუალო სიმაღლეების - 5 კმ-ის ზევით) კიევამდეც კი შეეძლება, რომელიც ამ კუნძულიდან პირდაპირი ხაზით 570 კმ-ით არის დაშორებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ოდესასა თუ მოლდოვაზე, სეპარატისტული დნესტრისპირეთით, მაგრამ კუნძულ ზმეინიზე მძლავრი საზენიტო-სარაკეტო "ტრიუმფის" სისტემების შეტანის მთავარი აზრი ის არის, რომ იქიდან რუსეთმა ნატოს წევრი შავიზღვისპირა ქვეყნების საჰაერო სივრცეებშიც კი შეიძლება "შეიჭყიტოს", რადგან 600 კმ-იან რადიუსში ხვდება არა მარტო რუმინეთისა და ბულგარეთის თითქმის მთელი ტერიტორია, არამედ - თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვანი ნაწილი, ბოსფორის სრუტისა და სტამბოლის ჩათვლით.

სწორედ ამიტომ, ოციოდე ჰექტარი ფართობისა და ექვსასიოდე მეტრი სიგანე-სიგრძის ეს ხრიოკი კუნძული სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილად და სერიოზული საჰაერო-საზღვაო დარტყმების სამიზნედაც იქცა.

უკრაინელები ზმეინის მიმართულებით ჯერჯერობით არ აქტიურობენ და თვალყურს ადევნებენ, თუ როგორ აძლიერებს ამ კუნძულზე თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას აგრესორი რუსეთი.

ეს შემთხვევით არ ხდება, დიდი ალბათობით, უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა სპეციალურად აცლის რუსებს, რომ ზმეინიზე რაც შეიძლება მეტი რაოდენობის ძვირად ღირებული სამხედრო ტექნიკა გადაისროლოს რადიოლოკაციური სადგურებისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების სახით, რომ...

...რომ, დაარტყას, ოღონდ არა უპილოტო "ბაირაქტარებით" და მით უმეტეს - პილოტირებული საბრძოლო თვითმფრინავებით, არამედ... არტილერიით!

დიახ, შორსმსროლელი არტილერია სწვდება კუნძულ ზმეინის, რომელიც უკრაინის დასავლეთი სანაპიროდან (უკრაინა-რუმინეთის სახმელეთო საზღვრის სიახლოვიდან), პირდაპირი ხაზით, სულ რაღაც 35 კმ-შია...

ამერიკელების მიერ უკრაინისთვის გადაცემული "მ777" ტიპის ბუქსირებადი ჰაუბიცები, რომლებიც მეორე კვირაა, დონბასში იბრძვიან, სპეციალურ აქტიურ-რეაქტიულ ჭურვს (საარტილერიო ჭურვი, რომელსაც გასროლის შემდეგ რაკეტული ძრავა ერთვება, რაც მისი ფრენის მაქსიმალურ მანძილს 15 კმ-ით ზრდის) 40 კმ-მდე ისვრიან, რაც სრულიად საკმარისია სანაპიროდან (რომელიც ტყითაა დაფარული და ადვილია ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარის გადამალვა) კუნძულ ზმეინიმდე მისაღწევად.

ათიოდე დღეში მოსალოდნელია უკრაინელების შეიარაღებაში ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული "ჰიმარსების" გამოჩენაც, რომლებიც, ჩვეულებრივ, უმართავ რაკეტებს 45 კმ-მდე, ხოლო მართვადს კი - 70 კმ-ზე შორს ისვრიან.

ზმეინი კი, 500-600 მეტრის სიგრძე-სიგანის გადახრიოკებული კუნძული, რომელზე დამალვაც და თავის შეფარება სადმე, ადამიანისთვისაც წარმოუდგენელია, რომ აღარაფერი ვთქვათ დანადგარებზე, თუკი მას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მხოლოდ ერთი ბატარეაც (ოთხი სარაკეტო დანადგარი) კი "დაამუშავებს"…