გერმანიის კანცლერის პირადი წერილი და გერმანულ ქალაქში გაშენებული ქართული ბაღი - კვირის პალიტრა

გერმანიის კანცლერის პირადი წერილი და გერმანულ ქალაქში გაშენებული ქართული ბაღი

ეს მხატვარი შემთხვევით ვიპოვე. ჩემი ყურადღება მისმა დახვეწილმა ნამუშევრებმა მიიპყრო და აღმოჩნდა, რომ გურამ სარდლიშვილს გერმანიის დასავლეთ ნაწილში კარგად იცნობენ. შემდეგ მისი ულამაზესი ბაღის ფოტოები დავათვალიერე და ჩვენი საუბარიც შედგა:

- 60-იან წლებში დავიბადე თბილისში. ხატვის ნიჭი ბავშვობიდან მქონდა. კარგი კალიგრაფიის გამო, კედლის გაზეთს სკოლაში მე მახატვინებდნენ ყოველთვის. ეტყობა, მშობლებმაც შეამჩნიეს ჩემი მონაცემები და ხატვის მასწავლებელთან მიმიყვანეს. სკოლის დამთავრების შემდეგ თოიძის სამხატვრო სასწავლებელში შევიტანე საბუთები, მაგრამ სწავლა ვერ გავაგრძელე, რადგან ერთ წელიწადში სამხედრო სამსახურში გამიწვიეს, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა არ გამიგრძელებია. დავოჯახდი და არა ერთი პრობლემა მქონდა. თუმცა დროს მაინც ვპოულობდი ხატვისთვის და მე თვითონ ვცდილობდი, პროფესიული კუთხით ბევრი რამ დამეხვეწა. მაშინვე ვგრძნობდი, რომ სისხლსა და ხორცში მქონდა ხატვის ჟინი გამჯდარი.

285181999-418305440162300-3654010932380406066-n-1654860917.jpg

- ჩანს, სრულყოფილი განათლება ვერ მიიღეთ ხატვის განხრით, მაგრამ დღეს თქვენი ხელოვნების გამო პატივს გცემენ გერმანიაში და შეიძლება ითქვას, თქვენი ნამუშევრები მართლაც გამორჩეულია.

- ჰო, ეს თანდათან მოვიდა. საზღვრების გახსნამ ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. პირველ რიგში, მოგზაურობა და უცხო ადამიანების გაცნობა-შესწავლა დავიწყე. ერთ დღესაც ახალგაზრდა გოგონა გავიცანი, რომელმაც ჩემს გულში ახალი ადგილი დაიკავა. ის წარმოშობით ებრაელი გახლდათ და გერმანიაში მოვაწერეთ ხელი. მასთან ორი ვაჟი შემეძინა. ეს საფუძველი გახდა იმისა, რომ დავრჩენილიყავი უცხო მიწა-წყალზე და დამეწყო ახალი ცხოვრება. დავასრულე ძველი ნახატები და ქანდაკებები, გავმართე პერსონალური გამოფენები.

285196827-842657046709593-3513184812111851753-n-1654860940.jpg

ამავე პერიოდში შევიძინე ახალი მეგობრები. 2007 წელს მივიღე გერმანიის მოქალაქეობა. გერმანული გაზეთები წერდნენ ჩემზე. სხვადასხვა საქმითაც დავკავდი, მაგალითად, მყავს დიდების და პატარების ჯგუფი, მათ ხატვას და ძერწვას ვასწავლი. ქანდაკებებსაც ვაკეთებ, მაგრამ მხატვრობა პირველია. გავწევრდი მხატვართა კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფურ გამოფენებში ვმონაწილეობ, უპირატესობას პერსონალურ გამოფენას ვანიჭებ. მინდა, უახლოეს მომავალში გავაკეთო პერსონალური გამოფენა ჩემი ახალი ნამუშევრებით.

- მხატვრობას საკუთარი პრინციპები თუ გააჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვა?

- ჩემი აზრით, ადამიანი აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს, არა მხოლოდ საკუთარ შემოქმედებაში, არამედ - ცხოვრების პრინციპებსა და - საუბარშიც კი.

ასეა მხატვრობაში. თუ ჩარჩოებში ექცევი, სათქმელს ვეღარ ამბობ. ვერც სილაღეს გაძლევს ნამუშევარი. ვერ ვიტან თავს მოხვეულ პრინციპებსა და ჩარჩოებს. თუ რამეს სწავლობ ან აგნებ ცხოვრებაში, თავად უნდა გააკეთო ეს. ალბათ, მეტყვით, რომ სრული თავისუფლება სიგიჟეებს აკეთებინებს ადამიანს, მაგრამ ერთადერთი, რაც უნდა განვავითაროთ, ეს არის თვითშეგნება და მორალი. ეს დაგამუხრუჭებს უგუნური საქციელისგან და ადამიანებთან ურთიერთობისას.

280269200-758010958698411-2914864902050633285-n-1654861015.jpg

როდესაც ვხატავ, ყოველთვის სიხარულის განცდა მეუფლება. მგონია, რომ ამ დადებით განცდებს გადავცემ ხოლმე ჩემს ნახატებს, რადგან ჯერ არ მქონია გამოფენა, საიდანაც დამთვალიერებლები დადებითი განწყობით არ წასულიყვნენ.

შეხედეთ, მსოფლიოში რა ხდება - ბოროტებას ზღვარი არ აქვს. ჩვენ ხომ ვამბობთ, აი, განვითარებული ქვეყნები, მაგრამ გერმანელები შესაძლოა იტალიელებს ეჯიბრებოდნენ, თურქები - რუსებს და ასე შემდეგ. ადამიანი ყველგან ადამიანია. რა უცნაურია, არა, როცა შესაძლებელია სამყაროში ჰარმონიული თანაცხოვრება?!

286215513-1084267408832711-8229195636358789994-n-1654860991.jpg

და ამ დროს ბუნება, თავის მხრივ, სხვადასხვა კატაკლიზმით ცდილობს, აზრზე მოგვიყვანოს, მაგრამ - ამაოდ. ქვის ხანიდან მოყოლებული, დღემდე ისევ სამყარო ცდილობს ჩვენს აზრზე მოყვანას, იმას, რომ ადამიანის არსმა არ შეწყვიტოს დედამიწაზე არსებობა, ისევ თვითონ ცდილობს, რომ გადაგვარჩინოს და არაფერი გამოსდის. ერთმანეთის ზიზღით და ამპარტავნებით ცხოვრება გრძელდება...

- ალბათ, ბუნების ძახილს კარგად იგებთ. განსაკუთრებულია თქვენი ბაღი. გიყვართ მიწასთან მუშაობა?

- გერმანიის პატარა ქალაქ ფულდაში ვცხოვრობ. გარეუბანში გამოყოფილია საკმაოდ დიდი ტერიტორია მებაღეებისთვის. აქ სულ 120 ბაღია. მეც დავინტერესდი ამ საქმით. ძალიან მიყვარს მიწასთან მუშაობა. 2016 წელს ეს ბაღი ჩემს საკუთრებაში გადმოვიდა. თავისუფალ დროს სულ აქ ვატარებ. აქვე ხეში პატარა ნაკეთობებიც შევასრულე...

281791277-1062882010988946-6920384691548844311-n-1654861050.jpg

ქართველ ხალხს გამორჩეულად უყვარს მიწა. მათ პროფესიულ რჩევას ვერ მივცემ. ერთია, რასაც ვაკეთებ, პირველ რიგში, გულმოდგინედ და სიყვარულით ვაკეთებ, რომ ის მივიღო, რაც მინდა. მიყვარს ხეხილის მოვლა. დარგული მაქვს ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობა. გუშინ დავრგე თეთრი ყაბაყის ჩითილი. ნაყოფს რომ გამოიღებს, სურათს გამოგიგზავნით.

- თქვენს ნამუშევრებში ცალკე სერიაა მსოფლიოს ლიდერების სახეები. როდესაც გერმანიის კანცლერმა წერილი პირადად გამოგიგზავნათ, ამან ხომ არ გააჩინა სურვილი, დაგეხატათ ის?

- დიახ, გერმანიის კანცლერის წერილი პირადად მაქვს მიღებული. ჩემი ნამუშევრებით დაინტერესდა მერკელი და წერილი გამომიგზავნა. ყოველთვის მაქვს სიამაყის და არა - ამპარტავნობის განცდა.

287008222-518646953287227-8373996971989461060-n-1654860968.jpg

ლიდერების პორტრეტებთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი იდეა მქონდა იმთავითვე... მინდოდა, შემესრულებინა გერმანიის კანცლერების ფოტოები და გამოფენა გამემართა, მაგრამ მოგვიანებით მათ შეემატა მსოფლიოს ლიდერების და, ასევე, საინტერესო ადამიანების სახეები, მათ შორის - ქართველებისაც (გამსახურდიას, შევარდნაძის და სხვათა). ამ ტიპის გამოფენა ჯერ არ გამიმართავს და მინდა არა მხოლოდ აქ, არამედ - მთელი ჩემი შემოქმედებით ჩამოვიდე საქართველოში და მოვაწყო საინტერესო გამოფენა.

ნინო ცხვარაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)