"პეტრე I იბრუნებდა ტერიტორიებს, ჩვენც ასეთივე ბედი გვერგო" - რატომ ადარებს პუტინი თავს პეტრე პირველს - კვირის პალიტრა

"პეტრე I იბრუნებდა ტერიტორიებს, ჩვენც ასეთივე ბედი გვერგო" - რატომ ადარებს პუტინი თავს პეტრე პირველს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც თებერვალში უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, რამდენიმე დღის წინ პირველად ისაუბრა, რომ მათი მთავარი მიზანი ტერიტორიების „დაბრუნებაა“, მიმდინარე მოვლენები კი პეტრე I-ის დროს განვითარებულ ისტორიულ პროცესებს შეადარა. საგულისხმოა, რომ პეტრე I-ის 350 წლის იუბილეს რუსეთში ახლა აღნიშნავენ.

„ის, რომ ჩვენ საკუთარი თავის დაცვა და ბრძოლა გვიწევს, ეს ყველასთვის ნათელია. ჩვენ პეტრე I-ის 350 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გამოფენას დავესწარით და თითქმის არაფერი შეცვლილა. პეტრე პირველი ჩრდილოეთის ომს 21 წელი აწარმოებდა. იფიქრებდით, თითქოს შვედეთს ებრძოდა და რაღაც წაართვა. არაფერიც არ წაართვა! დაიბრუნა! დიახ, ეს არის ის ადგილი, სადაც პეტერბურგი დაარსდა - როცა მან ახალი დედაქალაქი დააარსა, ამ ტერიტორიას რუსეთის ნაწილად მაშინ არც ერთი ევროპული ქვეყანა არ აღიარებდა, მას ყველა შვედეთის ტერიტორიად მიიჩნევდა. აქ კი საუკუნეების განმავლობაში ფინო-უგორების ხალხთან ერთად სლავები ცხოვრობდნენ, ტერიტორია კი რუსეთის კონტროლქვეშ იყო“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

„როგორც ჩანს, ჩვენც იგივე ბედი გვხვდა წილად - დავიბრუნოთ და გავაძლიეროთ", - დასძინა პუტინმა ახალგაზრდა მეწარმეებთან შეხვედრაზე.

აღსანიშნავია, რომ პუტინს უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარება ამ კონტექსტში არ უხსენებია.

24 თებერვალს, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, პუტინმა აგრესიის მთავარ მიზნად „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ დაასახელა. ის ამტკიცებდა: „ჩვენს გეგმებში არ შედის უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია“.

კრემლი უარყოფდა, რომ რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის მთავარი მიზანი ტერიტორიის დაპყრობა და რეჟიმის შეცვლა იყო. პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის აღიარებს. ამ დროს კი უკრაინის ოკუპირებულ ოლქებში რეფერენდუმისთვის ემზადებიან, შეუერთდნენ თუ არა რუსეთს. უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ვიზიტით კრემლის მაღალჩინოსნები ჩადიან, მათ შორის იყო კრემლის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო. კრემლი ოფიციალურად აცხადებს, რომ რეფერენდუმზე რუსეთთან შეერთების გადაწყვეტილება მოსახლეობამ უნდა მიიღოს, თუმცა ამბობენ, რომ ვიზიტისას კირიენკო ღიად უჭერდა მხარს რეფერენდუმის ჩატარებას.

რამდენიმე დღის წინ РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენელმა ადამ დელიმხანოვმა, რომელიც ჩეჩენ მებრძოლებს ხელმძღვანელობდა და მარიუპოლის დაკავებაშიც იღებდა მონაწილეობას, განაცხადა, რომ ეს შეტაკება იქამდე არ შეწყდება, სანამ უკრაინის სათავეში ვოლოდიმირ ზელენსკია.

უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინელები იქამდე იბრძოლებენ, ვიდრე გამარჯვებას არ მოიპოვებენ, ხოლო მშვიდობიანი მოლაპარაკებები მაშინ შედგება, თუ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიებიდან არმიას გაიყვანს.

პუტინი და პეტრე I

ის, რომ პეტრე I-ის 350 წლის იუბილეს იმისთვის გამოიყენებენ, რათა ვლადიმერ პუტინი საზოგადოებას დიდ მთავარსარდლად წარუდგინონ, ამის შესახებ უცხოური გამოცემები დიდი ხანია წერენ.

რამდენიმე დღის წინ პუტინი მულტიმედიურ გამოფენას დაესწრო, თემაზე: „პეტრე I - იმპერიის დაბადება“.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსი მაღალჩინოსნები პუტინის ქმედებებს ხშირად ადარებენ პეტრე პირველისას.

პეტრე პირველის ეპოქასა და უკრაინაში მიმდინარე ომს ერთმანეთს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ადარებდა სერგეი ნარიშკინი.

„პეტრე I-ის ერთ-ერთი, ყველაზე გრანდიოზული სამხედრო წარმატება პოლტავასთან ბრძოლაა. ვფიქრობ, ის, ალბათ, საფლავში გადაბრუნდებოდა, რომ გაეგო, სადამდე მიიყვანეს ეს მიწები სამი ათწლეულის განმავლობაში მამაცი ზაპოროჟიელების შთამომავლებმა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ისტორიაში პეტრე პირველი, მოგვიანებით იმპერატორად წოდებული, განიხილება, როგორც მმართველი, რომელმაც გააძლიერა რუსეთი. მისი საქმიანობის ერთ-ერთი შედეგი ბალტიის მთელი რიგი ტერიტორიების ანექსია გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა აზრით, პეტრე პირველმა ევროპის "ფანჯარა შეაღო" და ამით რუსეთში ევროპული გამოცდილება შევიდა, ახლა კი, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უამრავმა მსოფლიო დონის კომპანიამ უარი თქვა რუსეთში საქმიანობაზე. ამასთან, რუსეთისთვის დაწესებულ უამრავ სანქციასთან ერთად, შეწყდა დასავლეთში ავიამიმოსვლაც...

დასავლელი პოლიტიკოსები რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის კომენტირებისას აღნიშნავენ, რომ პუტინს სურს, ისტორიაში შევიდეს პოლიტიკოსად, რომელმაც ქვეყნის საზღვრები ძალისმიერი გზით გააფართოვა. რუსეთის პრეზიდენტი, რომელმაც, როგორც ჩანს, ბევრი ისტორიული ლიტერატურა წაიკითხა, ფიქრობს, შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც პეტრე I, ალექსანდრე I, ნაპოლეონი ან ბისმარკი...

(წყარო)