"ივანიშვილმა უნდა გაგვარკვიოს დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული ფრონტის ხაზის რომელ მხარეს ვართ" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილმა უნდა გაგვარკვიოს დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული ფრონტის ხაზის რომელ მხარეს ვართ"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს გია ხუ­ხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა ჩვენთვის საკმაოდ მძიმე რეზოლუცია მიიღო. ეს თემა ახლა ყველაზე განხილვადია. მასზე ბევრი აზრი გამოითქვა, მაგრამ, როგორც ჩანს, კიდევ მეტიც გამოითქმება.

თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუციას?

- ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ რაც მოხდა, კანონზომიერია, რადგან ბოლო პერიოდში ჩვენ ბევრ უცნაურობას ვაკვირდებოდით ხელისუფლების ქცევაში.

არადა, თითქოს ყველა თანხმდებოდა იმაში, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსების მიერ დაწყებულმა აგრესიამ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ისტორიულ შანსი გაუჩინა.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ამ მიმართულებით პოზიტიური ნაბიჯები გადაედგა, ჩვენ ხელისუფლებისგან ვისმენდით აბსოლუტურად უტიფარ რიტორიკას ცალკეული ევროპელი პარლამენტარების და ევროპის მიმართ. უკრაინაში და საერთოდ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოში ძალიან გააქტიურებული იყო რუსული პროპაგანდისტული ხაზი. ომის და მშვიდობის საკითხს დაუკავშირეს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა.

ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და ევროპული ინსტიტუტების კრიტიკამ სისტემური ხასიათი მიიღო. თუ ხელისუფლებას ადრე ჰქონდა ის არგუმენტი, რომ თუ ადრე მხოლოდ კრიტიკა ისმოდა ცალკეული ევროპარლამენტარების მიმართ, ისინი „ნაცების“ აგენტურად იყვნენ შერაცხილი, ახლა ეს არგუმენტი მათ აღარ აქვთ და მიიღეს სისტემური პრობლემა.

მაგრამ, ცუდი ისაა, რომ ეს პრობლემა უკვე არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის პრობლემად იქცა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე მხოლოდ ხელისუფლებას არ აზიანებს, აზიანებს სახელმწიფოს. ვიმეორებ, სამწუხარო რეალობაში ვართ და მოვლენათა ამგვარად განვითარების ავტორი ქვეყნის ხელისუფლებაა.

- რეზოლუცია ბევრი თვალსაზრისითაა საგულისხმო, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ რეალურად არსებობდა რეზოლუციის რამდენიმე ვარიანტი.

„ქართული ოცნების“ პარტნიორი ევროპელი სოციალისტების რეზოლუციის პროექტშიც კი არ წერია, რომ საქართველოს უნდა მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

რა უნდა ვიფიქროთ, მმართველმა გუნდმა თავის ევროპელ პარტნიორებთანაც კი არ იმუშავეს, თუ რაშია საქმე?

- ამაშია პრობლემა. მუშაობა პარტნიორებთან საჭიროა, მაგრამ მუშაობა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რაც გააძლიერებდა ქვეყნის პოზიციებს და დააჩქარებდა პროცესებს. შედეგი არ მიიღწევა მაშინ, როცა ერთი მიმართულებით უნდა იმოძრაო და რეალურად მეორე მიმართულებით მოძრაობ.

შესაძლოა ევროპელი სოციალისტები „ქართულ ოცნებას“ პარტნიორებადაც კი თვლიდნენ, მაგრამ, რომ ხედავენ საით მიდის ეს ხალხი, ბუნებრივია, რომ მათთვისაც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდის მოქმედება.

ბოლო თვეებში პრემიერისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები რომ ერთად შეკრიბო, მათში ცხადად ჩანს ანტიევროპული და ევროსკეპტიკური განწყობები. და ეს კეთდებოდა საკმაოდ ხშირად.

მეტიც, ამ თემაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები რუსული პროპაგანდისტული ტოკ-შოუებისთვის საჩუქრები იყო.

- როგორც მინიმუმ, გაუგებარი და გასაკვირი გახლდათ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება - „ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს“...

- საქართველოზე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე კობახიძის კომენტარი, რომ თურმე მას „ჩალის ფასი აქვს“, სხვა არაფერია თუ არა იმის თქმა, რომ საქართველოს მმართველ გუნდს არც ის აინტერესებს თუ რას ფიქრობენ ჩვენზე ქვეყნის პარტნიორები და თავად მათ არც ევროპული პერსპექტივა აინტერესებთ.

კობახიძის ეს განცხადება ასედაც შეიძლება იყოს გაგებული - ხელისუფლებას ევროპული ალტერნატივის გარდა, სხვა ალტერნატივაც აქვს.

ევროპარლამენტი ევროპული დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ასე საუბარი მართლაც გაუგებარია. და ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანას განცხადება აქვს შეტანილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

კობახიძის განცხადება, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს ნიშნავს იმას, რომ ასეთი განცხადების ავტორი თავხედია, ან ბრიყვი, ან იგი ეძებს მიზეზს, რომ აპირებს არა ევროპაში, არამედ სადღაც სხვაგან წასვლას. გააგრძელეთ კითხვა