"მიყვარს ჩოხა და ჯვრისწერაზე ჩავიცვამ, ჩემს მომავალ მეუღლეს კი ქართული ტრადიციული კაბა ეცმება" - ვინ არის საქართველოზე შეყვარებული ესპანელი ემბრიოლოგი - კვირის პალიტრა

"მიყვარს ჩოხა და ჯვრისწერაზე ჩავიცვამ, ჩემს მომავალ მეუღლეს კი ქართული ტრადიციული კაბა ეცმება" - ვინ არის საქართველოზე შეყვარებული ესპანელი ემბრიოლოგი

ესპანეთიდან საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული ახალგაზრდა ექიმი-ემბრიოლოგი, ხორდან გარსია ორგეტა საქართველოს ბუნებით და ჩვენი ქვეყნით ისე მოიხიბლა, რომ ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავს. უფრო მეტიც, მართლმადიდებლობით, საქართველოს წეს-ჩვეულებებით აღტაცებულმა თურმე გადაწყვიტა მართლმადიდებლად მონათლულიყო. ეს სურვილი მას მამა შალვა კეკელიამ აუსრულა და სწორედ მამა შალვა გახდა ესპანელი ბიჭის ნათლია.

ახლა მას ახალი გეგმები აქვს, ესპანელ გოგონაზე დაქორწინებას აპირებს და წყვილს ივლისში საქართველოში ქორწილი აქვს დაგეგმილი. ისინი ქართული ეროვნული სამოსით დაიწერენ ჯვარს ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში. ამისთვის სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ. ხორდან გარსია ორგეტას შემოვლილი აქვს მთელი საქართველო, ამბობს, რომ ყველაზე მეტად სვანეთის ბუნებამ აღაფრთოვანა. მისი რჩეულიც მოიხიბლა ჩვენი ქვეყნის სილამაზით და წყვილი ცხოვრებას აქ გეგმავს. ხორდან გარსია ორგეტა საქართველოდან 2020 წელს, პანდემიის დროს წავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, გული მაინც აქეთკენ მოუწევდა და როდესაც მეორედ მიიღო შემოთავაზება, დაუფიქრებლად დათანხმდა ამ წინადადებას. სამუშაოდ უკვე მეორედ ჩამოვიდა საქართველოში და ამჟამად ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში ემბრიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია.

- ბატონო ხორდან, გვიამბეთ თქვენზე.

- რა გითხრათ? ესპანეთში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან გიჟურად ვარ გატაცებული მეცნიერებით. სწავლა ესპანეთში დავასრულე და შემდეგ მუშაობა რეპროდუქციის მიმართულებით დამხმარე ასისტენტად დავიწყე, რადგან ყოველთვის მქონდა სურვილი შემესწავლა რას საქმიანობდა მთელი მსოფლიო ამ მიმართულებით და მალევე გავხდი უფროსი ემბრიოლოგი, შემდეგ საერთაშორისო აუდიტორი, რამაც საშუალება მომცა ჩავსულიყავი და მემუშავა ბევრ ქვეყანაში, მესწავლა მათი მეთოდოლოგია. რამდენიმე წლის წინ, ხშირად გადავდიოდი ჩინეთიდან ინდოეთში, მოსკოვიდან ფინეთში, კატარიდან მექსიკაში და ასე მივიღე შემოთავაზება საქართველოდანაც და ვთქვი, რატომაც არა?! ეს 2017 წელს იყო. იმ მომენტიდან საქართველოზე გავამახვილე ყურადღება IVF-ის (პროცედურა, რომლის დროსაც კვერცხუჯრედი ამოღებულია ქალის საკვერცხიდან და აერთიანებს სპერმას სხეულის გარეთ და ქმნის ემბრიონებს) სფეროს განვითარებისთვის და ევროპული სტანდარტების საქართველოში დანერგვისთვის. ორწელიწად ნახევარი ვიყავი საქართველოში და პანდემიის დროს წავედი აქედან. შემდეგ კიდევ ერთი შემოთავაზება მივიღე და ახლა აქ ვარ, ძალიან ბედნიერი, მზად ვარ საქართველოში IVF-ის განვითარებისთვის.

- როგორც ვიცით, შემოთავაზება ერთ-ერთი ცნობილი ქართული კლინიკისგან მიიღეთ…

- დიახ, საქართველოდან დაბრუნების შემდეგ სევილიაში ვმუშაობდი. ქართველი ექიმი დამიკავშირდა და ჩამოაყალიბა ახალი IVF-ის განყოფილება თავის კლინიკაში. საონტერესო პროფესიონალური ხედვა და დამოკიდებულება აქვს პროექტის მიმართ, ამიტომ მეც თავიდანვე დავიჯერე მისი წამოწყების. ჩვენ მალევე შევთანხმდით, რადგან ორივეს ერთი და იგივე რამ გვინდოდა და ძალიან გვაინტერესებდა ხარისხი და პროფესიონალიზმი.

- ამ მხრივ, როგორც ვიცით, დიდი გამოცდილება გაქვთ, ხომ ვერ გვეტყვით, რამდენ წყვილს დაეხმარეთ ოცნების ასრულებაში?

- ძნელი სათქმელია... უხეშად ვიტყოდი 3000 ესპანეთში და ახლა საქართველოში შეიძლება 800-მდე იყოს მთელი ამ ხნის განმავლობაში.

286751544-563832175313350-1648448017030000225-n-1654928328.jpg

- რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე საქართველომ?

- ახლა აქ ვარ. სამყაროში ბევრი ლამაზი ადგილია და მხოლოდ ამ ერთმა, საქართველომ მოახერხა ჩემი აქ შეჩერება.

- გვიამბეთ, რამდენი წელია საქართველოში ხართ და როგორია თქვენი ერთი დღე?

- პირველად 2017 წლის სექტემბერში ჩამოვედი და 2020 წლის მარტამდე აქ ვმუშაობდი. მერე წავედი და 2021 წლის სექტემბრიდან აქ ვარ, ჯერჯერობით არ ვიცი, როდემდე დავრჩები საქართველოში.

- ალბათ, ამ წლების განმავლობაში ბევრი ლამაზი ადგილი დაათვალიერეთ, რომელმა დატოვა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

- მართლაც ბევრი ადგილია, რომელმაც თავი შემაყვარა, საქართველოს ყველა რეგიონი მიყვარს, თუმცა სვანეთმა ჩემი გული სამუდამოდ დაიპყრო.

- როგორ მოგწონთ ქართული სამზარეულო და რას ანიჭებთ უპირატესობას?

- ჩემი პროფესიული ცხოვრების გამო (შეხვედრები პაციენტებთან, პარტნიორებთან, პროვაიდერებთან, კოლეგებთან), მე ვესტუმრე თითქმის ყველა რესტორანს... და ჩემი რჩეული კვლავ რჩება მეგრული ხაჭაპური და ხინკალი.

- როგორც გვითხრეს, საქართველო მოგწონთ და ჯვრის დაწერას აქ აპირებთ. გვითხარით, თქვენს რჩეულზე და იმაზეც, თუ როგორი იქნება თქვენი ქორწილი?

- ჩემს რჩეულს დაქორწინება აქ, საქართველოში შევთავაზე მაშინ, როდესაც ჩემს სანახავად იყო ჩამოსული. ის ახლა ესპანეთში ცხოვრობს. შეთავაზების შემდეგ, რა გასაკვირია, მან სწრაფად თქვა, დიახ და მაშინვე ვიფიქრე, რომ მშვენიერი იდეა იქნებოდა ამ დღის აღნიშვნა ჯერ საქართველოში, რადგან უკვე ნახევრად ქართველად ვგრძნობ თავს და ჩემი ყველა მეგობარი, კოლეგა და თანამშრომელი ამ ლამაზი ისტორიის ნაწილი გავხადო. ამის შემდეგ ესპანეთში, მეორედ აღვნიშნავთ ჩვენს ქორწინებას ჩვენს ოჯახებთან ერთად, რომლებიც საქართველოში ვერ ჩამოდიან.

- ისიც გავიგეთ, რომ საქართველოში მოინათლეთ, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვინ არის თქვენი ნათლია?

- დიახ მოვინათლე, როდესაც რაღაცას აკეთებ, სწორად უნდა გააკეთო. მე ყოველთვის უფრო ახლოს ვგრძნობდი თავს მართლმადიდებლებთან, ვიდრე კათოლიკეებთან, ამიტომ ვფიქრობდი, რომ ეს იყო შესანიშნავი მომენტი, ეს უნდა მომხდარიყო და ჩვენი ქორწილიც მართლმადიდებლურ ტაძარში გაგვემართა, როგორც ნებისმიერი სხვა ქართველი საქართველოში. ჩემი ნათლიაა მამა შალვა კეკელია და ეს ჩემთვის დიდი პატივია.

286731543-3099758456946608-3587915356337398585-n-1654928432.jpg

- ვიცით, რომ ქართული ჩოხა ძალიან მოგწონთ, ხომ არ ჩაიცვამთ ჩოხას ჯვრისწერაზე?

- დიახ, მიყვარს ჩოხა და ჩავიცვამ, ასევე ჩემს მომავალ მეუღლეს ქართული ტრადიციული კაბა ეცმევა, მას არ სურს ბევრი რამ მითხრას ქორწილზე, დეტალებს არ მიმხელს, ჩემი თანამშრომლები წყვეტენ მასთან ერთად და ისინი ეხმარებიან.

- რომელ ეკლესიაში გეგმავთ ჯვრისწერას?

- ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში და ჩემი ნათლია, მამა შალვა კეკელია დაგვწერს ჯვარს.

- თქვენს რჩეულს ალბათ საქართველო მოსწონს. აპირებთ აქ დარჩენას, თუ ესპანეთში წახვალთ?

- გეგმების მიხედვით. დიდი ხნით ვგეგმავ აქ დარჩენას და ჩემი მეუღლეც საქართველოში იქნება ჩემთან ერთად. ვფიქრობ, მშვენიერი ადგილია ცხოვრების ლამაზი ისტორიის შესაქმნელად.

- ქართულ ცეკვასაც სწავლობსო, მითხრეს, ამაზეც გვიამბეთ….

- უნდა ვაღიარო, ცეკვის ნიჭით ვერ დავიტრაბახებ, ჩემი თანამშრომლები მასწავლიან ცეკვას. ეჭვი მეპარება, რომ მოვახერხებ, თუმცა ვეცდები, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა გამოვა ამ ყველაფრისგან…

- სავარაუდოდ, ესპანეთიდან ელოდებით სტუმრებს?

- რადგან მეორე ქორწილს იქ ვგეგმავთ, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ველოდებით. უმეტესობას იქ შევხვდებით, სევილიაში.

- რამდენად ხშირად ჩადიხართ ესპანეთში და თქვენი რჩევით თქვენი მეგობრები თუ სტუმრობენ საქართველოს?

- ვცდილობ, რაც შეიძლება ხშირად ჩავიდე, მაგალითად, თვეში ერთხელ, ან ორ თვეში ერთხელ. მჯერა, რომ მე ვარ საქართველოს უძლიერესი ელჩი, რადგან გაუთავებლად ვლაპარაკობ იმაზე, თუ რამდენი საოცრების პოვნა შეუძლიათ მათ ამ ქვეყანაში. ჩემი რეკომენდაციით, უკვე ბევრი ადამიანი ეწვია საქართველოს.

- და რას ეტყოდით ქართველებს?

- ვეტყოდი, რომ შესანიშნავი ქვეყანა გაქვთ და იბრძოლეთ მისი განვითარებისთვის, ვეტყოდი, რომ არ იფიქრონ ამ ქვეყნის დატოვებაზე, რადგან საქართველოს სჭირდება ნიჭიერი ხალხი, რათა უკეთესი მომავალი ჰქონდეს.

ვისურვებდი, რომ მომავალში, ქართველებს უფრო ახლო კავშირი ჰქონდეს ევროკავშირთან. ქვეყანამ უნდა მიიღოს საჭირო თანხები მეტი ინფრასტრუქტურისა და მეტი ბიზნესის განვითარებისთვის, რათა ყველა ქართველს, ვისაც აქ დარჩენა სურს, ისე სურდეს დარჩენა, როგორც ეს ჩემს სამშობლოში სურდათ მრავალი წლის წინ.

- კიდევ რაიმეს თქმა ხომ არ გსურთ?

- დავძენდი იმას, რომ თავიდანვე, აქ თავს ყოველთვის მნიშვნელოვნად და დადებითად ვგრძნობდი. ხალხი მეგობრულია, საჭმელი საოცარია, მიყვარს ეს ამინდი და პეიზაჟი ძნელად დასავიწყებელია.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)

ტექსტი ინგლისურიდან თარგმნა ჟურნალისტმა ელენე მეტრეველმა