"ბევრი პრობლემების გასაღები ივანიშვილის ხელშია..." - კვირის პალიტრა

"ბევრი პრობლემების გასაღები ივანიშვილის ხელშია..."

სხვანაირი გაგება შეუძლებელია ამდაგვარი განცხადების გარდა იმისა, რომ "ოცნება“ სულ უფრო და უფრო მეტად აჩვენებს თავის თავგზააბნეულობას და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გადახვევას, - ასე ეხმაურება "ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას, რომ „თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას“.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, აღნიშნული განცხადების გაჟღერება არის თუ არა დიმიტრი ხუნდაძის პერსონალური გადაწყვეტილება „გამორიცხულია იყოს დიდ აცდენაში სახელისუფლებო გუნდში მიმდინარე საუბრებთან, განხილვებთან, დამოკიდებულებებთან“.

„მარჩიელობა იმის თაობაზე, ეს არის დიმიტრი ხუნდაძის ინდივიდუალური მოსაზრება თუ ესაა ერთიანი გუნდური შეთანხმება და სხვადასხვა ხალხი ახმოვანებს, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. კონკრეტულად დიმიტრი ხუნდაძეს ძალიან კარგად ვიცნობ და არანაირად არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მისი პერსონალური გადაწყვეტილება, როდესაც მან იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა რაღაც ასეთი, წავიდა და გააკეთა. მას მსგავსი პოზიციონირება უწინ ჩემი თანდასწრებით გაუკეთებია და შეიძლება დღესაც გააკეთოს, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს არის დიმიტრი ხუნდაძის პერსონალური გადაწყვეტილება, გამორიცხულია, რომ ეს ინიციატივა თუ გაჟღერება ამ პოზიციის იყოს დიდ აცდენაში სახელისუფლებო გუნდში მიმდინარე საუბრებთან, განხილვებთან, დამოკიდებულებებთან და ა.შ. დიმიტრი ხუნდაძე „ოცნების“ დაფუძნებიდან დღემდე არის ამ გუნდში და რაღაც პრინციპულად განსხვავებულს არ იტყოდა და ვერ იტყოდა.

"ქართული ოცნების“ მთელი განცხადებების კასკადი სხვა არაფერია თუ არა ის, რასაც ხუნდაძე ამბობს, ხუნდაძე უბრალოდ ასეთი კაცია, პირდაპირი კაცია და სხვები რასაც ფერუმარილით ლაპარაკობენ, თქვა მან პირდაპირ და ღიად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ დიმიტრი ხუნდაძის პოზიციას გაიზიარებს, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის 80%-ის წინააღმდეგ წასვლა და ასევე, „ეს იქნება უკვე იურიდიული პრობლემაც პოლიტიკურ პრობლემასთან ერთად“.

„თუ ეს იქნა ხელისუფლების მხრიდან გაზიარებული, რიტორიკის დონეზეც და მოქმედებების დონეზეც, აქ საქმე გვექნება მინიმუმ ორ ძალიან მნიშვნელოვან თემასთან, პირველი, რომ ხელისუფლება მისი მოსახლეობის 80%-ის ნების საწინააღმდეგოდ იმიტომ, რომ ის 80% როცა ამბობს, რომ ევროკავშირი გვინდა, ლაპარაკობს იმ ევროკავშირზე როგორიც არის, რომელიც ძალიან მკაფიო და მტკიცეა. იმ ხალხს აქვს უფლება გითხრას, მე ასეთი ვარ, მედიის შეზღუდვას ვერ ვიტან, პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ვერ დავუშვებ, ვერ დავუშვებ, რომ ქუჩაში ასე ძალადობდნენ. ევროპა გვეუბნება, რომ ამ სტანდარტს თუ დაიცავთ, კი ბატონო, მობრძანდით. თუ ხუნდაძემ, კობახიძემ თუ სხვა, ახლა აღმოაჩინეს ეს სტანდარტები, ეს მათი პრობლემაა. მეორე, თავად ჩაწერეს კონსტიტუციაში, რომ ყველა სახელმწიფო ორგანოს, მათ შორის პარლამენტის, მთავრობის ვალდებულებაა, ყველაფერი გააკეთოს საქართველოს დაჩქარებული ევროინტეგრაციისთვის, თუ ამ დაჩქარების ნაცვლად შეანელებენ, ეს იქნება უკვე იურიდიული პრობლემაც პოლიტიკურ პრობლემასთან ერთად“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, თუ რამდენად ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარების გამო ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს გაუშვებს, დავით უსუფაშვილი პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილს „თითქმის აღარ აქვს სათადარიგო სკამი“.

„ძალიან ბევრ საკითხში პრობლემების გასაღები ცხადია ივანიშვილის ხელშია, მაგრამ ერთ რამეში კი უნდა "თანავუგრძნოთ“ მას, ძალიან პატარა სათადარიგო სკამი აქვს, თითქმის აღარ აქვს სათადარიგო სკამი, კარგი, გაუშვებს ამ ირაკლის, მაგრამ ვის მოიყვანს? სად ჰყავს სამი გიორგი ან სამი ვახტანგი, რომ იმათ ჩააბაროს ეს ამბები? ამიტომ არ არის მარტივ დღეში, თუმცა თუ გაიაზრებს იმას, რომ ეს არ არის მისი პერსონალური საკითხი, ეს არც "ქართული ოცნების“ საკითხია, ეს სახელმწიფოს საკითხია და სახელმწიფოში ბევრია ადამიანი, ვისაც უკეთესი მინისტრობა შეუძლია, უკეთესი ელჩობა შეუძლია და თუ გამოვა ამ ნაჭუჭიდან, რომელშიც ჩაიკეტა, მაშინ არჩევანი აქვს. ხალხი, რომლებმაც გულმკერდი გადაიღეღეს და თქვეს, რომ "მხოლოდ ჩვენი გვამის შემდეგ, როგორ მიგიშვებთ ბიძინასთან“, ასეთი ხალხის იმედად თუ წარმოუდგენია ხვალინდელი დღე, მაშინ არჩევანი არ აქვს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიულ სამყაროსთან აღარ მიესვლება.

"პრობლემა იმაშია, რომ ევროპაში და დემოკრატიულ სამყაროში მათ აღარ მიესვლებათ და ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ პრემიერ ღარიბაშვილს მათთან აღარ მიესვლებოდა იმიტომ, რომ პირველი პრემიერობის დროს მან ეს მოახერხა უკვე. პრემიერი იმიტომ აღარ იყო, რომ მან ეს გააფუჭა უკვე, იცოდა, რომ ამის უნარი ჰქონდა, მაგრამ დააბრუნა იმ ადგილზე შიდა პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად იმ სეგმენტზე გასასვლელად, რომლის იმედადღაა არჩევნებზე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"