უკრაინის არმიაში იმდენ ქალს უმსახურია, რამდენიც მთლიანად ქართული ჯარია... - კვირის პალიტრა

უკრაინის არმიაში იმდენ ქალს უმსახურია, რამდენიც მთლიანად ქართული ჯარია...

გენდერული თანასწორობა 21-ე საუკუნის განუყოფელი ნაწილია და დღეს აღარავის უკვირს ატომური წყალქვეშა ნავსა თუ სტრატეგიულ ბომბდამშენს ქალი როდესაც მეთაურობს. ეს კი არა, ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების თავდაცვის მინისტრის პოსტები ეკავათ ან ეხლაც უკავიათ ქალებს, თუმცა ამ მხრივ ქართველებმა მგონი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დავასწარით კიდეც, როდესაც ჯერ კიდევ 2015 წლის 1-ელ მაისს თავდაცვის სამინისტრო თინა ხიდაშელს ჩავაბარეთ, მერე რა რომ მხოლოდ 14 თვით...

მაგრამ მიუხედავად ზემოთქმულისა, მაინც, ერთგვარ მოულოდნელობად აღიქმება უკრაინის პრეზიდენტის მეუღლის, უკრაინის „პირველი ლედის“-ოლენა ზელენსკას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს უკრაინის არმიაში 37 ათასი ქალი მსახურობს...

a123262d-f172c03bc1729b65535f6ba5c51ff39d-1654952517.jpg

ეს ციფრი იმიტომ მომხვდა ყურში, რომ რამდენიმე წელია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის საშტატო რაოდენობა სწორედ ამ ციფრით -37 ათასი სამხედრო მოსამსახურითაა განსაზღვრული, თუმცა თავდაცვის ძალების რეალური რიცხოვნობა, რა თქმა უნდა, ნაკლებია, რადგან ყველა შტატი დაკავებული არ არის.

გამოდის, რომ უკრაინის არმიაში, მარტო ქართული ჯარის ოდენობის ქალი მსახურობს და მათი რიცხვი, ეტყობა, მალე კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან რუს დამპყრობლებთან უთანასწორო ბრძოლაში მებრძოლ უკრაინელებს მუდმივად სჭირდებათ არმიის საბრძოლო დანაკარგების შევსება და შეიარაღებული ძალების საერთო რიცხვის კიდევ უფრო გაზრდა.

amgobd4-460s-1654952517.jpg

უკრაინაში საერთაშორისო სამხედრო სწავლებებში არაერთხელ მონაწილეობის პერიოდში, ბუნებრივია, მქონია შეხვედრები უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურეებთან, როგორც კაცებთან, ისე ქალებთან და მაშინ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ქალი სამხედრო მოსამსახურეები, ზოგიერთ კაც კოლეგაზე უფრო დისციპლინირებულებიც კი ჩანდნენ და სამხედრო ფორმას წესდების დარღვევის გარეშე ატარებდნენ.

ქალების რიცხვის ზრდა უკრაინის არმიაში 2014 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და მათ განვლილ რვა წელში დონბასში პოზიციური ომის სანგრების ტალახიც ზილეს და დებალცოვოს „ტომრის“ საშინელებებიც თავის თავზე გადაიტანეს.

64814de46c099abe10736679a63f4f23-1654952517.jpg

ახლა კი, როდესაც, უკრაინა ფართომასშტაბიან ომში ცდილობს რაშიტების ურდოების შეკავებას, კიდევ ათასობით უკრაინელმა (და არა მარტო, რადგან უცხოელ მოხალისეებს შორის ქართველი გოგონებიც კი არიან) ქალმა ჩაიცვა სამხედრო ფორმა და ხელში ავტომატი აიღო, თუმცა, გასაგებია, ყველა წინა ხაზზე არ იბრძვის-ომს ზურგიც სჭირდება, ხოლო გაუმართავი ლოჯისტიკა კი ბრძოლის წაგების წინაპირობაა.

უკრაინის „პირველი ლედის“ თქმით, უკრაინელი სამხედრო ქალების მთელი ამხელა „ჯარიდან“ ათასს ქალს სხვადასხვა დონის მეთაურის თანამდებობა უკავია არმიაში, რაც მათი სამახურებრივ კარიერაში წინსვლის შესაძლებლობაზე მიუთითებს.

ერთი ცნობილი უკრაინელი ქალი, რომელიც მანამდე არმიის დახმარებით იყო ცნობილი, საერთოდ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის „სტუგნას“ პულტს მიუჯდა და უკვე მიითვლა რამდენიმე აფეთქებული რაშისტული ტანკი...

5823-female-soldiers-in-ukraine-army-1654952517.jpg

სხვათაშორის, ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბრის ბოლოს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ორი თვით ადრე, უკრაინის ხელისუფლებამ ასამდე სხვადასხვა სპეციალობის ქალი სამხედრო ვალდებული გახადა, ანუ 18-დან 60 წლამდე ასაკის ქალები, რომლებსაც იურისტის, ბიბლიოთეკარის, ჟურნალისტის თუ მსახიობის პროფესია ჰქონდათ, სამხედრო აღრიცხვაზე დგებოდნენ და საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, შეიძლება სამხედრო სამსახურში გაეწვიათ.

6890e0e205dc1880e91727c67db2c685-1654952517.jpg

მაშინ ამ გადაწყვეტილებამ საკმაო ხამური და უკმაყოფილება გამოიწვია უკრაინაში, მაგრამ რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ბევრმა ქალმა თავად აატალახა სამხედრო კომისარიატების ზღურბლი-მოქმედ არმიაში თუ არ მიწვევთ, ტერიტორიული თავდაცვის ძალებში მაინც აუცილებლად გამაწევრიანეთ, რომ ჩემი უბანი და ქალაქი დავიცვა რაშიტებისგანო...

უკრაინელი ქალების მებრძოლი სული კაცებისაზე არანაკლებია და იმ საშინელებების შემდეგ, რაც რაშიტებმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩაიდინეს, მათ შორის ქალების მიმართ, უკრაინელი ქალები მტერს ყოველთვის შეებრძოლებიან...