"მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო" - რას ამბობს თეა წულუკიანი პრეზიდენტზე - კვირის პალიტრა

"მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო" - რას ამბობს თეა წულუკიანი პრეზიდენტზე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს სიმბოლური ფუნქცია აქვს და უნდა გაიაზროს, რას ნიშნავს ეს.

ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომ საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე საქართველოს მთავრობისგან უარი მიიღო.

„საქართველოს მთავრობა კონსტიტუციით საგარეო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციით სიმბოლური ფუნქცია აქვს. სიმბოლური ფუნქცია არ ნიშნავს ფუნქციის უქონლობას. სწორედ სიმბოლოებია ხოლმე ჩვენი ერის ცხოვრებაში ხშირად გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ მოცემულმა სიმბოლომ კარგად გაიაზროს, რას ნიშნავს იყო სიმბოლო, რას ნიშნავს გქონდეს სიმბოლური როლი და რას ნიშნავს, იყო ხელისუფლების სამი სხვა შტოს შუაგულში იმისთვის, რომ მოიპოვო ქართველი ერის ნდობა. ქართველი ერის ნდობის მოპოვება ადვილი არ არის. ამას სჭირდება შრომა, პრეზიდენტმაც ბევრი უნდა იშრომოს როგორც ჩვენ, რომ ჰქონდეს და შეინარჩუნოს ეს ნდობა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საქართველოს პოზიციების დასაცავად გეგმავდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლას, თუმცა მთავრობისგან მიიღო პასუხი, რომ „უკვე ყველაფერი გააკეთეს“.